როგორც მოსალოდნელი იყო ბოსტონ სელტიკსმა მეორე შეხვედრაც მოიგო და ინდიანაში გამგზავრების წინ კარგი უპირატესობაც შეიქმნა. პეისერსს ძალიან გაუჭირდება სერიაში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ რესურსიც და პოტენციალიც იმისა რომ როგორც მინიმუმ ერთი შეხვედრა მოიგონ, მერე კი იქნებ იღბალმაც გააკეთოს მათი საქმე.
სელტიკსი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა მეტწილად თანაბარი და იქაც ჩანდა რომ ბოსტონი აუცილებლად მოუმატებდა. როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ ბოსტონს გეიმ ორის თამაში უფრო გაუმარტივდებოდა, რადგან ინდიანა განვლილი გზიდან გამომდინარე გეიმ ერთს უკეთეს ტონუსში შეხვდა, სელტიკსს კი პირველ შეხვედრაში მოუწია სხვა სისწრაფეებზე გადართვა, რადგან, იქამდე გაცილებით მარტივად გამოსდიოდათ ბევრი რამ. ასეც მოხდა. სელტიკსი გადაერთო. და საერთოდ არ იქნება გასაკვირი თუ ინდიანაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ, რადგან ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია.
ჯეილენ ბრაუნის ბენეფისი
პირველ მეოთხედს მოთელვითი ხასიათი ჰქონდა და ინდიანამ წაიღო – 27:25 მათ სასარგებლოდ. დანარჩენ სამ მეოთხედში სელტიკსი უკეთესი იყო, თანაც, ყველაფერში. შესაძლოა არც აისახა ანგარიშზე ისე, როგორც შეიძლებოდა რომ ასახულიყო.
32:24, 36:29, 33:30 – ასე მოიგო ბოლო სამი მეოთხედი ბოსტონ სელტიკსმა. მთავარი გმირი კი ამჯერადაც ჯეილენ ბრაუნია. წინა შეხვედრაში თუ მისი წყალობით გადავიდა თამაში ოვერტაიმში, ამჯერად 40 ქულას მოუყარა თავი. კონფერენციის ფინალში ბოსტონის ყველაზე მაღალქულიან მოთამაშეებში უკვე მეორედ მოხვდა, სია კი ასეთია:
1965 – სემ ჯონსი, 40 ქულა;
2022 – ჯეილენ ბრაუნი, 40 ქულა;
2024 – ჯეილენ ბრაუნი, 40 ქულა;
2012 – რაჯონ რონდო, 44 ქულა;
1963 – სემ ჯონსი, 47 ქულა;
ასეთი კაცია ჯეილენ ბრაუნი, რომელსაც ჩუმ ლიდერსაც უწოდებენ ხოლმე, ჩურჩულით საუბრობენ ამის შესახებ, ჯეისონ ტეიტუმს რომ გული არ დაწყდეს. აგერ, ფინალებში უკვე მეორედ იქცა გმირად და იმდენი ქულა ჩააგდო რამდენიც ორი წლის წინ ამავე ეტაპზე.
- ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 40 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, FG – 14/27.
- ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/20.
- ორმაგი დუბლი შეასრულა ჯრუ ჰოლიდეიმ – 15 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/7.
- პასკალ სიაკამის ანგარიშზე 28 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტია. 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/17.
- მაილს ტერნერის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 3/7. გამოდის რომ მაილს ტერნერმა თამაშიდან მხოლოდ 7-ჯერ ესროლა და აქიდან 4 სამქულიანი იყო. ასეთ თამაშში, ასეთი მოთამაშისთვის, ეს ძალიან ცოტაა.
- ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე 10 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/8.
სად ვუყუროთ?
ხვალ, 25 მაისს, გამთენიისას, თბილისის დროით 04:30 ზე მინესოტა ტიმბერვულვზსა და დალას მავერიქსს შორის გაიმ ორი გაიმართება. შეხვედრას Setantasports.com-ზე იხილავთ.