ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი, სერენა უილიამსი, როჯერ ფედერერი – წლის მთავარ საჩოგბურთო მოვლენებს კვლავ ყველაზე დიდები ფარავენ.
ნოვაკის ავსტრალიური საგა, რაფას დიდი სლემის ორი ტიტული, ბარტის შოკისმომგვრელი წასვლა, სერენას და როჯერის ემოციური გამომშვიდობებები…
დროა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი შევაჯამოთ.
სეზონი სავსე იყო სანახაობით, დრამით, დაუვიწყარი მომენტებითა და კონტროვერსიით.
მანამ, სანამ ჩოგბურთში ახალი სეზონი აიღებს სტარტს, ერთად გადავხედოთ, თუ რა ვნახეთ გასული 12 თვის განმავლობაში.
ჯოკოვიჩის დეპორტი, ნადალის 21-ე სლემი
სეზონის ამაზე უფრო ეპიკური სტარტი ვინმეს წარმოედგინა?
დომინანტური 2021-ის შემდეგ, ერთი შეხედვით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მთავარი ფავორიტის სტატუსით მიემგზავრებოდა.
თუმცა, მელბურნში ჩასვლის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ ჩაიხლართა: ვიზასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო ნოლე საკარანტინო სასტუმროში გაგზავნეს და ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცეს.
იმ დროისთვის ავსტრალიაში მკაცრი კოვიდ რეგულაციები მოქმედებდა, რის გამოც ჯოკოვიჩის შემთხვევას ადგილობრივი მოსახლეობისგან პროტესტი მოჰყვა.
გაუგებრობამ ათ დღეს გასტანა. ნოლემ ქალაქში შესვლის და ვარჯიშის უფლება მიიღო. ის უკვე ტურნირზე ასპარეზობის დასაწყებად ემზადებოდა, თუმცა ავსტრალიის მთავრობამ ბოლო მომენტში ვიზა მაინც გაუუქმა.
ჯოკოვიჩის დანაკლისი AO-ზე რაფა ნადალის ზღაპრულმა სვლამ აანაზღაურა. ხუთთვიანი უქმობის შემდეგ მატადორი კორტზე ხმაურიანად, სწორედ იმ სლემზე დაბრუნდა, სადაც წარმატების მიღწევა ყოველთვის ყველაზე უფრო უძნელდებოდა.
მოიგო ხუთსეტიანი ორთაბრძოლა 1/4 ფინალში შაპოვალოვთან, დაძლია ბერეტინის ნახევარფინალური ბარიერიც.
ფინალი კი საოცრად დრამატული გამოდგა. დანილ მედვედევის წინააღმდეგ რაფამ საწყისი ორი სეტი დათმო, მდევრის როლში დაიწყო მესამე სეტიც და მეტოქემ სამმაგი ბრეიქპოინტი მიიღო, როცა…
ნადალმა სუპერძალები ჩართო და მაყურებელს ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქამბექი შესთავაზა. ეპიკური 5 საათისა და 24 წუთის შემდეგ ესპანელმა მატჩი ტრიუმფით დაასრულა და ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში მეორედ იმარჯვა.
სლემების რბოლაში ნადალი დაწინაურდა. 21!
ეშ ბარტის წასვლა
ქალთა ჩოგბურთის ლიდერმა კარიერის დასრულება 25 წლისამ გადაწყვიტა.
ეშლი ბარტის WTA ტურში უპირობო დომინაცია ჰქონდა გამოცხადებული. რასაკვირველია, 2022 წლის სტარტზეც ის მშობლიურ სლემზე გამოკვეთილ ფავორიტად ასპარეზობდა.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბარტიმ გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. მოიგო ტიტული სეტის წაუგებლად, საკუთარი ჩაწოდებაზე კი გეიმი მთელი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ დათმო.
ვინ იფიქრებდა, რომ AO-ს ფინალში კოლინსის წინააღმდეგ ასეთ საუცხოო ფორმაში მყოფი ბარტი კარიერის ბოლო მატჩს ატარებდა? რეიტინგის სათავეში გატარებული 114 კვირის შემდეგ ბარტის წასვლა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იყო.
“უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემთვის ასე უმჯობესია. მე ამ სპორტისთვის ყველაფერი გავიღე. ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა უამრავი რამ გააკეთეს, რომ მე ამ წარმატებისთვის მიმეღწია. ასე რომ, მსურს მათ ცხოვრებაში უფრო მეტი დრო დავუთმო. მე წარმოუდგენელი გზა გავიარე. აბსოლუტურად არაფერს ვნანობ”,
– თქვა ბარტიმ წასვლის შემდეგ.
ჩოგბურთში აქტიურად ასპარეზობა მუდმივ მოგზაურობას მოითხოვს. მთელი წლის განმავლობაში საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ყოფნა კი ეშ ბარტის არასდროს ხიბლავდა.
ალკარასის განაცხადი
თუ წლის სტარტზე მთელი ყურადღება რაფა ნადალმა თავისი 20-მატჩიანი მოგებათა სერიით მიიპყრო, გაზაფხულის სეზონი მთლიანად კარლოს ალკარას გარფიას ეკუთვნის.
18 წლის ესპანელმა რიოში, 500-ქულიანი ტურნირის მოგებით დაიწყო. ამას მოჰყვა სადებიუტო მასტერსის ტიტული. მაიამიში მან სეტის წაუგებლად აჯობა სტეფანოს ციციპასს, ჰუბერტ ჰურკაჩსა და კასპერ რუდს.
ბარსელონაში უკვე მისი წარმატება აღარავის გაკვირვებია. სამაგიეროდ, მადრიდის მასტერსზე ნაჩვენები სანახაობის შემდეგ, რთულია ვინმე გულგრილი დარჩენილიყო.
მან ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ნადალსა და ჯოკოვიჩს, ფინალში კი არც ალექსანდრ ზვერევი დაინდო.
“ჩოგბურთისთვის ძალიან მაგარია, რომ მსგავსი დონის სუპერვარსკვლავი გვყავს. ის მომავალში არაერთ სლემს მოიგებს და პირველი ნომერი გახდება”,
– თქვა ზვერევმა წაგებული ფინალის შემდეგ.
ალკარასი მასტერსის ორ ტიტულსაც არ დასჯერდა. დრო იყო რაღაც უფრო დიდის. გულშემატკივარი მისგან უფრო მკაფიო განაცხადს და სადებიუტო სლემის მოგებას ელოდა. ესპანელმა ისინი არ დააღალატა.
კარლიტომ US Open-ზე ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა. ფინალში კასპერ რუდი დაამარცხა და ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერიც გახდა.
ნადალი და გაროსი
გვითხარით უკეთესი ლავსთორი…
საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, რომის მასტერსის მიმდინარეობისას, რაფაელ ნადალი აშკარა ფიზიკურ პრობლემებს განიცდიდა.
მაგრამ მაინც, როგორ შეიძლება რაფაში ეჭვის შეტანა?
ესპანელმა მეოთხე წრეში ოჟე-ალიასიმთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა. ამას მოჰყვა შთამბეჭდავი 1/4 ფინალი ჯოკოვიჩთან, რომელთანაც შარშანდელი წაგებული ფინალის შემდეგ ერთგვარი რევანში აიღო.
რაფას ზვერევიც მტკიცე წინააღდეგობას უწევდა მანამ, სანამ გერმანელი საშინელ ტრავმას არ მიიღებდა და ჩოგბურთს ექვსი თვით გამოაკლდებოდა.
ფინალურ მატჩში ნადალმა კასპერ რუდს სძლია და როლან გაროსის მე-14 თასს დაეუფლა.
უიმბლდონის ბანი რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს
All England Club-მა წელს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს უიმბლდონზე მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები გახდა.
ბრიტანელთა განმარტებით, მთავრობასთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მათ ეს აუცილებლად ჩათვალეს.
