ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან – ჰაიდენჰაიმისა და საქართველოს ნაკრების ფორვარდს მე-2 ბუნდესგოლის შემდეგ გავესაუბრეთ.
გოლებზე, კლუბში არსებულ ვითარებაზე, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებსა და აქტუალურ თემებზე, ტრადიციულად, ბუდუმ საინტერესო პასუხები დაგვიბრუნა.
ბუდუ ზივზივაძე – გოლი ჰოფენჰაიმთან
რიონისპირელმა ზივზივაძემ რუბიკონი გადალახა. რამხელა სხვაობაა გაბარიტებში? – ცხადია, დიდი, თუმცა ბუდუ გამოწვევებს, სირთულეებს არ უშინდება და ამტკიცებს, რომ მისი ფრანკ შმიდტს ტყუილად არ ეიმედებოდა.
ბუდუმ სადებიუტო ბუნდესლიგური გოლი ჰოფენჰაიმს გაუტანა. იმ მატჩს ჰაიდენჰაიმი აგებდა, ცვლილებაზე გამოსულმა ქართველმა კი ფრანკ შმიდტის გუნდს ქულა გადაურჩინა.
ეს რიგით 81-ე ქართული გოლი იყო ბუნდესლიგაში. ასევე, პირველი რომელიც 2014 წლის შემდეგ გერმანული ფეხბურთის ელიტაში ქართველმა გაიტანა.
ბოლოს გოლით თავი ლევან კობიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ჰერტას მაისურით 22 თებერვალს შტუტგარტს გაუტანა.
ბუდუმ კი ოლივერ ბაუმანს მარჯვენათი ისეთი გაუტანა, ხელს აბსოლუტურად ყველა რომ მოაწერდა. თანაც ბაუმანი მოქმედ ფეხბურთელებს შორის მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შემდეგ ყველაზე გამოცდილია და ამ სეზონსაც იმდენად მაღალ დონეზე ატარებს, რომ 2024-ის მიწურულს გერმანიის ნაკრებში მისი დებიუტიც კი შედგა.
ცხადია, საუბარი ყველაზე ახლით და საკლუბო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვნით, გატანილი გოლებით დავიწყეთ.
“პირველი გოლის დროს, უცებ, სიმსუბუქე ვიგრძენი, ტვირთის მოხსნას ჰგავდა მხრებიდან. წნეხი, დაძაბულობა, ყველაფერი ერთად გაქრა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, კვანძის გახსნას ჰგავდა.
იმ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ ჩემთვის სეზონი იმ დროს დაიწყო, გოლების კუთხით ვამბობ. თან ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.”
ბუდუ ზივზივაძე
ბუდუ ზივზივაძე – გოლი ჰოლშტაინ კილთან
პირველს მეორე მოჰყვა. ბუდუმ ჰოლშტაინ კილთან 6-ქულიან შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში მე-18 და მე-17-ადგილოსნების დუელში ჰაიდენჰაიმისთვის სამი ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
ბუდუმ კი ტიმონ ვაინერს მეორე ტაიმის სტარტზევე გაუტანა, მერე კი სირლორდ კონტეს სადებიუტო ბუნდესგოლი გაატანინა. სხვათა შორის, კონტე კერბერის მერე მეორე ფეხბურთელია, ვისაც ბუდუმ სადებიუტო გოლის მომენტში უპასა.
2 გოლი და 2 ასისტი, მძიმე აუთსაიდერად ჩამოლაბორანტებულ ჰაიდენჰაიმში, როგორია, ცხადია, დიდებული!
თანაც, ეს როგორ დღეს მოხდა, 1990 წლიდან მოყოლებული საფეხბურთოდ ყველაზე “ქართულ დღეს”. ბუნებრივია ლეგიონერებს ვგულისხმობ და მათ წარმატებულ გამოსვლას.
გოლი გოლზე, საგოლე პასი საგოლე პასზე, მამარდას ჰეროიკული მოგერიება თითქმის სხვა ყველას მაღალი ხარისხის მატჩზე მოდიოდა და ბოლოს სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებამდე დოპამინისა და ოპტიმიზმის იმხელა პორცია მივიღეთ, როგორიც აქამდე ამ დოზით არასდროს მიგვეღო.
ამიტომაც იყო, საკომენტატორო კაბინაში ემოციებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი რომ მივეცით და ბუდუს გოლსა და ასისტთან ერთად სადღაც მთლიანი, ჯერ კიდევ უსრული დღის წარმატება ერთად, შეჯერებულად აღვნიშნეთ.
”მეორე გოლიც უმნიშვნელოვანესი იყო ზედიზედ მეორე თამაშში, რომ გავიტანე, და გამართლდა ის, რასაც ვამბობდი. ორივე გოლის დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ორივე გოლი ლამაზი იყო და ამავდროულად, რთულად შესასრულებელი. როცა ეგეთი გოლები გაგაქვს უფრო თავდაჯერებული ხდები.
მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ბედნიერია ჩემი გოლებით, რადგან ყოველთვის მამხნევებდა და გვერდში მედგა უგოლო სერიის დროს და მაგრძნობინებდა, რომ ჩემი სჯეროდა.”
