სარჩევი
2023 მარ 07, 15:03 შშ
2 წუთის საკითხავი

NBA-ში ძალიან დაძაბული მატჩი ვიხილეთ, რომელსაც დრამატული ფინალი ჰქონდა. ბოლო მატჩებში დრამა არ გვაკლია და ერთი ასეთი შეემატა მიმდინარე სეზონს.

კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლა და ტოლსწორად ეთამაშა.

მატჩის დასრულებამდე 0.8 წამია დარჩენილი. ანგარიში 109:109. საჯარიმო ხაზთან დგას უილიამსი და ორი სროლის უფლება აქვს. შეუძლია მშვიდად დაასრულოს ყველაფერი, მაგრამ პირველი გააცუდა და ანერვიულდა. ჰოდა, ნერვიულობის გამო მეორეც გააცუდა.

ასე გადავიდა მატჩი ოვერტაიმში, სადაც კლივლენდმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. კლივლენდმა საბოლოოდ 118:114 მოიგო.

ჯეისონ ტეიტუმმა და ალ ჰორფორდმა შეხვედრა გამოტოვეს. როცა ტეიტუმი არ თამაშობს, ჯეილენ ბრაუნი აგროვებს ქულათა მაქსიმუმს. ბრაუნს ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მის ანგარიშზე 32 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი და ერთი ბლოკია. ჯეილენმა 7-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

კავალიერსის მხრიდან სამმა მოთამაშემ შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება, – დონოვან მიჩელმა, დარიუს გარლანდმა და ევან მობლიმ.

მიჩელის ანგარიშზე 40 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია. მიჩელმა 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ევან მობლიმ კი თავის თავს აჯობა, 25 ქულას 17 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ბლოკიც მიამატა. 21 წლის მოთამაშისთვის შესანიშნავი სტატისტიკაა.

გარლანდის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა. კლივლენდი მეოთხე საფეხურს იკავებს.

ინდიანა vs ფილადელფია

ინდიანა ბოლო დროს ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ არც იმდენად, რომ ჯეიმს ჰარდენისა და ჯოელ ემბიდის ფილადელფია დაამარცხოს.

უნდა გამოვარჩიოთ ტაირის ჰელიბერტონის პერფორმანსი, 39 ქულა, 16 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა მის ანგარიშზე. ჰელიბარტონმა 10-დან ხუთი სამქულიანი ჩააგდო.

ჩვეულად ითამაშა ჯოელ ემბიდმა – 42 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია მია ანგარიშზე. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ემბიდი აგრძელებს MVP-ისთვის ბრძოლას.

ჯეიმს ჰარდენს კი ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 14 ქულა, 20 ასისტი და 9 მოხსნაა მის ანგარიშზე. ცნობისთვის, რეკორდი 30 ასისტია, რომელიც სკოტ სკაილზს ეკუთვნის.

ფილადელფიამ 147:143 მოიგო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – პორტლენდი 104:110
  • ინდიანა – ფილადელფია 143:147
  • მაიამი – ატლანტა 130:128
  • დენვერი – ტორონტო 118:113
  • საკრამენტო – პელიკანსი 123:108