ფეხბურთი ომის დროს – უკრაინა

Ukrainian football wartimes | Setanta Sports

პორტსმუთი ინგლისის FA თასს ყველაზე დიდხანს, 7 წელიწადს ფლობდა. მიზეზი ომია, მეორე მსოფლიო ომი. 1940 წელს როდესაც გერმანიის მესამე რაიხის ბრძანებით ლუფტვაფემ (Luftwaffe) გაერთიანებული სამეფოს აქტიური დაბომბვა დაიწყო ბრიტანულ კუნძულზე პროფესიონალური ფეხბურთი ბოლომდე გაჩერდა.

1940 წელი, ლონდონი, ჩარლტონ ატლეტიკი - არსენალი
ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე აკვირდება ცას, გერმანული საჰაერო თავდასხმის საფრთის გამო

– თავად თასი?

ხმა დადიოდა პრესტიჟულ ნაკეთობას გუნდის მწვრთნელი ჯონ უილიამ ტინი საწოლის ქვეშ ინახავსო. ეს მხოლოდ ურბანული მითი იყო, რომელსაც ‘ქუჩები მართლაც არასდროს დაივიწყებენ’. სინამდვილეში, თასი 10 მილის მოშორებით, ჩრდილოეთისკენ წაიღეს და სოფელ ლავდინში გადამალეს. გადამალეს პაბში, როგორც ამას საუკეთესო ბრიტანული ტრადიცია მოითხოვდა, თანაც ისეთ პაბში, რომელსაც ჩალის სახურავი ჰქონდა და სახელად „ჩიტი ხელში“ ერქვა. The bird in hand ანდაზური გამონათქვამია და არსებულის შენარჩუნებას, რისკის გაუწევლობას ნიშნავს.

პაბი, სადაც FA თასს 6 წელიწადს მალავდნენ | Setanta Sports

და რა შუაშია ეს ყველაფერი?

თუკი ვიფიქრებთ, რომ ადამიანის ძირითადი ინსტიქტები და ხასიათი დასაბამიდან უცვლელია და, ზოგჯერ ის მომხვეჭელობას და ძალმომრეობასაც გულისხმობს, მაშინ მომენტალურად გაგვახსენდება, რამდენი ომი უნახავს კაცობრიობას და, კოლექტიური თავდაცვის, ერთეული ვეტოს სისტემისა და სხვა მუშა თუ ფარატინა მექანიზმის არსებობის მიუხედავად, კიდევ რამდენი შეიძლება ნახოს.

მხედველობაში უკრაინა გაქვს?

დიახ! სათქმელად მარტივია – ომია!

  • მე და შენ რასაც დილით, ტელეგრამში ამბად ვნახულობთ, იქ ცხოვრების წესად იქცა.
  • რასაც ჩვენ სტრატეგიად აღვიქვამთ, უკრაინაში ამას ხალხი საკუთარ თავზე განიცდის.
  • მე და შენ რომ უკრაინის წარმატება გვახარებს, მაგ ამბავს ეგ ხალხი ქმნის, ყველაფერ საკუთარის ხარჯზე.
  • მე და შენ რომ ავდეევკა, კახოვკა, ბახმუტი და სხვა, ადრე გლობალურად უმნიშვნელო, მაგრამ დღეს – პირიქით, ადგილები ვიცით, რუკაზე სად არის, ეგ უკრაინელი ხალხის მიწაა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპაციისგან.

თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, ყველაფერი ღირს და ამ ყველაფერს შენთვის, ჩემთვის და სხვა ბევრისთვის უკრაინა და იქ, უკრაინის მხარეს მებრძოლი გულადი ხალხი იხდის.

– და ფეხბურთი?

აბა?! ადგნენ და თამაშობენ. უმაყურებლოდ. ეგრე ჰქვია, ოღონდ, მხოლოდ ტრიბუნაა ცარიელი უსაფრთხოების გამო, თორემ მაყურებელი და გულშემატკივარი ნამდვილად არ აკლია ჩემპიონატს.

პარადოქსი, მიზანშეუწონელი, საფრთხისშემცველი… უბრალოდ, რა ეფეხბურთებათ?

ამ და მსგავს შეფასებას მრავლად მოისმენდით ივლისსა და აგვისტოში, თუმცა ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რუსული აგრესიის პირველსავე დღეებში გამოჩნდა, როდესაც ოფიციალური კიევი ქველმოქმედებისთვის მადლობას იხდიდა, თუმცა იქვე ამბობდა, რომ ეკონომიკისთვის, ქვეყნის ფუნქციონალისთვის, აჯობებდა, რომ ცხოვრება, და მათ შორის, ეკონომიკური ოპერაციები ჩვეულ დღის წესრიგს დაბრუნებოდა.

