სომხეთი vs საქართველო – კავკასიური დერბი მეზობლების მონაწილეობით. სასწორზე ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენაა. ფავორიტი საქართველოა, თუმცა წყვილის პრინციპულობიდან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება კიდევ უფრო რთულია.
აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ რაც არ უნდა ფავორიტი იყოს საქართველოს ნაკრები, უდიდესი ალბათობით, წარმატების დიდი წილი მოგებულ ორთაბრძოლებზე წამოვა. შესაბამისად, სადღაც შეიძლება ნატიფი, ესთეტიკური ფეხბურთი დაიკარგოს, თუმცა პრაგმატიზმი მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე სრულებით გასაგები უნდა იყოს.
სომხეთი vs საქართველო – ერთა ლიგა პლეი ოფი
საქართველოს ნაკრებმა რამდენადაც საუცხოოდ დაიწყო ერთა ლიგის ჯგუფი, 2-დან 2 მოგებით, იმდენად არასახარბიელო შედეგით დაასრულა.
შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა, ჩეხეთსა და უკრაინას ჩამორჩა, ხოლო ალბანეთს გაასწრო და ახლა პლეი ოფს თამაშობს.
სომხეთმა C ლიგაში საკუთარ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. გარკვეულწილად სომხეთის ნაკრებს ბრძოლისუნარიანობის ფონზე გაუმართლა კიდეც. იყო შანსი, თანაც, საკმაოდ დიდი, რომ სომხეთის ნაცვლად პლეი ოფში ფარერის კუნძულების ნაკრებს ეთამაშა.
სომხეთის ნაკრებმა ერთა ლიგა უკრაინელი ოლექსანდრ პეტრიაკოვთან ერთად დაიწყო და ბოლოს, ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ, სურენ ჩახალიანთან ერთად ჩაამთავრა, რომელმაც დროებითი მთავარი მწვრთნელის რეგალია მოირგო. ასეთი რაღაც საქართველოს ნაკრებსაც გადახდენია, ოღონდ ოდესღაც. დროებითი მწვრთნელის რანგში ნაკრები მოედანზე ფუნქციონერებიდან მერაბ ჟორდანიას და გაიოზ დარსაძეს გაუყვანიათ. თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, ახლა მეტოქეს მივუბრუნდეთ.
სომხეთმა ჯგუფში სულ 7 ქულა აიღო, აქედან ფარერებს ეთამაშა ერთხელ ფრედ და ორჯერ მოუგო ბოლოადგილოსან ლატვიას.
მწვრთნელების ცვლილების გარდა სომხეთის ნაკრებში ფეხბურთელების ცვლილებაც აქტიურად ხდება.
სამწვრთნელო პოსტზე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ფედერაცია რაულ გონსალეს ბლანკოსაც კი განიხილავდა. საბოლოოდ მოლაპარაკება წარმატებით არ შედგა და სომხეთის ნაკრები იოჰანეს ვანტ სხიპმა ჩაიბარა, რომელსაც ასისტენტობას არონ ვინტერი უწევს. დიახ, ეს ის ჯონ ვანტ სხიპია, რომელიც აიაქსში გიორგი მიქაუტაძეს წვრთნიდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
საქართველოს მხარეს ცხადია მთავარი განსხვავება კაშიასა და კვარაცხელიას არყოფნა იქნება. ორივე მათგანი პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
გამოძახებულები არ არიან კვერკველია და გველესიანი, შესაბამისად, დაცვის საშუალო ასაკი საკმაოდ შემცირებულია.
წინასაშეკრებო პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა, ირიბად თუ პირდაპირ, 3-4-2-1 ფორმაციის მოუქნელობასა და დაცვაში გაახალგაზრდავების თემებზე ისაუბრა.
ცხადია, მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე სურპრიზს, მაგალითად 4-3-3-ს ნაკლებად უნდა ველოდოთ, შეიძლება ასიმეტრული ფლანგები ვნახოთ. ასევე, ბურთით 4 და უბურთო 5-მცველიანი განლაგება. გააჩნია, ვინ დადგება მარჯვენა შუა მცველად – საბა გოგლიჩიძე და თუ ოთარ კაკაბაძე.
