სარჩევი
2024 ივნ 10, 14:10 შშ
2 წუთის საკითხავი

ბოსტონმა მეორე შეხვედრაც მოგებით დაასრულა. ამჯერად ნაკლები უპირატესობით, 105:98 მოიგეს. თუმცა, თავდაჯერება მაინც არ აკლდათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სელტიკსის მთავარი უპირატესობა, გარდა ორი მთავარი ვარსკვლავისა, არიან მოთამაშეები, რომელთაც ლიდერობის აღება შეუძლიათ საკუთარ თავზე, საბოლოოდ კი სუპერგუნდის ეფექტი გვაქვს.

წინა შეხვედრაში თუ პორზინგისი გამოირჩა, რომელმაც ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა Game 1 – ის მოგებაში, ამჯერად ჯრუ იყო ბრწყინვალე. პორზინგისმა კი დაზიანება მიიღო და პარკეტი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმის დაზიანება აქვს.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოიგეს – 25:28
მეორე მეოთხედი – 29:23
მესამე მეოთხედი – 29:23
მეოთხე მეოთხედი – 22:24

ბოსტონმა დალასი მაინც გატეხა

დალასმა პირველი ნახევარი მოიგო, მეორეში კი ისედაც მცირე უპირატესობა გაფლანგა, უკვე ბოსტონი აღმოჩნდა სამი ქულით წინ. გადამწყვეტი კი მაინც მესამე მეოთხედი იყო სადაც ბოსტონის უპირატესობა 6 ქულით გაიზარდა, მერე კი ამ ყველაფერს პრიჩარდის ბაზერბითერი მოჰყვა, თავისივე ნახევრიდან გაუშვა ბურთი და მავერიქსს სამქულიანი ბოლო მეოთხედში გაატანა – 83:74.

დალასს კი არ ეყო რესურსი შეხვედრის მოსატრიალებლად. ლუკა დონჩიჩი მარტო ცდილობდა თამაშში გარდატეხის შეტანას, ამჯერად ვერ აუბა მხარი კაირიმ. მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. საერთოდ, პირველ ორ შეხვედრაში კაირი ირვინგი ძალიან ცუდი იყო, ასე რომ, პირველ რიგში, მისგან ელიან გამოცოცხლებას.

ბოსტონმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ახლა ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ სელტიკსს შეუძლია 4:0 იც კი დაასრულოს სერია. მათგან გასაკვირი არაფერი იქნება.

სტატისტიკა

ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 26 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/14.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/15.

ჯეისონ ტეიტუმს ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/22.

კაირი ირვინგის ანგარიშზე 16 ქულა, 2 მოხსნა და 6 ასისტია. 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 7/18.

ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 32 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი და 4 ჩაჭრა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/21.

სად ვუყუროთ?

ბოსტონ სელტიკსსა და დალას მავერიქსს შორის Game 3 13 ივნისს, თბილისის დროით 04:30 ზე გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Setantasports.com-ი წარმოგიდგენთ.