ეს მხოლოდ ფინანსებს როდი ეხებოდა, რამდენიმე თვეში, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქვეყანა დგას, არ გატყდა და მეტიც, კონტრიერიშის რესურსი აქვს, საჭირო გახდა სოციალური ცხოვრების სტიმულირება.

მხარდამხარ

უკრაინაში ბევრი მოხალისე იბრძვის, სამწუხაროდ ბევრიც დაიღუპა, მათგან 27 ქართველია(*36 – 24.02.2023-ის მდგომარეობით), რაც უცხოელთაგან ყველაზე მაღალი მაჩვენელია. გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას და უკრაინასთან ერთად საქართველოს დაცვას შეეწირნენ.

ეს ფრაზა – მხარდამხარ ბრძოლა, უკრაინაში როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე ძალიან, ძალიან კარგად რომ იციან, ნათელია, და გათავისუფლებულ 80 000 კმ2-ზე მეტ ტერიტორიაშიც გამოიხატება. თუმცა ასევე ქვეყნისთვის, მხარდამხარ, დაიწყო სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფერომაც ფუნქციონირება. დასავლური დახმარებისა და სოლიდარობის კვალდაკვალ საჭირო იყო კიდევ უფრო მკაფიო გზავნილები პარტნიორებისთვის, რომ უკრაინის ფუნქციონალი ფართომასშტაბიანი იერიშის მიუხედავად გამართულია, ეს კი თავის მხრივ, კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერის წინაპირობა გახდებოდა.

ფეხბურთიც მათ რიცხვშია. თუკი ფეხბურთი ცხოვრების წესია, და ეს მართლაც ასეა, უკრაინა ცოცხლობს თანაც მტკიცედ, შესაბამისად ცოცხლობს ფეხბურთიც და მისი დღის წესრიგიც.

ნაკრები

მართალია, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინას ვერ ვხედავთ(*ვერ ვნახეთ), თუმცა მას მუნდიალის საგზურის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ფლეიოფის ნახევარფინალში შოტლანდიის დამარცხების შემდეგ, ფინალში უელსი უკვე დაუძლეველი ბარიერი გამოდგა. არ მოვყვები იმ ობიექტური მიზეზების დიდი არზის ჩამოთვლას, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ომია!

უკრაინული ფეხბურთი მძლავრი ფიზიკური მომზადებით ყოველთვის გამოირჩეოდა, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც. აკი, ქართველ ფეხბურთელებსაც, გიორგი დემეტრაძეს, კახი კალაძეს და სხვებს არაერთხელ უამბიათ, იმ ზოგჯერ გონებისდამმკარგველი დატვირთვების შესახებ, რომელიც დინამო კიევში საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსული სამხედრო აგრესიის გამო ოლექსანდრ პეტრიაკოვის გუნდს სწორედ ამ კომპონენტში გაუჭირდა.

შახტარი, დინამო და დნიპრო 1

ომის გამო უკრაინას ჩემპიონი არ ჰყავს. პირველი ადგილი შახტარმა დაიკავა სანახევროდ ჩატარებულ წინა ჩემპიონატში, მეორე – დინამომ, მესამე კი – დნიპრო 1-მა. მე-4-5 ადგილებით კონფერენს ლიგის კვალიფიკაციაში, შესაბამისად ლუჰანსკის ზორია და პოლტავის ვორსკლა გავიდნენ.

შახტარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა, თუმცა ახლა რენთან იბრძოლებს ევროპა ლიგის ფლეიოფის წინასწარ რაუნდში(*შახტარმა დრამატულ ბრძოლაში, 1/8-ფინალის საგზური, სწორედ 24 თებერვალს მოიპოვა).

დინამო კიევი ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო დნიპრო – 1-ს კონფერენს ლიგის წინასწარ რაუნდში რევანშის შანსი ლარნაკას აეკთან ექნება, რომელსაც ამ სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე შეხვდა(*დნიპრო – 1 ორი მატჩის ჯამში აეკთან 1 ბურთით დამარცხდა).