სომხეთი vs საქართველო – ურთიერთშეხვედრები
სომხეთზე მეტი მატჩი საქართველოს მხოლოდ 14 ნაკრებთან აქვს გამართული. საგულისხმოა, რომ იმ ნაკრებების წინააღმდეგ ვისთანაც ჯვაროსნებს 2-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ, სომხეთთან მატჩები, შინ და გასვლაზე, ყველაზე დაბალი საშუალო დასწრებით გამოირჩევა. ეს სტატისტიკა, ბუნებრივია, ახლა გაუმჯობესდება.
დაპირისპირება, ბუნებრივია სამეზობლო ფაქტორიდან გამომდინარე პრინციპულია. სიღრმეებში თუ წავალთ, საბჭოთა და რუსული ოკუპაციის გამო, მეტოქეობა დინამო – არარატის პაექრობით გამოიხატებოდა.
ნაკრებებს რაც შეეხება, ერთმანეთთან 7-ჯერ გვითამაშია. აქედან ჯვაროსნებმა 3 მოიგეს, 2-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ში სომხებმა იზეიმეს წარმატება. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსში საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს – 14:8-ზე. ეს კი ცხადია, იმ 7-0-ის გამოძახილია, რომელიც დინამო არენაზე საქართველომ 1997 წელს მოიგო.
სანამ 2023 წელს საქართველომ ტაილანდი 8:0 არ დაამარცხა, ხსენებული მატჩი სომხეთთან სარეკორდო გამარჯვება იყო. ეს კი 26 წელს გაგრძელდა.
ის 0:7 სომხეთის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი სხვაობით წაგებული მატჩი იყო, სანამ იტალიასა და ნორვეგიასთან შესაბამიად, 1:9-სა და 0:9-ს არ წააგებდნენ.
იმ შეხვედრაში სამი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, დუბლი არჩილ არველაძემ გაიფორმა, ხოლო თითო გოლი გიორგი ქინქლაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზე იყო.
მომდევნო მატჩიც ამხანაგური იყო. 2000 წლის თებერვალში კვიპროსის ტურნირზე ჯვაროსნება 2:1 გაიმარჯვეს. გოლები ზაზა ჯანაშიასა და ზურაბ მენთეშაშვილის ანგარიშზე იყო.
რიგით მესამე შეხვედრა ერთადერთია, რომელსაც ერევანმა უმასპინძლა. ორ თვეში სომხეთის დედაქალაქში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.
2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ სომხეთის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. გოლები ტყუპმა ძმებმა არმან და არტავაზ კარამიანების ანგარიშზე იყო.
მომდევნო მატჩამდე 7 წელი გავიდა. 2011 წელს საქართველომ ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის გოლებით 2:1 დაამარცხა სომხეთი ამხანაგურ შეხვედრაში. აი 9 წლის შემდეგ კი უკვე ოფიციალური შეხვედრების დროც დადგა.
2020 წელს ერთა ლიგაზე, C ლიგაში სტუმრად, ოღონდ ნეიტრალურზე, პოლონეთში გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები თორნიკე ოქრიაშვილისა და ნიკა კაჭარავას ანგარიშზე იყო.
ჯგუფის საპასუხო შეხვედრა კი ჩრდ. მაკედონიასთან ყველაზე მტკივნეული მარცხიდან მალევე შედგა. იქ არც ხასიათი იყო, არც განწყობა და არც იღბალი. საბოლოოდ, ის მატჩი სომხეთმა სათავისოდ ლოგიკურად, ღაზარიანისა და ადამიანის გოლებით დაასრულა, რომელთაც ვაკო ყაზაიშვილის გოლს უპასუხეს.
ვანტ სხიპი vs მიქაუტაძე
ჯონ ვანტ სხიპს სხვადასხვა დროს აიაქსი და საბერძნეთი გაუწვრთნია. ასისტენტის რანგში კი მარკო ვან ბასტენის თანაშემწე იყო ნიდერლანდების ნაკრებში 2004-2008 წლებში.
ევროპის გარდა ჰოლანდიელ მწვრთნელს ავსტრალიასა და მექსიკაშიც უმუშავია. სომხეთის ნაკრები კი მისთვის შესაძლებლობების დამტკიცების მორიგი პლატფორმა უნდა იყოს. რამდენად წარმატებით, მაგას ცხადია, დრო გვიჩვენებს.
