სარჩევი
2024 ივნ 13, 15:23 შშ
3 წუთის საკითხავი

ბოსტონ სელტიკსმა დალასშიც შეძლო მოგება და მავერიქსს წარმატების მიღწევის სულ მცირე შანსი დაუტოვა, თუმცა, არა მგონია ვინმეს მაინც სჯეროდეს ამის, თუნდაც, თავგადაკლულ ქომაგებს.

რაც მთავარია, დიდი რწმენა ალბათ აღარც ლუკა დონჩიჩს შერჩა და აღარც კაირი ირვინგს. უბრალოდ, ბოსტონი უფრო კარგად დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია. არც ვარსკვლავები აკლიათ და არც გუნდურობა.

მე პირადად ლუკასა და კაირის დუეტის ყურება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ტეიტუმისა და ბრაუნის, თუმცა, ფინალს ის არ იგებს ვინც უფრო ლამაზად თამაშობს, ფინალს უბრალოდ უკეთესი გუნდი იგებს.

რეგულარულში დასავლეთ კონფერენცია გაცილებით სანახაობრივია, უფრო კონკურენტული, უფრო დაძაბული, აღმოსავლეთში სამი კარგი გუნდი იყო, რომელთაც ჩემპიონობისთვის შეეძლოთ ბრძოლა, მაგრამ ლიდერების ტრავმებმა ყველაფერი შეცვალა. დარჩა ბოსტონი მარტო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ცალი ფეხით (ან ხელით) იგებენ ჩემპიონატს.

მესამე მეოთხედი – ბოსტონი გაიქცა

ბოსტონს სელტიკსს პორზინგისი გამოაკლდა, პირველ ორ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ფინალებში ასეთი მოთამაშის გამოკლება დიდი დანაკლისია და თითქოს იდეალური დრო იყო დალასს ერთი თამაში მოეგო.

ძალიან თანაბარი პირველი ნახევარი გვქონდა. პირველი მეოთხედი 31:30 მოიგო დალას მავერიქსმა. მეორე მეოთხედი 20:20 დასრულდა. როგორც იქნა ვნახეთ გამოფხიზლებული კაირი ირვინგი და ძალიან დამთრგუნველია იმის გააზრება, რომ კარგად ათამაშებული კაირის პირობებშიც, ძალიან უსუსური იყო დალასი მესამე მეოთხედის გადამწყვეტ ეპიზოდებში.

მესამე მეოთხედში ჯეილენ ბრაუნმა ყველა დაჩრდილა, ბოსტონმა კი 35:19 მოიგო! 16 ქულით გაიქცა ბოსტონი და თითქოს აქ მოკვდა თამაშიც, მაგრამ..

მეოთხე მეოთხედი – დალასი გაიქცა და ლუკა გააძევეს

ბოლო მეოთხედში დალასი დაბრუნდა, თან დაბრუნდა ძალიან მაგრად, მაგრამ მცირე მაშტაბის დრამა დატრიალდა, ჯეილენ ბრაუნმა დონჩიჩს მორიგი პერსონალური აჰკიდა, ლუკა დონჩიჩმა ზუსტად მაშინ დატოვა პარკეტი, როცა დალასმა ანგარიში სამ ქულამდე შეამცირა. როცა მთავარი ამბავი უნდა დაწყებულიყო, მაშინ გავიდა ლუკა და.. ჰო, აქ მორჩა ყველაფერი.

საბოლოოდ, ბოსტონმა 106:99 მოიგო.

ლუკას საპლეიოფო კარიერაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა დარღვევებს გადააჭარბა და ნაადრევად დაატოვებინეს პარკეტი. რეგულარულ სეზონებში კი ასეთი რამ მხოლოდ ორჯერ მოხდა.

სტატისტიკა

  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/27.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 35 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტია. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/28.
  • ტეიტუმმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 13-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/26.
  • ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე კი 30 ქულა, 8 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკია. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/22.

სად ვუყუროთ? Game 4 – დალას მავერიქსი vs ბოსტონ სელტიკსი

დალასისა და სელტიკსის მეოთხე შეხვედრა თბილისის დროით 15 ივნისს, 04:30-ზე გაიმართება. ყურებას სეტანტას არხებსა და პლატფორმაზე – Setantasports.com – ზე შეძლებთ.