სარჩევი

დენვერმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ნიკოლა იოკიჩის ნაგეთსი შეცდომებს არ უშვებს. ახლა ლოს ანჯელესის ჯერია, სტუმართმოყვარე დახვედრით, კენდალ ჯენერითა და ჯეკ ნიკოლსონით.

ლებრონს გაექცა

პირველი მეოთხედი ლეიკერსმა 26:21 მოიგო, თუმცა, ბოლოსკენ ლებრონს ბურთი გაუცოცხლდა, აღარაფერი აკლდა ჩატენვამდე, ჰაერში აიწია, ხელიც წამოიღო, მაგრამ ბურთი თავისი გზით წავიდა ტრიბუნისკენ და ლებრონი კინაღამ ფარს შეასკდა თავით.

ხდება ხოლმე. ახლა ამ ყველაფერს მის ასაკსა და არც თუ ისე კარგ ფორმას მიაწერენ, მაგრამ ასეთები საუკეთესო ფორმაში მყოფებსაც ემართებათ.

თუმცა, თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ლებრონმა მეტოქის კომბინაცია წაიკითხა, ბურთი ჩაჭრა, ფარქვეშ შეირბინა და სროლა არაზუსტი გამოდგა, აი, აქ კი შეიძლება იმის თქმა, რომ ლებრონი ვერ არის სასურველ ფორმაში, შეეძლო ანგარიში ერთ ქულამდე დაეყვანა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

დენვერმა 108:103 მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ცალკე გამოყოფის ღირსია ნაგეთსიდან ჯამალ მარი და ლეიკერსიდან რუი ჰაჩიმურა. რუის თამაშმა მემფისთან Game 1 გაგვახსენა, მცირე დროში მაქსიმუმი აჩვენა. ჯამალ მარიმ კი ლომის წილი დაიდო მოგებაში.

სტატისტიკა

ლებრონ ჯეიმსმა 40 წუთი დაჰყო პარკეტზე და ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 9 მოხსნა, 10 ასისტი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი. ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგამდე. 6 სამქულიანიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო.

ენტონი დევისმა 41 წუთში შეასრულა ორმაგი დუბლი – 18 ქულა, 14 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი. 3-დან 1 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

ჰაჩიმურამ 30 წუთში 21 ქულა აიღო, 2 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/10 ზე.

დენვერ ნაგეთსში ტრადიციულად გამოირჩნენ ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი. ჯოკერი სამმაგით, ჯამალი ორმაგით.

იოკიჩის ანგარიშზე 42 წუთში 23 ქულაა, 17 მოხსნა, 12 ასისტი და 3 ჩაჭრა. სამი სამქულიანიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო.

ჯამალ მარის ანგარიშზე 37 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 4 ჩაჭრაა. 14-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

მომდევნო შეხვედრა 21 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.