უკრაინის ჩემპიონატი და 14 წელი ორ აგვისტოს შორის

გარდა წერის შესაძლებლობისა, მაქვს პატივი ვიყო Setanta Sports-ის კომენტატორი 2017 წლიდან. შეიძლება დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ბევრჯერ გამიმართლა და გამორჩეული და დასამახსოვრებელი თამაში მქონია. ამის მიუხედავად 2022 წელს, 23 აგვისტოს ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული ამბის თანამონაწილე გავხდი. წილად მხვდა პატივი შახტარი-მეტალისტის თამაშის კომენტატორი ვყოფილიყავი.

Setanta Sports-ი 2022 წლიდან უკრაინის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებებს ფლობს, შესაბამისად ჩვენი დროის უპრეცედენტო ტურნირს საქართველოშიც ვაჩვენებთ. რაც შეეხება იმ დღეს, გადაჭარბების გარეშე, უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე რომელიმე ლაივ ჩართვაზე საერთაშორისო ახალი ამბების ანალიზისას, ან თუნდაც ფეხბურთის პირველი რეპორტაჟის წინ.

უკრაინისა და საქართველოს ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. შესაბამისია ჩვენი ერებისა და საზოგადოებების მიდგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და თანადგომა. თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულში, 2008 წლის აგვისტოში რუსული ოკუპაციისა და აგრესიის ობიექტი საქართველოც გახდა.

2022 წლის 23 აგვისტოსთვის რუსული ტანკები უკვე 6 თვის დაქოქილი იყო, თუმცა უკრაინელებს ამ დროში მათი დიდი ნაწილის განადგურება, ხოლო ნაწილის ჯილდოდ ართმევა უკვე მოესწროთ.

ეს იყო ალბათ, ჩემი ყველაზე მეტად გაფანტული რეპორტაჟი, ძალიან ვღელავდი. სრული ქაოსი იყო:

  • იქნება თუ არა პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა?
  • მოიცა, პროტოკოლში, როგორ იყო? ჰო, ჰო მაქსიმუმ 7-10 წუთის სავალზე უნდა იყოს საჰაერო თავდასხმისგან თავშესაფარი სტადიონიდან მოშორებული.
  • აბსოლუტურად ახალი გუნდია ორივე, თითქმის არავინ ვიცი ამ შემადგენლობებიდან.
  • რომ არა ლუკას ტეილორი 2002 წლის შემდეგ პირველად უბრაზილიელოდ იქნებოდა შახტარი.
  • ყველა სპეციალისტის მოლოდინი რატომ ემთხვევა? – დინამო ჩემპიონი გახდება, შახტარი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს, – ნურას უკაცრავად.

მოკლედ, ამ ფიქრების ორომტრიალში არ გამომივიდა რეპორტაჟი, ოღონდ არ გეგონოთ ‘რომში ინდულგენციას ვყიდულობდე’ ამ ჩამონათვლით. არა, უბრალოდ, იმ განცდას თბილისში ვიაზრებდი, რაც იმ მომენტში კიევის ოლიმპიურზე იყო. თამაში 0-0 დასრულდა, თუმცა შედგა. უკრაინამ ჩემპიონატი განაახლა, უკრაინამ შიდა ასპარეზზე გააცოცხლა ფეხბურთი, რაც ყოველმხრივ მძლავრი სიგნალი იყო, თანაც ყველასთვის.

უკრაინა და მე

2022-ში ეს უკრაინული ფეხბურთისა და ჩემი პირველი თანაკვეთა არ ყოფილა. პირველად, თურქეთში, დინამოების დერბიზე ვიყავი. Setanta Sports-ისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად წავიყვანე თამაში. მირჩა ლუჩესკუს დინამო უკეთესი იყო და დამსახურებლადაც მოიგო. ძლიერი ქარისა და წვიმის თანხლებით, ანთალიაში ჩატარებულ შეხვედრას სანახაობრივი ნამდვილად არ ეთქმოდა, ასე თუ ისე, ეს იყო პირველი უშუალო გამოცდილება.

ანთალიაშივე იყო დინამო მოსკოვიც, სადაც მთავარი მწვრთნელის, სანდრო შვარცის ასისტენტად ანდრიი ვორონინი მუშაობდა. ამ საქმისადმი სიყვარულმა კიდევ ერთ ისეთ ადამიანს გადამყარა, რომელსაც ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი, და რომელიც, რეალურსა და ირეალურს შორის სიბრტყის ნაწილი იყო. – ფეხბურთელები, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან, მასწავლებლებს, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებთ და მისთანანი.

