ბუდუ ბუნდესლიგაში კიდევ მინიმუმ 1 სეზონს ითამაშებს. ჰაიდენჰაიმმა დაძაბულ ბრძოლაში, ორი მატჩის ჯამში ელვერსბერგი დაამარცხა.
4-3 ორი მატჩის ჯამში. ჰაიდენჰაიმმა გასვლაზე ელვერსბერგს 2-1 სძლია და ბუნდესლიგის პლეი ოფში გაიმარჯვა. ბრძოლა პირველი მატჩის მსგავსად უშეღავათო იყო და შანსები მრავლად ელვერსბერგსაც ჰქონდა.
ანგარიში ჰაიდენჰაიმმა გახსნა. გოლი ჰონზაკმა შეაგდო. მერე პიერინგერმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მინდორზე ბუდუც გამოჩნდა.
ტაიმის ბოლოსკენ ელვერსბერგმაც გაათანაბრა, გოლი ასლანიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კოსოვოელი დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო მინდორზე.
შემართება და ფორტუნა – ჰაიდენჰაიმს ამ ფაქტორებმა უშველა. გარდამტეხ მომენტში კი, მაშინ როდესაც ყველაფერი ექსტრა ტაიმებისკენ მიდიოდა, ბურთთან ჰაიდენჰაიმის სამი ის ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვისაც ტექნიკა და საფეხბურთო ინტელექტი ყველაზე მაღალი აქვს – ბუდუ, სიენზა და ვანერი.
ტრიომ ბურთი ჩინებულად გაათამაშა და ბრაზილიელმაც, რომელიც ამ პლეი ოფის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა.
ამის შემდეგ ელვერსბერგს დრო ფაქტობრივად აღარ დარჩა. შესაბამისად, ბუნდესლიგა 2025-26 წლების სეზონი ბოლო გუნდად ჰაიდენჰაიმმა დააკომპლექტა! შესაბამისად, ბუდუ ბუნდესლიგაში, თავგადასავალი მინიმუმ, ერთი წლით გაგრძელდება.
ბუნდესლიგა 2025-26
შესაბამისად, მომდევნო ბუნდესლიგური სეზონი, რომელიც 22 აგვისტოს დაიწყება, ასე დაკომპლექტდა.
ბაიერნი |
ლევერკუზენი |
აინტრახტი |
დორტმუნდი |
ფრაიბურგი |
მაინცი |
ლაიფციგი |
ვერდერი |
შტუტგარტი |
მიონხენგლადბახი |
ვოლფსბურგი |
აუგსბურგი |
უნიონ ბერლინი |
ზანქტ პაული |
ჰოფენჰაიმი |
ჰაიდენჰაიმი |
კიოლნი |
ჰამბურგი |
ბუდუ ბუნდესლიგაში
ბუდუ ბუნდესლიგაში – 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჰაიდენჰაიმის სეზონი ამ სტატისტიკით დახურა.
მანამდე, ჰინრუნდე, პირველი წრე ბუნდესლიგა 2-ში დაჰყო სადაც ჩემპიონატში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, თასზე გამოსვლა კი 2 გოლითა და 3 ასისტით დაასრულა.
ჯამში ბუდუმ სეზონი 16 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით დაასრულა.