ATP-მ მათ საკმაოდ კონტროვერსიული ნაბიჯით უპასუხა: წელს უიმბლდონზე სარეიტინგო ქულები არ გაათამაშეს. ჩოგბურთელები მხოლოდ საპრიზო ფონდისთვის უნდა გამოსულიყვნენ.
ბედის ირონია იყო ის ფაქტი, რომ ქალთა უიმბლდონზე გამარჯვება წარმოშობით რუს ჩოგბურთელს, ელენა რიბაკინას დარჩა, რომელიც ყაზახეთის სახელით ასპარეზობს.
ჯოკოვიჩის მე-7 უიმბლდონი
სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ ზაფხულში გზა ფართოდ გაიხსნა ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის.
შეიძლება ეს მისთვის ყველაზე ეფექტური ტურნირი არ ყოფილა, მოიგო მხოლოდ ორი მატჩი სეტის წაუგებლად, ჰქონდა უმძიმესი ბრძოლა 1/4 ფინალში იანიკ სინერთან, სადაც პირველი ორი სეტი დათმო.
მაგრამ მაინც – ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ სლემის ჩემპიონია.
“უიმბლდონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. ამ ტიტულის მოგების შემდეგ დიდი შვება და თავდაჯერებულობა ვიგრძენი”,
– თქვა ნოვაკმა ტრიუმფის შემდეგ.
აქვე ვახსენოთ ნიკ კირიოსიც, რომელიც პირველად გავიდა სლემის ფინალში. ავსტრალიელმა ბალახზე შესანიშნავი ხარისხის მატჩები ჩაატარა. ის მომავალ სეზონშიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
სერენა დაგვემშვიდობა
“მე ჩოგბურთის მიღმა ცხოვრებას ვიწყებ”.
ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ სერენა უილიამსმა ემოციური წერილი გამოაქვეყნა. ის წერს, თუ რამდენად მტკივნეულია მისთვის ეს გადაწყვეტილება. რომ მას არასდროს უნდოდა არჩევანი გაეკეთებინა ოჯახსა და ჩოგბურთს შორის.
ლეგენდარულმა ამერიკელმა კარიერის დასრულება ტორონტოს მასტერსზე დააანონსა, სადაც 14-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის მოგება შეძლო. ითამაშა ცინცინატიზეც, სანამ US Open-ზე გრანდიოზულ გამომშვიდობებას მოუწყობდნენ.
40 წლის სერენამ ამერიკის ღია პირველობაზე ორი წრე გაიარა და თავისი უკანასკნელი შეხვედრა მესამე რაუნდში, ტომლიანოვიჩთან გამართა.
არტურ ეშზე სენტიმეტებით ავსებულმა უილიამსმა ცრემლები ვერ შეიკავა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მან 1999 წელს თავისი პირველი სლემი მოიგო.
როჯერიც დაგვემშვიდობა
ორი GOAT-ი ერთ სეზონში, ცოტა ბევრი ხომ არაა?
სერენაზე ჯერ ცრემლი არ შეგვშროდა, როჯერმა რომ თავისი წასვლით თავზარი დაგვცა.
შვეიცარიელს 2021 წლის უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია. მუხლზე კიდევ ერთი ოპერაციის შემდეგ კი აშკარა გახდა, რომ პროფესიონალურ დონეზე სტაბილურად ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
“ეს ყველაზე მწარე გადაწყვეტილებაა. მომენატრება ის ყველაფერი, რაც ტურმა მომცა. ამავე დროს, შემიძლია ბედნიერი ვიყო. საკუთარ თავს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანად ვთვლი. მე მომეცა განსაკუთრებული ნიჭი, მეთამაშა ჩოგბურთი და ეს ისე შევძელი, როგორადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი”,
– დაწერა როჯერმა გამოსამშვიდობებელ წერილში.
როჯერის გაცილება ლეივერის თასზე ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი სცენა აღმოჩნდა. განსაკუთრებით ემოციური იყო ერთმანეთის გვერდიგვერდ ატირებული ფედერერისა და ნადალის ხილვა. კარიერის ბოლო მატჩი როჯერმა სწორედ თავისი დიდი ხნის მეტოქესთან ერთად ჩაატარა.