– გამარჯობა

– გამარჯობა

ვაჰ, ბიჭო, ნაღდია! არც სახასიათო კიკინა აქვს, არც 9-იანი აცვია, მაგრამ ეგ არის რა, ნაღდად ვორონინია.

– ინგლისურად დავიწყოთ, შეიძლება? – ვკითხულობ და თან ვფიქრობ, რომ რამე სისულელე არ ვკითხო, არადა მომზადებული ვარ.

თარგმანში პრესსამსახური გვეხმარება.

– რად გვინდა, ლივერპულში არ თამაშობდა?! – ვფიქრობ ჩემთვის გონებაში და თან ხიბლში ვარ, ტეტ ა ტეტ ვსხედვართ ვორონინი და მე!

რა ტეტ ა ტეტ, პრესსამსახურიც იქაა, ჩემი ოპერატორიც, იქით ტურისტები მიდი-მოდიან. მოკლედ, ჯერ მარტო დაძაბულობაა, ომი არაა.

მოკლედ, კარგა გვარიანად გაგვიგრძელდა 30-40-წუთზე შეთანხმებული ინტერვიუ. საათ-ნახევრის თავზე მოვუსინჯე, – და რას ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე, იქნებ მაინც ორი სიტყვით, – ცხადია, მხედველობაში უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ტექნიკის მანევრები მაქვს მხედველობაში.

– არა, არა, ომზე არ გვინდა, ხომ შევთანხმდით?!

ამბობს პრესსამსახური და ჩვენც მანდ ვამთავრებთ.

მერე ომი დაიწყო. ნათლად ჩანდა, და ჩანს, რომ თანადგომის თითოეული ჟესტი ბევრად უფრო წონადია, ვიდრე ეს სხვა სიბრტყეში იქნებოდა. უკრაინული მედია, მათ შორის ციფრული, მუშაობას არ წყვეტდა და აქტიურადაც აშუქებდა უკრაინელი ლეგიონერების ამბებს.

დინამო თბილისში 2022 სეზონის წინ სტანისლავ ბილენკი მოვიდა. 23 წლის უკრაინელი ფორვარდის თამაშმა შერეული გრძნობები დატოვა, თუმცა ერთი დღე ძალიან ბევრ რამედ ღირდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ალბათ მისთვისაც.

ბოლნისში, სიონის წინააღმდეგ სტასმა საგოლე გადაცემას ჰეთთრიკი მიაყოლა. მესამე გოლზე კი უბრალოდ, შეიძლება ტრივიალურადაც უკრაინის სადიდებელი ვთქვი. ლოგიკურად დაჯდა, სამართლიანად და თითქოს გულიც მოვიფხანე, იმ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი მესიჯების გამო, რომელიც ჩემი ქვეყნის ხელისუფლების ნაწილისგან ისმოდა(*დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ, ვითარება საგრძნობლად გაუარესებულია. 24 თებერვალს საქართველოს ხელისუფლება, მისივე გადაწყვეტილებით, კიევში წარმოდგენილი არ იქნება).

მოკლედ მატჩიდან რამდენიმე საათში მეგობრებმა და კოლეგებმა უკრაინული მედია საშუალებების ბმულების გამოგზავნა დაიწყეს. ცხადია, სახელი და გვარის გარეშე, თუმცა მაინც, ამაყი უკრაინელი ხალხი ჩემზე წერდა.

  • Слава Украине! Грузинский комментатор не сдержал эмоций в прямом эфире
  • “Слава Украине!” Грузинский комментатор устроил яркий перформанс во время матча. Видеофакт
  • “Слава Украине!” – реакция комментатора из Грузии на голы нашего футболиста
  • ВИДЕО. Украинский форвард оформил хет-трик за Динамо Тбилиси
  • Украинский форвард отличился хет-триком за Динамо Тбилиси – комментатор кричал “Слава Украине”, когда счет стал 7:3

დივიდენდების გამო არაფერს ვაკეთებ, ესეც თავისთავად მოხდა. როცა გამოხმაურება ვნახე, ენითაღუწერელი სიამაყით აღვივსე. ეს იყო პირველი დადასტურება, რომ რაღაც ღირებულის გაკეთება სხვისთვისაც შემიძლია, მოვლენათა იღბლიანი თანხვედრით, თუმცა მაინც!

