სარჩევი
2023 თებ 14, 14:10 შშ
1 წუთის საკითხავი

გოგა ბითაძე NBA-ში რჩება. დადასტურდა, რომ ორლანდოში ითამაშებს 35 ნომრიანი მაისურით. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2019 წლის დრაფტზე უმრავლესობას გვსურდა, რომ ბითაძე სან ანტონიოში წასულიყო, მაგრამ მოულოდნელად პეისერსი გამოჩნდა და გოგა აიყვანეს. რადგან აიყვანეს ჩავთვალეთ, რომ მეტ ნდობასაც მიიღებდა, მაგრამ ვერ მოხდა ასე. სანამ ტერნერსა და საბონისს ტრავმები აწუხებდათ, გოგაც თამაშობდა და სწრაფად სწავლობდა, მაგრამ მათთან კონკურენციაში შანსი აღარ მისცეს.

პეისერსში იყო ცვლილებები, რომელთაც გოგასთვის კარგი არაფერი მოუტანიათ. პირიქით, უფრო მეტად შეუმცირდა სათამაშო დრო.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ გოგას თვითრწმენა არ დაუკარგავს, ჯერ კიდევ სურს, რომ NBA-ში თავისი სათქმელი თქვას. ჰოდა, ვნახოთ რა იქნება, შემდეგი ეტაპი ორლანდო მეჯიქია.

ქართველებისთვის ნაცნობი ორგანიზაციაა. ორლანდო ზაზა ფაჩულიას პირველი გუნდი იყო. რა თქმა უნდა, სანამ გოგას დაუკავშირდებოდნენ ზაზასაც ჰკითხავდნენ აზრს, ან, იქნებ თავად გაუწია რეკომენდაცია. ზაზა ხომ ჩვენი ელჩია NBA-ში.

გოგას ორლანდოში დიდი კონკურენცია დახვდება, მაგრამ გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, იმაზე მეტი დრო ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს, რასაც პეისერსში იღებდა.

აქამდე მიმოხილვებში დაგვიწერია ბოლ ბოლის შესახებ, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ განიხილება, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. მე ძალიან მომწონს ეს კალათბურთელი და მასთან კონკურენციაში გოგას ნახვაც საინტერესო იქნება.

  • ბოლ ბოლის მაჩვენებელი ასეთია – საშუალოდ, 23.5 წუთი, 10.6 ქულა, 6.3 მოხსნა;
  • სასტარტო ხუთეულის წევრია ვენდელ კარტერ-ჯუნიორი – საშუალოდ, 30.1 წუთი, 15.1 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.6 პასი;
  • მესამე კონკურენტი მორიც ვაგნერი იქნება – 21.3 წუთი, 11.6 ქულა, 4.9 მოხსნა;

ასე რომ, გოგას ბევრი შრომა მოუწევს ადგილის დასამკვიდრებლად. ორლანდოს კი წარმატებული სეზონი ნამდვილად არ აქვს, დიდი ალბათობით პლეიოფში ვერ მოხვდება.