სარჩევი
2024 ივნ 07, 15:08 შშ
3 წუთის საკითხავი

სუპერფინალიც გაიხსნა – TD გარდენზე ბოსტონ სელტიკსმა დალას მავერიქსს უმასპინძლა და Game 1 მოგებით დაასრულა – 107:89. მთავარი თემა კრისტაპს პორზინგისის დაბრუნება გახდა, რომელმაც მთელი საპლეიოფო სერია გამოტოვა.

პორზინგისის ფაქტორი

გვქონდა ერთი დიდი კითხვის ნიშანი – რა ფორმაში დაბრუნდებოდა ლატვიელი, იქნებოდა თუ არა ისევ ისეთი სასარგებლო, როგორც რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას იყო, ეყოფოდა თუ არა სიმძლავრე სუპერფინალისთვის.

ისმოდა სხვადასხვა მოსაზრებები, მეტწილად წინააღმდეგობრივი, მაგრამ ის რაც Game 1-ში ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პორზინგისი იყო მონსტრი! როგორც საკუთარ, ისე მეტოქის ფარზე. პირველ მეოთხედში ისე დომინანტურად ითამაშა, რომ თითქოს მაშინვე გადაწყდა შეხვედრის ბედი.

ბოსტონს არც მეორე მეოთხედში დაუკლია და საბოლოოდ, პირველი ნახევრის მერე 21 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. დალასი კი წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს ორი კაცის გუნდია, და თუ ერთ-ერთს კეტავ უკვე ძალიან იზრდება შენი შანსი, თუ ორივეს კეტავ, მაშინ უეჭველად მოგებული გაქვს.

ცუდი შეხვედრა ჰქონდა კაირი ირვინგს. მხოლოდ სტატისტიკაზე არ არის საქმე, კაირი თავისივე თავის აჩრდილი იყო. ვერაფერი ვნახეთ მისგან რასაც სუპერფინალში ველოდით, თუმცა, ჯერ Game 1 ია მხოლოდ და ყველაფერი წინ არის.

მესამე მეოთხედი – 23:24 დასრულდა დალასის სასარგებლოდ.
მეოთხე მეოთხედი – 21:23. სულ ეს იყო რაც დალასმა შეძლო. 21 ქულა, რა თქმა უნდა, ვერ აღმოიფხვრა.

სტატისტიკა

  • კრისტაპს პორზინგისის ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 ბლოკია. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/13.
  • ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკი. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/16.
  • ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა და 3 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/12.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 5-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 6/19.
  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 30 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/26.

კომენტარები

“დიდი ხნის განმავლობაში უთამაშებელი ვიყავი, ფიზიკურად ვერა, თუმცა, მენტალურად ვემზადებოდი და ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. ასეთ მხარდაჭერას არ ველოდი, ჩემს ვენებში ადრენალინი ჩქეფდა. გვქონდა მიზანი რომ Game 1 მოგვეგო და ეს დავალება შევასრულეთ”, – თქვა პრესკონფერენციაზე პორზინგისმა.

“კრისტაპსის დაბრუნება ძალიან დაგვეხმარა. ის იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყავით საუკეთესოები რეგულარულ სეზონში. ახლა მივიღეთ ძალიან ძლიერი მოთამაშე ფარზე და მივიღეთ კიდევ ერთი მსროლელი, რომელსაც ქულების მოტანა შეუძლია”, – ეს კი უკვე ჯეილენ ბრაუნის სიტყვებია.

ბოსტონ სელტიკსი vs დალას მავერიქსი – სად ვუყუროთ Game 2-ს?

სუპერფინალის Game 2-ის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.

შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 04:00 ზე გაიმართება.