რაც შეეხება აიაქსში მისი და მიქაუტაძის თანაცხოვრებას ის იდეალურისგან მოშორებული იყო. როგორც მედია წერდა, ვანტ სხიპს მიქაუტაძის გუნდში ყოლა არ სურდა და ჟორჟის ტრანსფერი მისი და სპორტული დირექტორის, სვენ მისლიტანტის დაპირისპირების ერთ-ერთი საგანიც იყო.
ვანტ სხიპმა ჟორჟს ცხრიანის პოზიციაზე შანსი ფაქტობრივად არ მისცა. თუ ათამაშებდა, მისთვის ატიპურ, უცხო პოზიციაზე. ბოლოს აიაქსიდან პირველი მისლიტანტი გაუშვეს, მერე ჟორჟი მეცში იჯარით დააბრუნეს და მალევე დაკავებული პოსტიდან ვანტ სხიპიც გაათავისუფლეს.
მაშინ გვარიანად არეულმა აიაქსმა ჭრილობები მერეღა მოიშუშა, ეს პროცესი კარგა ხანს გაგრძელდა და ამსტერდამული გრანდი ჩვეულ პოზიციას ახლაღა დაუბრუნდა. ერედივიზიის ჩემპიონობას აიაქსი, დიდი ალბათობით, 37-ედ იზეიმებს.
ჟორჟს რაც შეეხება, ვანტ სხიპის არასწორი არჩევანი და სამწვრთნელო ჭირვეულობა, უკვე მეცშივე, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე და ახლა უკვე ლიონში დაამტკიცა.
შესაბამისად, ამ დუელს რევანშისტულ პრიზმაში უფრო ფანურად თუ აღვიქვამთ, ვიდრე სპორტულად. თუმცა ცხადია, მორიგი, პირადი დადასტურება მიქაუტაძისგან ვანტ სხიპის მიმართ, ზედმეტი უთუოდ არ იქნება, თანაც ეს ეროვნულ გუნდს წაადგება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვილი სანიოლის გუნდში მხოლოდ ერთი დებიუტანტია. ლუკა ლაცაბიძემ დაბადების დღე სადებიუტო გამოძახებით აღნიშნა.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი),
თავდასხმა: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
სომხეთი vs საქართველო – მთავარი მსაჯი
სომხეთი vs საქართველო მატჩს რუმინელი რადუ მარიან პეტრესკუ იმსაჯებს. მას საქართველოს ნაკრების მატჩი ორჯერ განუსჯია. მეტოქეებში კონტრასტი სახეზეა – ანდორა და ესპანეთი, თუმცა ჯვაროსნებს არაცერთი მატჩი არ მოუგიათ. 1-1 ანდორასთან და 1-2 ესპანეთთან.
სომხეთის ნაკრების მონაწილეობით განსჯილი მატჩების რაოდენობაც იდენტურია. თუმცა თუკი სომხეთმა საფრანგეთთან 0-3 დათმო, ირლანდიას 1-0 მოუგო.
42 წლის მსაჯი FIFA-ს კატეგორიას 2012 წლიდან ატარებს, სანაკრებო მატჩებს კი 2016-დან მსაჯობს.
სომხეთი vs საქართველო – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩების პირადპირ რეპორტაჟს მაყურებელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს. ერევანში მატჩი 20 მარტს, 21:00 საათიდან დაიწყება, ხოლო თბილისში, 23 მარტს – 18:00 საათზე.
ერევანსა და ცხადია, თბილისშიც Setanta Sports-ის გუნდი შეხვედრებს, მატჩისწინა და მატჩისშემდგომ პერიპეტიებს ადგილიდან გააშუქებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ტრადიციულ ლაივ ტექსტს შემოგთავაზებთ, რომლის მეშვეობთაც, უშუალოდ სტადიონზე მიმდინარე მოვლენებსა და ანალიზს შემოგთავაზებთ.
ყველა, ვიდეო თუ ბეჭდური მასალი ხილვას სოციალურ ქსელებში Setanta Sports-ის გვერდებსა და ჩვენს ბლოგზე შეძლებთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.