დატოვებს თუ არა დინამო კიევს მირჩა ლუჩესკუ? კითხვა თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ოფიციალურ დონეზე ჯერ არაფერი ისმის, თუმცა უკრაინულ მედიაში მისი შეცვლის ერთ-ერთ პრეტენდენტად შოთა არველაძის გვარიც გაჟღერდა.
წავა თუ არა ლუჩესკუ დინამო კიევიდან?
ლუჩესკუს წასვლაზე მოარული ხმები ჯერ კიდევ სექტემბრიდან არსებობს. სეზონის სტარტიდან მოყოლებული 77 წლის მწვრთნელს მკაფიო კომენტარი ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა ახლა რუმინულ Prima Sport 1-ს ინტერვიუ მისცა.
რუმინელი მწვრთნელის თქმით მისი სამსახურით ნიცა, ფენერბაჰჩე და სხვა გუნდები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა უარი თავად მან თქვა. მიზეზად ლუჩესკუ დინამო კიევის არასახარბიელო მდგომარეობას ასახელებს.
„არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მოლაპარაკებას არავისთან ვაწარმოებ. იყო შემოთავაზება, როდესაც რენთან ვითამაშეთ. ნიცას წარმომადგენლები მოვიდნენ, თუმცა მე არსად წავსულვარ.
უკრაინაში უდიდეს ძალისხმევას დებენ, რომ ჩემპიონატი მიმდინარეობდეს. ზაფხულში ფენერბაჰჩეს ვარიანტი მქონდა, თუმცა წასვლა არ მოვისურვე. ეს ჩემს ბუნებაში არ არის. მე გუნდს იმ ვითარებაში ვერ დავტოვებდი.
თუკი დინამოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ცვლილებებია საჭიროა, ამის შემდეგ წავალ“.
მირჩა ლუჩესკუ – დინამო კიევის მთავარი მწვრთნელი
ეს განცხადება რუმინელმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. 10 აპრილს საღამოს კი მისი ჯანმრთელობის გაუარესების ცნობა გავრცელდა.
ლუჩესკუს ჯანმრთელობის მდგომარეობა
მირჩა ლუჩესკუს კოქსართრიტი დაუდგინდა. ეს ოსტეოართრიტის ფორმაა, რომელიც მენჯის ძვლის განლევას ნიშნავს. აი რას ამბობს თავად ლუჩესკუ.
„როდესაც ევროთასებზე ვთამაშობდით, ჩვენ მუდმივად ავტობუსით ვმგზავრობდით, ეს კი 10-საათიან გზას ნიშნავდა. მაშინ დღეში 7-8 საათს ვმუშაობდი. შედეგად კოქსართრიტი განმივითარდა.
რამდენ ხანსაც შევძლებ მუშაობას განვაგრძობ. თუმცა ქირურგიული ჩარევაც აუცილებელია. კარგი იქნება, თუკი ოპერაციის გაკეთების პარალელურად გუნდთან მუშაობასაც გავაგრძელებ.
ამ ყველაფრის მიუხედავად ფეხბურთიდან წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ“.
მირჩა ლუჩესკუ – დინამო კიევის მთავარი მწვრთნელი
ოპერაციის აუცილებლობა 77 წლის სპეციალისტის დინამოდან წასვლას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.
ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ლუჩესკუს დინამო კიევში მუშაობისას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. 2021 წელს მედიკოსებმა მას კისტა ამოკვეთეს. შედეგად დინამომ ფენერბაჰჩესთან, ინტერთან და სხვა რამდენიმე გუნდთან მის გარეშე ითამაშა.
შოთა არველაძე და დინამო კიევი – შესაძლებლობა ua.tribuna-მ გააჟღერა
ლუჩესკუს გუნდიდან წასვლის შანსების ზრდასთან ერთად, მატულობს პოტენციურ შემცვლელებზე საუბარი.
შოთა არველაძე, ნენად ბიელიცა და ჩესლავ მიხნიევიჩი – ეს მწვრთნელები ua.tribuna.com-ის ვრცელ, ანალიტიკურ სტატიაში არიან ნახსენები.
