სარჩევი
ლუკა პარკაძე | Setanta Sports

ლუკა პარკაძე – როგორც ჩანს, ახალი ხვიჩა კვარაცხელია. ასე წერს გერმანული პრესა 17 წლის ქართველზე შექმნილ ჩანახატში.

Bavarianfootballworks.com ლუკა პარკაძეზე ვრცელ ჩანახატს აქვეყნებს, რომელიც ასე იწყება: “ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი წარმატების შედეგად ქართველი ფეხბურთელები დაკვირვების ქვეშ არიან”.

“ბუნდესლიგაში, ქართველების თვალსაზრისით, პიონერი ფრაიბურგი იყო. 2000-იან წლებში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე ამ გუნდში ხშირად ერთად თამაშობდნენ. კიკნაძემ კარიერა 2014 წელს დაასრულა. მას შემდეგ ლიგაში საქართველოს აღარავინ წარმოადგენდა. მაგრამ ბაიერნის ახალი შენაძენით, მგონი, მოლოდინი დასრულებულია”.

ბავარიულ მედია საშუალება აღნიშნავს, რომ პარკაძე 2005 წელსაა დაბადებული. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი რეკორდმაისტერის ასაკობრივ გუნდს ზამთარში შეუერთდება.

ლუკას დებიუტი დინამო თბილისის შემადგენლობაში 2022 წლის აგვისტოში გორის დილას წინააღმდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით შედგა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გარემარბზე ბაიერნის კამპუსის მმართველი იოჰან ზაუერიც საუბრობს.

“ჩვენი სკაუტების მეშვეობით ლუკას კარგა ხანია ვაკვირდებით. წინასასეზონო შეკრებაზე, მან ბაიერნის კამპუსში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ დინამო თბილისსა და ფეხბურთელის მრჩეველს[მენეჯერს] გურამ კაჭახიძეს სანდო მოლაპარაკებებისთვის”.

იოჰან ზაუერი – ბაიერნის კამპუსის მმართველი

სტატიას თან დართული აქვს ქართველი transfermarket.com-ისეული აღწერა. სადაც ქართველი ფეხბურთელის უპირატესობების ფლანგებზე გამოყენების შესაძლებლობაა ახსნილი. იმავე გერმანული ტრანსფერმარკეტის აღწერაში პარკაძე ხვიჩა კვარაცხელიას არის შედარებული.