2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელმა მოიყარა თავი. წითელი ჯგუფის შეხვედრები ორშაბათს, 14 ნოემბერს გაიხსნა.
დანილ მედვედევი VS ანდრეი რუბლიოვი
ორშაბათი დღის პირველ შეხვედრაში რუსული დერბი მივიღეთ, სადაც მაყურებელმა 2-საათნახევრიანი ნამდვილი თრილერი იხილა. ორმა ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობმა ოპონენტმა ძალები არ დაიშურა და დაუნდობელი, მრავალფეროვანი ორთაბრძოლა გაიმართა.
წლების განმავლობაში მედვედევი რუბლიოვისთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. დანილს ის ხუთიდან ხუთ შეხვედრაში ჰყავდა დამარცხებული ისე, რომ ანდრეიმ ერთი სეტის მოგებაც კი ვერ შეძლო. თანამემამულის კომპლექსი რუბლიოვმა პირველად შარშანდელი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში დაძლია.
მატჩი თავიდანვე უზარმაზარი ინტენსივობით წარიმართა. ვნახეთ გაცვლილი ბრეიკები. რუბლიოვმა სეტზე ჩაწოდება დათმო, შემდეგ ორმაგი სეტპოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე მიიღო, თუმცა მედვედევმა თავისი ყუმბარისებული ჩაწოდებების წყალობით ისინი იოლად მოიგერია. ბოლოს საქმე მაინც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც დანილმა თავის მეგობარს საოცარი ქამბექი შესთავაზა: დაბრუნდა რა 2:6-დან და მოიგო 9:7. ჯამში მან შვიდი სეტპოინტი იხსნა.
რუბლიოვმა ცინცინატი გაიხსენა და წაგებული სეტის შემდეგ ფარ-ხმალი არც აქ დაუყრია. შესვენების შემდეგ მეორე სეტში საოცარი შემართებით დაბრუნდა, არაჩვეულებრივად ამუშავა თავისი უკანახაზური დარტყმები როგორც ფორჰენდიდან, ისე ბექჰენდიდან. თავის მხრივ, ჩაწოდება გაპრობლემდა მედვედევისთვის, რომელმაც მხოლოდ მეორე პარტიაში ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ანდრეიმ ის ორჯერ გატეხა და სეტი 6:3 წაიღო.
გადამწყვეტი სეტი ყველაზე ხანგრძლივი, სანახაობრივი და დრამატული აღმოჩნდა. ჩამწოდებლები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნენ თავიანთ გეიმებს და ისევ მე-13 გეიმი გახდა საჭირო. რუბლიოვმა სტარტზე აქაც უპირატესობა მოიპოვა და 6:3 გავიდა წინ, დანილმა თითქოს მეორე ქამბექი დააპირა, გადაარჩინა ოთხი მატჩპოინტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში შეცდა და რუბლიოვმა მატჩი მეხუთე შანსის შედეგად დახურა.
ანდრეი რუბლიოვმა, რომელიც არაფავორიტად მიიჩნეოდა, კარიერაში მეორედ სძლია მედვედევს და ხმაურიანი განაცხადი გააკეთა ტურის ფინალების ნახევარფინალში პირველად მოსახვედრად.
სტეფანოს ციციპასი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი
ორშაბათს საღამოს მთელი საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება ერთი პიროვნებისკენ იყო მიმართული. ადამიანისკენ, რომელსაც ამ სპორტის ისტორიაში მორიგი თავის გადაწერა აქვს მიზანში ამოღებული. 35 წლის სერბი შემაჯამებელი ტიტულის მეექვსედ მოგებას და როჯერ ფედერერის მიღწევის გამეორებას გეგმავს.
რაც შეეხება ბერძენს, მისთვის იოლი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. მან შარშანდელი წლის ბოლოს მხარზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის სტარტზე დიდი მოლოდინები საერთოდაც არ ჰქონია, თუმცა მან მაინც მოახერხა ნოემბერში საუკეთესოებს შორის გარეულიყო. თანაც, ის ერთადერთია, ვისაც როგორც ახალგაზრდული, ისე დიდების შემაჯამებელი აქვს მოგებული.
ნოვაკმა კლანჭები თავიდანვე გამოაჩინა და პირველივე გეიმში ბრეიკით დაიწყო. საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნება სერბს არ გასჭირვებია და პირველი პარტია მშვიდად მიიყვანა ბოლომდე.
სტეფანოსმა მატჩის მეორე ნაწილში უფრო მეტი კონცენტრაციით იმოქმედა. აქ ერთადერთი ბრეიქპოინტი იყო, რომელიც ნოლეს ჰქონდა, თუმცა ბერძენმა დამაჯერებლად გადაარჩინა. მივიღეთ ლოგიკური ტაიბრეიკი, სადაც ციციპასი ფსიქოლოგიურად გატყდა და სტარტზე მიყოლებით ორი ჩაწოდება გააფუჭა. ჯოკოვიჩმა მიღებული საჩუქარი ხელიდან არ გაუშვა და შეხვედრა თავისი გამარჯვებით დაასრულა.
ნოლემ სტეფანოსის დამარცხება უკვე ზედიზედ მერვედ მოახერხა. ორი კვირის წინ, პარიზის მასტერსის ნახევარფინალში მიღებული სიუჟეტი ციციპასისთვის აღარ განმეორდა. ამჯერად ბერძენი პუბლიკისგან მიღებული ოვაციებით მეორე სეტში საკმარისად ვერ დაიმუხტა.
წლის შემაჯამებელი ტურნირი სამშაბათს, 15 ნოემბერს, მწვანე ჯგუფის მეორე წრის მატჩებით გაგრძელდება.