სტატიის ავტორს, დმიტრო ვატრასს თითოეული სპეციალისტის შესაძლებლობები საკმაოდ ვრცლად აქვს განხილული. საინტერესოა, რომ ის არამხოლოდ სპორტული კუთხით, არამედ უკრაინის მიმართ დამოკიდებულებითა და ომის ფაქტორის გათვალისწინებით აფასებს თითოეულ მათგანს.
ჩამოთვლილი სამივე მწვრთნელის სპორტული მახასიათებლები განსხვავებულია, თუმცა მათ მთავარი რამ აერთიანებთ და ეს ევროპულ ფეხბურთში განსწავლულობაა.
აი რას წერს ავტორი შოთა არველაძეზე.
„არგუმენტები შოთა არველაძის სასარგებლოდ:
ევროპული ხედვა; მუშაობისა და წარმატებული პროექტის შექმნის გამოცდილება; კლუბში სისტემური მიდგომითა და ხედვით მუშაობის გამოცდილება; შემტევი ფეხბურთის ქადაგება; კლუბის აღსაზრდელებით წარმატებული მუშაობა.
რატომ არის რეალისტური მისი დანიშვნა:
დინამო კიევი მის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება; შოთა ისრაელში მუშაობდა, მისთვის განგაშის სირენების ხმა უცხო არ არის; დინამოს მწირი ფინანსური შესაძლებლობა დაბრკოლება ნაკლებად უნდა იყოს“.
ტრიბუნა არველაძის იმ კომენტარსაც იხსენებს, რომელიც მან ჰალ სიტის არხს ფლეშ ინტერვიუში 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ მისცა.
Слава Україні! Героям слава! ??❤ pic.twitter.com/4rPWA5LpZZ
— Shota Arveladze (@arveladze_shota) February 26, 2022
შოთა არველაძე და ჰალ სიტი
შოთა არველაძემ ჰალ სიტი 30 სექტემბერს დატოვა. მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა გახდა. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტი არველაძეს სრულ ნდობას უცხადებდა. თუმცა ქართველმა მწვრთნელმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება, 8-თვიანი მუშაობის შემდეგ თავად მიიღო.
ჰალი დღესაც კი შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. 7 თვის წინ კი ფეხბურთელები ერთმანეთს წესიერად არ იცნობდნენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვეფხვების შემადგენლობა ფაქტობრივად, თავიდან დაკომპლექტდა. შესაბამისად, არველაძის ბრიტანული ვოიაჟი ხანგრძლივი არ გამოვიდა.
საინტერესოა, რომ ჰალ სიტი ისევ ცხრილის ქვედა ნაწილშია. ჩემპიონშიფის მე-16 ადგილოსანმა ბოლო 11 მატჩიდან 2 მოიგო. ეს კი გარკვეულწილად აჩვენებს, რომ პრობლემა შოთაში არ ყოფილა.
მას შემდეგ 7 თვე გავიდა, არველაძე კვლავ უგუნდოდაა. მისი გვარი ტრაბზონსპორის პოტენციურ მთავარ მწვრთნელთა ნუსხაშიც გაჟღერდა. თუმცა უფრო რეალურად უკრაინაში კარიერის გაგრძელება მოსჩანს.
შოთა არველაძის დაბრუნება ტრაბზონსპორში?
შოთა ტრაბზონის გმირია. ასე იყო ფეხბურთელობის რანგში და ასე გაგრძელდა მწვრთნელობისას, თუმცა 2-წლიანი კონტრაქტი ვადაზე ადრე შეჩერდა.
ტრაბზონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის მხოლოდ 15 მატჩის განმავლობაში იყო. მაშინ, კლუბის ფინანსური შესაძლებლობები პროექტის ამბიციებს აშკარად ჩამორჩებოდა.
დღეს ტრაბზონში განსხვავებული ვითარებაა. კლუბი ჯერ კიდევ თურქეთის მოქმედი ჩემპიონია და ევროთასებზეც საკმაოდ შორს, კონფერენს ლიგის ფლეი ოფის წინასწარ რაუნდამდე გავიდა.
