სარჩევი

დასავლეთში სულ მალე ლეიკერსი გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდება. სუპერ წყვილია, ყველაფერი დიდებულია. აღმოსავლეთში კი ფილადელფიასა და ბოსტონის სერია გაიხსნა. გარდა ამისა, კევინ დურანტით გაძლიერებული ფინიქსისა და იოკიჩის დენვერის Game 2 ვიხილეთ.

მოკლედ, ყველაფერი კარგად არის, ხარისხი მაღალია, სანახაობა დიდია, მაყურებელი ბევრია.

ბოსტონი vs ფილადელფია

მთავარი ამბავი ჯოელ ემბიდის არყოფნა იყო, გული დაწყვიტა ყველას, ვინც ამ სერიის დაწყებას ელოდა, ასეთი მატჩები სრული შემადგენლობით უნდა იმართებოდეს, თუმცა, რას ვიზამთ.. დიდი ბიჭი პირველ შეხვედრას გამოაკლდა, უპირატესობა ბოსტონმა შეიძინა, ისედაც ფავორიტის რანგში იყო, პლუს საკუთარ დარბაზში თამაშობდა, ამას კიდე MVP-ის მთავარი კანდიდატის არყოფნა დაემატა, მაგრამ, სიქსერსმა გვაჩვენა, რომ ამ ბარიერის დაძლევა ემბიდის გარეშეც შეუძლია.

სიქსერსმა რა.. ჰარდენმა გვაჩვენა.

ძველა წვერა გაგვახსენა, ჰიუსტონის წვერა, ლიდერობა თავის თავზე აიღო, პლეიოფებში საკუთარი რეკორდი დაამყარა და თამაში მოიგო.

უცნაური კაცია ჯეიმს ჰარდენი, თამაშზე ისეთი იმიჯით გამოცხადდა ჰელოუინზე გეგონებოდათ, მონსტრების კორპორაციის გაბურძგნული მონსტრივით დააბიჯებდა. მერე პარკეტზეც შეაბიჯა და დაიწყო.

პირველი ნახევარი ბოსტონის უპირატესობით დასრულდა, ჰარდენის არ იყოს, ჯეისონ ტეიტუმსაც ბრწყინვალე თამაში ჰქონდა. მესამე მეოთხედში თამაში გათანაბრდა, ბოლო მეოთხედში კი გამარჯვებისთვის ბრძოლა გაჩაღდა.

ხუთი წუთით ადრე ჯეისონ ტეიტუმმა ტრავმა მიიღო, ტაკერმა ძალიან უშნოდ მოიქნია ხელი და პირდაპირ ტეიტუმს გაარტყა. იყო დაძაბულობა, გაწევ-გამოწევა, ემბიდიც შემოვარდა პარკეტზე, ხელი აღარავის მოუქნევია, თუმცა, ცუდი სიტყვები აქეთ-იქით გაიცვალა და ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, ბოსტონზე უფრო ცუდად იმოქმედა.

ტეიტუმი დაბრუნდა და ძალიან შეცდა, როცა 36 წამით ადრე სროლის მომენტი ხელიდან გაუშვა, პასი უილიამსს მისცა, რომელმაც გააქანა და ტაირის მაქსის ჩააბარა ბურთი, ისიც გაიქცა და სიქსერსი ერთი ქულით წინ გავიდა.

ბოსტონმა მორიგი შეტევა გამოიყენა და ამჯერად თავად დაწინაურდა ერთი ქულით. 10 წამით ადრე კი მატჩის საუკეთესომ მორიგი სამქულიანი გაუშვა! ჰორფორდი საუკეთესო მცველია ასეთ დროს, მაგრამ ჰარდენს ვერაფერი დააკლო.

ბოსტონს შეეძლო თამაშო ოვერტაიმში გადაეყვანა, მაგრამ სმარტის პასი ზედმეტად “ცხელი” იყო, ტეიტუმმა ბურთი ვერ დაიჭირა – 115:119.

სიქსერსი სერიაში დაწინაურდა.

ტეიტუმის ანგარიშზე 39 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეიმს ჰარდენმა 39 წუთში 45 ქულა, 1 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 14-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

მოლოდინი გამართლდა, ველით ემბიდის დაბრუნებას.

დენვერი vs ფინიქსი

აქეთ პოლი, ბუკერი, დურანტი, იქით იოკიჩი. მშვენიერია. დენვერს უკვე 2:0 მიჰყავს ანგარიში. ნიკოლა იოკიჩი გამარჯვებისკენ არის მომართული. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მესამე მეოთხედში, როცა კრის პოლმა ტრავმა მიიღო და აღარ დაბრუნებულა, ფინიქსი წინ იყო, საბოლოოდ კი დამარცხდა.

იოკიჩი იდეალური მოთამაშეა, გენერალივით წარმართავს თამაშს, მასზე დიდი გავლენა NBA-ში ალბათ არავის აქვს, დიდი ლიდერია და ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, მართლა უმარტივესი მოგეჩვენება.

კევინ დურანტიც კარგი გამაღიზიანებელია, კარგი სამოტივაციო, ფაქტობრივად იოკიჩის ანტიპოდია, ორი უაღრესად ნიჭიერი მოთამაშე, ყველაფრით შემკული და დაჯილდოებული, მაგრამ ხასიათით აბსოლუტურად განსხვავებული, ეს ხასიათი კი მათ კარიერულ გზას წარმართავს.

დურანტი დადის აქეთ-იქით, კომფორტს ეძებს, იოკიჩი კი დენვერთან ერთად აშენებს და როგორც ჩანს, აშენებს ძალიან კარგად, მყარი საძირკვლით და ლამაზი დაშენებით.

თუმცა, არ მგონია, რომ ჯოკერი დურანტზე ფიქრობდეს, აკრიტიკებდეს, ან, არასწორად მიიჩნევდეს მის არჩეულ გზას, მე მგონი, რომ საერთოდ არ ფიქრობს არავისზე და არაფერზე, გარდა საკუთარი თამაშისა.

ამიტომაც არის ის, ვინც არის. ამიტომ გაიფინა ფინიქსი, აგერ უკვე მეორედ.

ჯოკერის ანგარიშზე 39 ქულა, 16 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დურანტის ანგარიშზე 24 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 12-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ბოკერმა 35 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.