როგორც ნადალმა თქვა, როჯერის წასვლით მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილიც სრულდება, რადგან ისინი ყველაზე მთავარი მოვლენების დროს ყოველთვის ერთად იდგნენ.
რუნეს სუპერნოვა პარიზში
ახალი ვარსკვლავი დაიბადა – ჰოლგერ ვიტუს ნოდსკოვ რუნე.
წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტურნირი პარიზის მასტერსი იყო, სადაც 19 წლის დანიელმა დაუჯერებელი გზა გაიარა.
ინდორის სეზონის დაწყებისთანავე რუნემ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა. მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ის გახდებოდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, ვინც ერთ ტურნირზე Top 10-ის ხუთი მოთამაშის დამარცხებას შეძლებდა.
პარიზის გახსნით შეხვედრაში დანიელმა სტენ ვავრინკასთან სამი მატჩპოინტი გადაარჩინა, შემდეგ მოუგო ჰურკაჩს, რუბლიოვს, ალკარასს, ოჟე-ალიასიმს და გავიდა ბოლო ეტაპამდე.
ფინალურ მატჩში ნამდვილი თრილერი შედგა. ჰოლგერ რუნემ ჯერჯერობით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თვით ნოვაკ ჯოკოვიჩის გაწბილება შეძლო. თანაც, წაგებული სეტის შემდგომ.
რუნე ძალიან ამბიციურია და ამას არც მალავს:
“ჩემი მიზანი მსოფლიოს პირველი ნომრობაა. იქნებ ეს მომავალ წელს შევძლო, რატომაც არა?” – ამბობს რუნე.
შემაჯამებელი ტურნირები
ATP-ისა და WTA-ის წლის შემაჯამებელი ტიტულები, შესაბამისად, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კაროლინ გარსიამ გაინაწილეს.
სერბი მთელი ტურნირის განმავლობაში შეუჩერებელი იყო. პარიზის ფინალში განცდილი მარცხი ნოლემ ერთიანად აინაზღაურა და დაუმარცხებელი ჩემპიონი გახდა.
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ჯოკოვიჩმა მეექვსედ მოიგო ტურის ფინალები, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდს გაუტოლდა.
ხმაურიანად დახურა თავისი წარმატებული სეზონი კაროლინ გარსიამაც. შემაჯამებლის ნახევარფინალში მან მარია საკარის, ფინალში კი არინა საბალენკას მოუგო.
“ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. ვამაყობ იმით, რასაც მთელი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად მივაღწიე. მიხარია, რომ კარიერაში უდიდესი ტიტული მოვიპოვე”,
– თქვა გარსიამ ფინალის შემდეგ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ქართველი ჩოგბურთელისთვის 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი სხვადასხვა გამოწვევის გამო რთული აღმოჩნდა.
წლის დასაწყისში მან დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გააღწია, რაც ამ სეზონში მისი მაქსიმუმი იყო. იქ მას ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რობერტო ბაუტისტა აგუტი დახვდა. ესპანელმა ბასილაშვილს შარშანდელი ფინალის გამო რევანში აუღო.
ამის შემდეგ იყო რამდენიმე კარგი გამარჯვება, თუმცა ტურნირის სიღრმისეულ სტადიამდე გასვლა ძალიან გაჭირდა. უიმბლდონიდან მოყოლებული ნიკოლოზს წაგებათა სერია 6 მატჩამდე გაუგრძელდა.
სეზონის დასკვნით ნაწილში ფორმის აღსადგენად ბასილაშვილმა ფრანგულ ჩელენჯერზე მიიღო მონაწილეობა.
იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ სეზონში ნომერ პირველი ქართველი ჩოგბურთელი სათანადო ხარისხის დაბრუნებას შეძლებს.
ასეთი გამოვიდა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი. დაველოდოთ რას გვიმზადებს 2023. ვნახოთ, სეტანტა სპორტსზე.