გავიდა მცირე დრო, ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე უკრაინული გუნდების არაერთი მატჩი წავიყვანე, გუნდები უმატებდნენ. შედეგები, ცხადია, უკეთსის სურვილს ტოვებდა, თუმცა მოედანზე მუდრიკს და არამხოლოდ მას მეტი სითამამე და თავხედობა ეტყობოდა.

ეს არ ყოფილა ჩვენი თანაკვეთის ბოლო გაჩერება.

უკრაინა U21

კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში, შევჩენკო, ვორონინი, შოვკოვსკი, ტიმოშჩუკი, გუსევი, რებროვი, სხვები და მათთან ერთად როტანი. უკრაინის ნაკრებში 100 მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელს 8 გოლი აქვს გატანილი, აქედან 2 საქართველოს გაუტანა. აბა როგორ უნდა მყვარებოდა?! ოღონდ ეგ ბავშვობაში, მერე და მერე კლასი ფასდება და ფერები, უკანა პლანზე იწევს, რომელიმე ფლანგიდან უფრო ცენტრში გადადიხარ. პრინციპში, ფეხბურთშიც ეგრე არ არის, ან პოლიტიკურ იდეოლოგიებშიც? შეიძლება საერთო კანონზომიერებაა?

მოკლედ, პოლტაველი რუსლან როტანის მწვრთნელობით უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრები იმ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, რომელსაც საქართველო და რუმინეთი 2023 წელს უმასპინძლებენ.

ჰოდა, 2022 კალენდარული წელი საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდულმა გუნდებმა ერთმანეთთან ამხანაგური შეხვედრით დახურეს. მგონი ცოტათი ვამეტებ საკუთარ თავზე საუბრით, თუმცა, მაქვს პატივი ვიყო დიქტორი ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების თამაშებზე.

უკრაინის U21 გორში

მატჩი გორში გაიმართა. ქალაქში, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ჭურვები ცვიოდა. ძალიან სიმბოლურია, რომ ორმა გუნდმა, ოკუპირებული ცხინვალიდან 40 კილომეტრის მოშორებით ითამაშა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, მართალია როტაციული შემადგელობით, თუმცა გუნდებმა ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და ხარისხიც ნორმალური იყო.

როტანმა და მისმა გუნდმა, რომელმაც საქართველომდე ჩამოსასვლელად ისევე იწვალეს, როგორც უკრაინულმა კლუბებმა და პირველმა ნაკრებმა რამდენიმე თვით ადრე სხვებთან სათამაშოდ, ღირსების და სიმამაცის კიდევ ერთი მაგალითი გვაჩვენეს. გადაჭარბების გარეშე, ახალგაზრდულ ასაკში, სანამ ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, გამოხვიდე და ემსახურო შენი საქმით შენს ქვეყანას, ახლობლებისგან მოშორებით, ასეთ პირობებში, წარმოუდგენელია, პრაქტიკის გარეშე კი ამის ბოლომდე გათვითცნობიერება წარმოუდგენელია.

სწორედ გზების ამდენჯერ თანაკვეთამ მიბიძგა სითამამისკენ და ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის გუნდის მენეჯერებისთვის თხოვნით მიმართვისკენ. სტუმარ გუნდთან ერთად ფოტო და მათივე ხელმოწერებით სამახსოვრო მაისური ვითხოვე Setanta Sports-ისთვის. ცხადია, საპასუხოდ ღიმილი, თანხმობა და სითბო დამხვდა.

ფოტოც გადავიღეთ, მაისურიც გვაჩუქეს, რომელიც Setanta Sports-ის სათაო ოფისში საპატიო ადგილს დაიკავებს და უკრაინელებიც დაგვემშვიდობნენ. ბოლო თანაკვეთა გორში მოხდა, ქალაქში, სადაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები აქტიურად გვბომბავდნენ.

– Slava Ukraini – მეთქი!

– Heroyam Slava-ო!

ერთად დაიქუხა უკრაინის ახალგაზრდულმა უნისონში და დავიშალეთ დროებით, ხმამაღლა უთქმელი იმედით, რომ მომავალი თანაკვეთისას გამარჯვებულები შევხვდებით. მართალია, ამისთვის ორივე გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს. ძლიერი მოწინააღმდეგეების მიუხედავად, შემართებით ეს თავისუფლად შესაძლებელია.

უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის, ყველას თავისუფლებისთვის, ამ ბრძოლაში კი ყველას თავისი როლი აქვს. უკრაინა ფეხბურთს თამაშობს, ანუ Ще не вмерла України і слава, і воля – არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება!

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე