ილია თოფურია და P4P რეიტინგი – ისტორია დაწერილია! UFC-ის Pound For Pound რეიტინგს სათავეში ქართველი უდგას.
ილია თოფურია P4P რეიტინგში დაწინაურდა. UFC-ის ორი წონის ჩემპიონი აქამდე Pound For Pound რეიტინგში მხოლოდ ისლამ მახაჩევსა და მერაბ დვალიშვილს ჩამორჩებოდა.
ახლა კი როგორც Setanta Sports-ის კომენტატორები იტყოდნენ:
“UFC-ის ჰყავს მეფე – ილია თოფურია”
“ამ სპორტში ყველაზე დიდ ვარსკვლავს ხედავთ ახლა, ამ წამს ეკრანზე, ილია თოფურიას, საქართველოდან!”
“წარმოუდგენელი მებრძოლი ჰყავს საქართველოს… ახლოსაც არავინ არის ამ წამს”.
“შეხედე, შეხედე, ტურები ლომის გარშემო შეიკრიბნენ, მათაც სურთ ოქრო.” – მინდია წიკლაური და გიორგი ბუჩუკური.
ეს ოქრო კი ქართველი მატადორის, ილია თოფურიასია. რომლის 17 მოგებიდან ბოლო სამი საუცხოოდ გამოიყურება: ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა – თანაც, სამივე ნოკაუტით.
ჯერ კიდევ განახლებული რეიტინგის გამოქვეყნებამდე, მსოფლიოში აზრი ორად იყო გაყოფილი – თუ რომელ ადგილზე უნდა გადასულიყო ილია UFC 317-ის შემდეგ.
ნაწილი თვლიდა, რომ ორგანიზაცია თოფურიას გამარჯვებას ჩარლზ ოლივეირასთან 1-ელი პოზიციისთვის საკმარისად ჩათვლიდა, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ისლამ მახაჩევის პირველ ადგილს საფრთხე არ დაემუქრებოდა.
მაგალითად, კამარუ უსმანის დარი ავტორიტეტისა და გამოცდილების პატრონი თვლიდა, რომ ილია პირველ ადგილზე უნდა გადასულიყო. ცხადია, რთული იყო, 38 წლის ნიგერიელ მებრძოლს არ დათანხმებოდი და საბოლოოდ, ეს ასეც მოხდა.
იმავე აზრს, თანაც ერთსულოვნად, იზიარებდნენ MMA-ის მიმომხილველები და ექსპერტები.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
P4P რეიტინგი UFC 317-ის შემდეგ
ჯერ კიდევ 7 ივნისამდე P4P რეიტინგი ასე გამოიყურებოდა. მისი ბოლოს წინა კონფიგურაცია UFC Baku-ს შემდეგ მივიღეთ. მთავარი ძვრა კი ჯონ ჯონსის UFC-დან წასვლამ გამოიწვია.
ახლა Pound for Pound რეიტინგი ასე გამოიყურება:
# | მებრძოლი |
---|---|
1 | ილია თოფურია |
2 | ისლამ მახაჩევი |
3 | მერაბ დვალიშვილი |
4 | დრიკუს დუ პლესისი |
5 | ალეშანდრ პანტოჟა |
6 | ალექსანდრ ვოლკანოვსკი |
7 | მაგომედ ანკალაევი |
8 | ჯეკ დელა მადალენა |
9 | ტომ ასპინალი |
10 | ალექს პერეირა |
11 | მაქს ჰოლოუეი |
12 | ბელალ მუჰამედი |
13 | არმან ცარუკიანი |
14 | ხამზატ ჩიმაევი |
15 | ჩარლზ ოლივეირა |
რა არის P4P რეიტინგი?
„Pound-for-pound“ (P4P) ქართულად ითარგმნება როგორც „წონის გათვალისწინების გარეშე“ ან ზოგჯერ, ტერმინი პირდაპირ გამოიყენება, როგორც „ფაუნდ-ფორ-ფაუნდ“.
ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება სპორტის საბრძოლო სახეობებში, როგორიცაა კრივი და შერეული ორთაბრძოლები (MMA), მათ შორის UFC-შიც, რათა შედარდეს მებრძოლების ოსტატობა და დომინაცია სხვადასხვა წონით კატეგორიებში.
ეს რეიტინგი იძლევა შესაძლებლობას, შედარდნენ მებრძოლები ისე, თითქოს ერთნაირი ზომისა და წონისანი იყვნენ – ამით ხდება მებრძოლის უნარების სუბიექტური შეფასება, მათი ბუნებრივი წონის მიუხედავად.
UFC-ის კონტექსტში
UFC-ში “pound-for-pound” რეიტინგი არის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მებრძოლების შედარებას სხვადასხვა წონით კატეგორიებში, რათა განისაზღვროს საერთო ჯამში საუკეთესო მებრძოლი.
მიზანი:
P4P რეიტინგის მიზანია გამოავლინოს ყველაზე ოსტატური და დომინანტური მებრძოლი, განურჩევლად წონისა.
როგორ მუშაობს:
რადგან სხვადასხვა წონით კატეგორიის მებრძოლები ერთმანეთთან არ ეჯიბრებიან, საუკეთესო P4P მებრძოლის გამოვლენა სუბიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
შეფასების კრიტერიუმები:
შეიძლება გაითვალისწინოს მებრძოლის გამარჯვებების რაოდენობა, მოწინააღმდეგეების დონე და რამდენად დამაჯერებლად აჩვენებს დომინაციას ბრძოლებში.
სუბიექტურობა:
“Pound-for-pound” რეიტინგი არ არის ზუსტი ან ოფიციალური შეფასება. ის განსხვავდება სხვადასხვა მედია საშუალების ან ორგანიზაციის მიერ გამოყენებული კრიტერიუმების მიხედვით.
არ არის პირდაპირი საზომი:
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ P4P რეიტინგი არ ნიშნავს კონკრეტული მებრძოლის აბსოლუტურ უპირატესობას, არამედ წარმოადგენს ჰიპოთეტურ შედარებას მებრძოლებს შორის.
“Pound-for-pound” რეიტინგი საშუალებას იძლევა, რომ მებრძოლების ტექნიკური უნარების, სტილისა და წარმატების დონის შედარება მოხდეს ისე, თითქოს ყველა ერთი წონის იყოს — რაც ფანებისთვის ხშირად საინტერესო და სადავო თემას წარმოადგენს.
ეს ქართული ერაა – საუცხოო თვე UFC-ში
და ბოლოს – ეს, რა თვე გამოვიდა საქართველოსთვის UFC-ში?!
ჯერ იყო და მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის წინააღმდეგ ქამარი მეორედ დაიცვა. თანაც მერაბმა მეტოქეს სანახაობრივი ბრძოლით აჯობა და ფონს მხოლოდ არა გრეპლინგით, არამედ სტრაიკინგითაც გავიდა.
მერე იყო და ილია თოფურიამ პირველსავე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ჩარლზ ოლივეირა, მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარიც მოიპოვა და ისტორიაში პირველი ისეთი მებრძოლი გახდა, ვინც ორი წონის ჩემპიონობა დაუმარცხებლად იზეიმა.
ახლა კი ილია თოფურია და P4P რეიტინგი – მას სათავეში ქართველი მატადორი უდგას.
ჰოდა, Setanta Sports-ის გუნდს კამპანია “ეს ქართული ერაა”, უმიზეზოდ არ დაუქოქავს, თანაც წინასწარ. ჰოდა, ყველაფერთან ერთად კრედიტი ჩვენს გუნდს.
მომდევნო ქართული ბრძოლა UFC-ში უკვე აგვისტოს დასაწყისში გველის, როდესაც ოქტაგონს რომან დოლიძე დაიკავებს.
რაც შეეხებათ ილიასა და მერაბს, აქ ჯერ ნათელი არაფერია, თუმცა ცხადია, მთელი მსოფლიოს მსგავსად, ჩვენც თოფურია vs მახაჩევი ბრძოლას ველით, რომელიც გარდაუვლად მოსჩანს.