პოსტიდან აბდულა ავჯის წასვლის შემდეგ ვარიანტი რამდენიმეა: სლავენ ბილიჩი, სერგეი იალჩინი, ვინჩენცო მონტელა, შოთა არველაძე და ჩაღდაშ ათანი. თავად ქომაგებს ფატიჰ თეკე სურთ.
როგორც ფანატიკი წერს, არველაძე წლებია ტრაბზონსპორს ტრანსფერების ნაწილში აქტიურად ეხმარება საკუთარი კონტაქტებით. სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება და ნაკლებად სავარაუდოა, ამ ეტაპზე, ქართველი მწვრთნელისა და ტრაბზონის გზები ისევ გადაიკვეთოს.
შოთა არველაძის პერსპექტივით დანახული უკრაინული შესაძლებლობა
ალკმაარიდან წამოსვლის შემდეგ, სადაც ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო, შოთამ 6 გუნდში იმუშავა. კაისერსპორი, ქაშიმფაშა, ტრაბზონსპორი, თელ ავივის მაკაბი, ტაშკენტის ფახთაქორი, ჰალ სიტი.
მათგან შიდა ჩემპიონატის ჰეგემონი მაკაბი და ფახთაქორი იყო, თუმცა კონკურენციის გარეშე არცერთი გუნდი ყოფილა.
უკრაინის ჩემპიონატის დონე
ამის მიუხედავად არც ისრაელისა და არც უზბეკეთის ჩემპიონატები უკრაინის დონის არ არის. დინამო კიევი საკუთარი იდენტობითა და ისტორიით ცხადია, ყველა ჩამოთვლილ გუნდზე უფრო პრესტიჟულია.
მართალია, დინამო კიევის შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს და გუნდი ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, თუმცა დინამო კიევი დონეცკის შახტართან ერთად მაინც უკრაინის ფეხბურთის წამყვან ძალად ითვლება.
ეს დონე კი თავად არველაძის შესაძლებლობების გამოცდისთვის იდეალური იქნება. მართალია უკრაინის ჩემპიონატი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიისა და ფართომასშტაბიანი ომის გამო ლეგიონერების აბსოლუტურმა უმეტესობამ დატოვა, თუმცა დონე მაინც საკმაოდ მაღალია. თანაც ზამთრიდან მოყოლებული უკრაინაში და მათ შორის დინამო კიევში რამდენიმე ლეგიონერი დაბრუნდა.
ნაკლებსავარაუდოა, რომ არველაძემ ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვას.
შოთა არველაძე და ევროთასები
დინამო კიევთან ერთად არველაძეს კონტინენტურ ფეხბურთში შეეძლება შესაძლებლობების დამტკიცება. ამ ნაწილში კი კლუბისა და მწვრთნელის ინტერესთა სრული თანხვედრა ხდება.
შოთას საევროთასო გამოცდილება ევროპა ლიგის ორ სეზონს გულისხმობს. ტრაბზონსპორით ქართველმა მწვრთნელმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა, თუმცა მაკაბიში საკმაოდ წარმატებულად იარა.
ისარაელურ გუნდთან ერთად არველაძემ 2016/17 წლების სეზონში ოთხივე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა. ჯგუფიდან გასვლამდე კი ცოტა დააკლდა. საინტერესოა, რომ მაშინ არველაძე სწორედ ლუჩესკუს დაუპირისპირდა, რომელიც ზენიტის მწვრთნელი იყო.
არველაძეს კონტინენტურ ფეხბურთში წარმატებით გამოსვლის გამოცდილება აქვს აზიაში. ფახთაქორთან ერთად შოთამ 2020 წელს 1/4-ფინალამდე მიაღწია, სადაც პერსეპოლისთან დამარცხდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დინამო კიევთან ერთად არველაძეს ევროთასებზე თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა ექნება.
შოთა არველაძე და უკრაინის გამოცდილება
არველაძემ UEFA-ს პრო ლიცენზია სწორედ უკრაინაში აიღო. 2010 წელს საქართველოს მისი გაცემის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, ქართველმა სხვა ვარიანტებს სწორედ უკრაინა არჩია. ლიცენზია ქართველ მწვრთნელს ჰრიჰორი სურქისმა, უკრაინის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გადასცა.