ბუდუ ზივზივაძე
სხვათა შორის, რეპორტაჟზე სურვილად გამოთქმული კიკერის სიმბოლურიც აგვიხდა. ბუდუ ტურის სიმბოლურ გუნდში სეზონში მეოთხედ მოხვდა. წინა სამ ჯერზე ბუნდესლიგა 2-ში, ახლა კი ბუნდესლიგაში – პირველად.
ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან – ბუნდესლიგის კალენდარი
ახლა პლეი აუთის მე-16 ადგილს, რომელსაც ბოხუმი იკავებს, ჰაიდენჰაიმს ქულა აშორებს. მიზანი ცხადია, 4 ტურის წინ დაკარგული ამ პოზიციის დაბრუნება და შემდეგ ორმატჩიან დუელში ბუნდესლიგა 2-ის მესამეადგილოსანთან ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
თუმცა ჰაიდენჰაიმს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. სანაკრებო შესვენების შემდეგ ვოლფსბურგით რომ დაიწყება, ლევერკუზენით, აინტრახტით, ბაიერნითა და შტუტგარტით გაგრძელდება.
მერე იქნება ბოხუმთან 6-ქულიანი შეხვედრა, რადგან ბოხუმსაც არ ულხინს კალენდარში მეტოქეების მხრივ და შემდეგ 2 ტურიღა დარჩება.
შესაბამისად, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზანი, ბრძოლისუნარიანობაზე გაივლის.
ამ მიზნისკენ სავალ გზაზე კი ჰოლშტაინ კილთან დაგეგმილი 3 აუცილებელი ქულა პირველი ნაბიჯი იყო. თანაც ბუდუს გუნდმა ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
”გუნდში ყველა ბედნიერია, ყველა კარგ განწყობაზეა. 9 თამაში არ მოგვეგო და ამ გამარჯვებამ რწენა შეგვმატა იმისა, რომ შევძლოთ ბუნდესლიგაში დარჩენა. ცხადია, კლუბის მთავარი მიზანი დარჩენილ ტურებში სწორედ ესაა და ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.”
ბუდუ ზივზივაძე
ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან – საქართველოს ნაკრები
ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესთან ცხადია ეროვნული ნაკრების თემით განვაგრძეთ.
სომხეთი vs საქართველო და საქართველო vs სომხეთი – ორი მატჩი გადაწყვეტს, საქართველოს ნაკრების ადგილს B ლიგაში შეინარჩუნებს, თუ C ლიგაში დაქვეითდება.
ბუდუ ზივზივაძე კი მას შემდეგ, რაც გერმანიაში გადაბარგდა, ნაკრებში თითქმის მუდმივად გოლით და კარგი ფორმით მოდის. გამონაკლისი არც 2025 წლის პირველი შეკრებაა.
ბუდუს მსგავსად, ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სომხეთთან მატჩებს დიდი სათამაშო პრაქტიკითა და მინიმუმ, ოპტიმალური ფორმასთან სიახლოვით ხვდება.
როგორც სეზონის სტარტზე ჩვენთან ინტერვიუში გვითხრა, ბუდუ სხვების მსგავსად მაქსიმალურად ცდილობს ნაკრებში მისი თანაგუნდელების საკლუბო მატჩებსა და შედეგებს თვალი მუდმივად მიადევნოს. ქართველი ლეგიონერების განსაკუთრებით წარმატებული უქმეები არც მას გამოჰპარვია.
ცხადია, ქართველ შემტევს სომხეთთან მატჩების მოლოდინზეც ვკითხეთ.
“როცა სანაკრებო პაუზა ახლოვდება, ყოველთვის გსურს, რომ კარგ ფორმაში იყო, რათა ნაკრებს დაეხმარო. განსაკუთრებულია, როცა ნაკრებში გოლით მოდიხარ.
საუცხოო კვირა იყო თითქმის ყველა ქართველისთვის და დაგვეხმარება ეს თავდაჯერება ნაკრებში სომხებთან თამაშებში.
სომხეთთან მატჩებში საკვანძო იქნება ის, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ორივე თამაში ჩვენს სასიკეთოდ დავამთავროთ.”
ბუდუ ზივზივაძე
ერევანში, 20 მარტს გასამართი, სომხეთი vs საქართველოს შემდეგ, საქართველო vs სომხეთი დინამო არენაზე 23 მარტს გაიმართება. ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ბრუნდება. ცხადია, გულშემატკივრის ფაქტორი ჯვაროსნების წარმატების ერთ-ერთი საწინდარია, ამიტომაც ბუდუს საშინაო სტადიონზე დაბრუნების მნიშვნელობაზეც ვკითხეთ.
“მარტის ფინალების შემდეგ დინამო არენაზე ვბრუნდებით და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემოციურად ეს სტადიონი უფრო გვეკუთვნის ნაკრებს.
სავსე დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და ახლაც, ვფიქრობ, ამ დაპირისპირებებში გადამწყვეტი იქნება.”
ბუდუ ზივზივაძე


ბუნდესლიგაში მომდევნო მატჩს ჰაიდენჰაიმი 29 მარტს, ვოლფსბურგის წინააღმდეგ, გასვლაზე გამართავს.
თუმცა ცხადია, მანამდე, სომხეთი vs საქართველო და საქართველო vs სომხეთი – ბუდუს ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ველით.