კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, პარკაძე და ბევრი სხვა – დინამო თბილისის აკადემია 10 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს. Setanta Sports-მა აკადემიის მთავარ მწვრთნელთან ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა.
კარასკო აკადემიის წარმატებაზე
ანდრეს კარასკო დინამო თბილისის აკადემიის შექმნაში 2011-2012 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ესპანელი სპეციალისტი დინამოში 1 წლის წინ დაბრუნდა.
“დინამოს აკადემიას – როგორც პროექტს წარმატებული უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ, თუმცა ასეთივე მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მისი წარმატება აქ მყოფი ადამიანების შრომამ განაპირობა”.
კარასკო კვარაცხელიას შესახებ
კარასკოს, რომელიც ბარსელონას აკადემიაში 1999-2011 წლებში მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც, ცხადია, ვკითხეთ.
“ხვიჩა ქართული ფეხბურთის ელჩია. მას მთელი ქართული საფეხბურთო სცენის შეცვლა შეუძლია. დღეს, კვარა ევროპის საუკეთესო ხუთ, ან სამ ფეხბურთელში შედის.
მისი გავლენა უკვე უდიდესია. თუმცა მონდომება და განგრძობითობა ასევე მნიშვნელოვანია. ის ახლა იზრდება და მის უნარებთან უწვეტობაც უმნიშვენლოვანესია”.
კვარაცხელიას და მუდრიკის შედარება
ანდრეს კარასკო შახტარშიც მუშაობდა. კატალონიელი მწვრთნელი მიხაილო მუდრიკს დონეცკური გუნდის 19-წლამდელებში წვრთნიდა.
ცხადია, ლივერპულთან, ენფილდზე მისი დებიუტის შესახებაც ვისაუბრეთ.
“მათ შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. მუდრიკი მჭიდრო სივრცეში უკეთესია, თუმცა ხვიჩას თავისი უპირატესობა აქვს.
დღეს, რა ფეხბურთსაც სტაბილურად აჩვენებს კვარაცხელია, ის მუდრიკზე უკეთესია.
რაც შეეხება მუდრიკის დებიუტს ლივერპულთან, თქვენს არხზე, setantasports.com-ზე ვნახე. მან უკვე მოახერხა და 40 წუთში აჩვენა, თუ რა არის მისი ფეხბურთი და რა უნარები აქვს”.
ანდრეს კარასკოსთან სრული ინტერვიუს ხილვა, Setanta Sports-ის youtube არხზე იქნება შესაძლებელი.