ამას გარდა შოთა პოსტ საბჭოთა სივრცეში ფეხბურთელების მენტალიტეტს კარგად იცნობს. ეს კი მცირე რიგი გამონაკლისების გარდა, უმეტესწილად ერთნაირია.
შოთა არველაძე და კლუბის სისტემური შენება
თუკი უკრაინულ მედიას დავეყრდნობით, დინამო კიევის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სისტემური მიდგომის არარსებობაა.
ასეთი მიდგომით კლუბის სტრუქტურის გამართვის უნარი კი არველაძემ უზბეკეთში წარმატებით გამოავლინა.
შოთა ყველაზე დიდხანს ფახთაქორში იყო. იქ კი უზბეკეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს 2 ჩემპიონობის, 2 თასისა და 1 ლიგის თასის მოგების გარდა ახალგაზრდული აკადემიის გამართვაშიც დაეხმარა.
უკრაინულ და განსაკუთრებით, დინამო კიევის აკადემიას შედეგიანი მუშაობა და წარმატებული ფეხბურთელების შექმნის გამოცდილება არ აკლია, თუმცა თუკი ამ სტრუქტურას ევროპული ხედვა და მიდგომა დაემატება ეს მხოლოდ დინამო კიევს დაეხმარება.
შოთა არველაძის უარი რუსეთის ნაკრებს
მაშინ როდესაც დიკ ადვოკაატს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს, ნიდერლანდელმა ასისტენტად შოთა არველაძის წაყვანა მოისურვა. არველაძემ კი ეროვნული მოტივებით, ოკუპანტების ნაკრების სამწვრთნელო შტაბზე უარი თქვა.
მთელი საქართველოს მსგავსად მას 2008 წლის ომის გამოცდილებაც აქვს. ეს კი დინამო კიევის შესაძლო ვარიანტს კიდევ უფრო მიმზიდველს უნდა ხდიდეს.
გაწვრთნა იმ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელიც რუსეთს მედგრად ეომება, როგორია? – ცხადია, დიდებული!
ამას გარდა, არველაძე საჯარო კომენტარებსა და სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტებში უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ხშირად გამოხატავს.
ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ამ კალიბრის გუნდის გაწვრთნის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, ქართველი კიევში მუშაობას, გამოწვევებით აღსავსე პერსპექტივის მიუხედავად, დასთანხმდება.
იჰორ სურქისის კრიტიკა დინამო კიევის ფეხბურთელებს
2022 წლის აგვისტოში, მანამ სანამ, უკრაინის ჩემპიონატი განახლდებოდა უკრაინელი საფეხბურთო მიმომხილველების უმეტესობა დინამო კიევს მარტივ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდა.
ახლა გუნდი მე-4 ადგილზეა, ბოლო 5 მატჩში კი ორი თამაში ინჰულეცთან და ლუჰანსკის ზორიასთან წააგო. კლუბის პრეზიდენტმა კი ასეთი განცხადება გააკეთა:
„ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის. მოვედი, რათა გუნდს მხარი დავუჭირო და გავარკვიო რაშია საქმე. ფეხბურთელები თამაშზე უნდა ორიენტირდნენ და შეეგუონ იმ რთულ კონდიციებში თამაშს, რომელშიც ახლა ჩვენი ქვეყანაა.
ჩვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწას იცავენ, ესენი კი გადიან და ინჰულეცთან მარცხდებიან“.
იჰორ სურქისი – დინამო კიევის პრეზიდენტი
ამგვარი კომენტარის შემდეგ კითხვის ნიშანი აღარ უნდა რჩებოდეს, რომ დინამოში სასურველი ატმოსფერო არ არის. ეს კი პოტენციურ ცვლილებებს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.
22 აპრილს დინამო კიევი ლიდერ დონეცკის შახტარს ეთამაშება. მანამდე გუნდებს 1 ტური სათამაშო აქვთ. დღეის მდგომარეობით, ჩამორჩენა ლიდერ დონეცკურ გუნდთან 7 ქულას შეადგენს.
შახტართან მატჩი ბევრ კითხვას პასუხს გასცემს. მარცხის შემთხვევაში კი შესაძლოა, სამწვრთნელო შტაბში, პროცესები კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით წავიდეს.