სარჩევი

ევერტონმა ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა და მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ასახელებენ სამ კანდიდატს, – შონ დაიჩს, უეინ რუნისა და მარსელო ბიელსას.

ლამპარდის სამწვრთნელო კარიერა კი პრემიერ ლიგაში კარგად ვერ წარიმართა. ჯერ ჩელსიდან გაუშვეს, ახლა კი ევერტონმა დაუქნია ხელი. ვერც იმას ვიტყვით რომ განსაკუთრებული სტილი აქვს და ვინმემ ვერ გაუგო.

კიდევ ერთხელ რწმუნდება ყველა, რომ კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს. პირიქით, ძალიან რთულია ტოპ ვარსკვლავი უმაღლესი დონის მწვრთნელად იქცეს. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხია ვინც ეს შეძლო.

არადა, რამდენიმე წლის წინ იმაზეც კი იყო საუბარი, ლამპარდის გაწვრთნილი ჩელსი, ჯერარდის გაწვრთნილ ლივერპულს შეხვდებაო. ვინ იცის.. იქნებ ოდესმე ასეც მოხდეს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. როგორც ერთის, ისე მეორის შემთხვევაში.

კანდიდატებს რაც შეეხებათ..

მარსელო ბიელსა

ცოტა შერყეული კაცია. პეპ გვარდიოლას ფავორიტი მწვრთნელი. დიდი ექსპერიმენტებისა და შემტევი ფეხბურთის მოყვარული. ბიელსას კარგად იცნობს საფეხბურთო სამყარო, თუმცა, ამჟამად ევერტონისთვის არ გამოდგება.

ბიელსა არის მწვრთნელი, რომელსაც დრო სჭირდება, ბიელსა არის მწვრთნელი დიდი იდეებით, ახლა კი სხვა ამოცანა დგას დღის წესრიგში, ევერტონი ბოლოს წინა ადგილზეა, ბოლო ადგილოსნის მსგავსად 15 ქულა აქვს და მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, მეთოთხმეტე ადგილამდე მხოლოდ სამი ქულა აშორებს.

სწრაფი ქმედებაა საჭირო, ის კაცია მისაყვანი ვინც ევერტონს შიგნიდან იცნობს, ბიელსა კი ასეთი არ არის. თან, ზედმეტად რისკიანი კაცია ასეთი ამოცანისთვის.

შონ დაიჩი

კარგი ფორმაციის უოტფორდი ჰყავდა. დიდი გუნდებიც გაუმწარებია, მაგრამ უმეტესად ჩემპიონშიპში გაითქვა სახელი. მეორე ლიგის დონის მწვრთნელია.

მხოლოდ იმიტომ, რომ სიმკაცრით გამოირჩევა, უჟმური ხასიათი აქვს და დისციპლინის დამყარება შეუძლია, ევერტონის მწვრთნელად არავინ დანიშნავს. თუ მაინც დანიშნავენ ეს დიდი შეცდომა იქნება.

თავის მხრივ, ევერტონი ახალი სტადიონისთვის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, წინ დიდი პროექტია და პრემიერ ლიგიდან გავარდნა კატასტროფა იქნება.

უეინ რუნი

რუნი ამჟამად შეერთებულ შტატებში მუშაობს, სულ რამდენიმე თვის წინ გახდა დი სი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი. მანამდე კი დერბის წვრთნიდა.

ევერტონს რუნის გადაბირება ადრეც უცდია, მაგრამ რუნი ერთგული აღმოჩნდა და დერბი გასაჭირში არ დატოვა, თანაც ჩათვალა რომ ევერტონისთვის მზად არ იყო. ახლა კი შესაფერისი დროა.

რუნის ამოცანაა ევერტონი გავარდნას გადაარჩინოს, ქალაქს კარგად იცნობს, კლუბს კარგად იცნობს, დიდი ავტორიტეტი აქვს, (თუმცა, ავტორიტეტი არც ლამპარდს აკლდა) დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია და სიტუაციის სწრაფად შეცვლაც შეუძლია.

თითქოს, ყველაზე მისაღები ვარიანტია. ვნახოთ რა იქნება.