სარჩევი
2023 თებ 26, 16:39 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულარული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ, ბოსტონ სელტიკსსა და ფილადელფია სიქსერს შორის.

MVP-ის ორი კანდიდატი – ჯოელ ემბიდი და ჯეისონ ტეიტუმი ერთმანეთის პირისპირ. ფინალი ისეთი დრამატული გამოდგა, როგორც ამ მოთამაშეების დუელს შეეფერებოდა.

ბოსტონმა 110:107 გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე წამნახევრით ადრე ტეიტუმმა სამქულიანი ჩააგდო და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ დიდმა ჯოელმა ბურთი სწრაფად მოითხოვა, ორი ნაბიჯი გადადგა და თავისი ნახევრიდან ისროლა…

იყო რამდენიმე წამი აღტაცებასა და გულისტკივილს შორის.

თავად ემბიდმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ დროს ვერ აჯობა, ტაბლოზე ნული ეწერა, როცა ბურთი ემბიდის ხელს მოსწყდა.

არ ჩაითვალა, თუმცა, დრამა გვაჩუქა.

გმირი ტეიტუმი გახდა. საუკეთესო ალბათ მაინც ემბიდი იყო.

ჯოელმა ორმაგი დუბლი მიითვალა. 40 წუთში 41 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ბლოკი დააგროვა.

ჰარდენის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრაა. წვერამ 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

მატჩის გმირმაც ორმაგი დუბლი მიითვალა, – 18 ქულა და 13 მოხსნა ტეიტუმის ანგარიშზე. პლუს 6 ასისტი და 1 ბლოკი. ჯეისონმა 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, მათ შორის ერთი გამარჯვების მომტანი.

ჯეილენ ბრაუნმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა. ფილადელფია მესამეა.

მემფისი vs დენვერი

ჯა მორანტის მემფისმა ჯოკერის დენვერი 112:94 დაამარცხა.

იოკიჩმა ამჯერად სამმაგი ვერა, მაგრამ ორმაგი დუბლი შეასრულა. მისთვის ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა.

15 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი – ასეთია ჯოკერის მონაგარი.

ჯა მორანტი კი მძიმე ტრავმას გადაურჩა. ერთ-ერთ ეპიზოდში თავისებურად აფრინდა, ჩატენა და დაშვების დროს ისე უშნოდ დაეცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ უვნებელი გადარჩებოდა, მაგრამ სუსტი სახსრები და სიგამხდრე ამაში ძალიან წაადგა. თორემ, წარმოიდგინეთ აბა, ზაიონი, რომ ასე დაშვებულიყო.. ნაწილებად გახდებოდა ასაკრეფი.

23 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა – ასეთია ჯა მორანტის მონაგარი.

დენვერი დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზეა, მეორეზე მემფისელი დათვები არიან.

გოგას დებიუტი

ორლანდო ინდიანასთან დამარცხდა – 108:121.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგა გოგა ბითაძის დებიუტი. გოგას 9 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე ექვსი ქულა, ექვსი მოხსნა და ერთი ასისტი მიითვალა. გოგამ 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ორლანდოს შემადგენლობაში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა ფრანც ვაგნერმა.

ინდიანას შემადგენლობაში კი ტრადიციულად გამოირჩა მაილს ტერნერი – 24 ქულა, 8 მოხსნა და ერთი ასისტია მის ანგარიშზე.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი – მაიამი 108:103
  • ნიქსი – პელიკანსი 128:106
  • იუტა – სან ანტონიო 118:102