სარჩევი
2024 თებ 12, 11:36 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, ერთი გუშინ ღამით, მეორე კი დღეს გამთენიისას. ოკლაჰომა სიტი საკრამენტო კინგსს შეხვდა, მაიამი ჰიტი კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ – ბოსტონ სელტიკსს.

ოკლაჰომას წლევანდელი MVP-ის პრეტენდენტი ჰყავს, შაი გილჯეს-ალექსანდერს დიდებული სეზონი აქვს, აჩვენებს იმას, რასაც სხვა მოთამაშეებისგან ელოდნენ, მაგალითად, ჯა მორანტისგან, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს, ან, ზაიონ უილიამსონისგან, რომელიც ჯერჯერობით მძიმე ტრავმების გარეშე აგრძელებს თამაშს, მაგრამ ფაქტია – ვერ ბრწყინავს ისე, როგორც ელოდნენ.

საკრამენტო კინგსი vs ოკლაჰომა სიტი

დომანტას საბონისმა კარიერაში 49-ე, ამ სეზონში კი მეთექვსმეტე სამმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 11 მოხსნა, 14 ასისტი. მიუხედავად ამისა, საკრამენტო მაინც დამარცხდა.

ვერ ჰქონდა კარგი თამაში დე’არონ ფოქსს, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 5 ასისტია. მეტწილად სწორედ ფოქსის ინერტულობამ განაპირობა საკრამენტოს მარცხი, თუმცა, ფავორიტი ისედაც ოკლაჰომა იყო.

შაის გუნდმა 127:113 მოიგო.

გოლჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე 38 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 4-დან 3 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, FG – 15/26.

ოკლაჰომა (36/17) დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ჩამორცება მინესოტასა და კლიპერსს, უსწრებს დენვერ ნაგეთსს. შემდეგ შეხვედრას ორლანდო მეჯიქთან გამართავენ.

საკრამენტო (30/22) დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე საფეხურზეა, მომდევნო შეხვედრა ფინიქს სანსთან არის ჩანიშნული.

მაიამი ჰიტი vs ბოსტონ სელტიკსი

ბოსტონ სელტიკსმა მორიგი თამაში მოიგო. ამჯერად ჯიმი ბატლერის გარეშე მოთამაშე მაიამი ჰიტთან. მაიამი ისეთი გუნდია, როგორიც ბატლერი მოთამაშე, პლეი-ოფებში გამოიღვიძებს ხოლმე, ოღონდ ეგ არის, საქმე არ უნდა გაირთულოს და როგორმე შეძვრეს მთავარ ეტაპზე.

ითამაშა ბემ ადებაიომ – 22 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი.

24 ქულა დააგროვა ტაილერ ჰირომ, 12-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

ბოსტონმა 110:106 მოიგო. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ბოლო წუთები დაძაბული იყო. სელტიკსს ჰქონდა უპირატესონა და მაიამიმ რაც შეძლო ის იყო რომ ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა, რასაც ბოსტონისთვის დიდი საფრთხე არ შეუქმნია.

სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა ჯეისონ ტეიტუმს – 26 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ბლოკი. 6-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა, FG – 11:20.

ბოსტონი (41:11) აღმოსავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას ბრუკლინ ნეტსთან გამართავს.

მაიამი (28:25) მერვე ადგილზეა და 14 თებერვალს მილუოკ ბაქსთან ითამაშებს, 15 თებერვალს კი ფილადელფია სიქსერთან.