ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის შუქურაა. დგას ეულად და ანათებს მთელ აღმოსავლეთს. დასავლეთიდან მოსულებსაც პირველი ბოსტონელები შეავლებენ თვალს და ხშირად ახერხებენ კიდეც მათ უკან გაბრუნებას.
ამჯერად ფინიქსიდან ესტუმრნენ და თი დი გარდენზე ვნახეთ ის, რასაც ვხედავთ ხოლმე ჩვეულებრივ, კარგი პუბლიკა, კარგი დარბაზი, მწვანე დომინაცია.
ბოსტონ სელტიკსი vs ფინიქს სანსი
ჯეილენ ბრაუნი მთელი სეზონის მანძილზე ახერხებს ტეიტუმის მსგავსი სტატისტიკა დადოს, მათი შედეგები ყოველთვის ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ვიღაც-ვიღაცები ამბობენ კიდეც გუნდის ნამდვილი ლიდერი არა ტეიტუმი, არამედ, ჯეილენ ბრაუნიაო.
თუმცა, გუნდის თამაში მაინც ჯეისონზეა აწყობილი, უფრო მეტის უფლებას აძლევს თავს, ბრაუნი ნამდვილად არ ისვრის ისე ხშირად, როგორც ტეიტუმი, თუმცა, ხშირად უკეთესი პროცენტით ახერხებს სროლას.
არ ვიცი, შესაძლოა, მეჩვენება კიდეც, მაგრამ ამ ორი მოთამაშის ერთ გუნდში ყოფნა უფრო მეტად შიდა კონკურენციას ჰგავს ლიდერობისთვის, ვიდრე, გამორჩეულ დუოს NBA-ში. არ აქვთ ისეთი ქიმია როგორც მაგალითად იოკიჩსა და მარის, დონჩიჩი და კაირიც კი უკეთესად დალაგდნენ, ვიდრე ეს ორი. რა ვიცი.. ასე მგონია.
ფინიქსთან კი ჯეილენს საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა და გუნდის ლიდერიც სწორედ ის იყო. მის ანგარშზე 37 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/23.
ბოსტონ სელტიკსმა პირველი სამი მეოთხედი მოიგო: 35:32 – 30:28 – 37:25 – ბოლო მეოთხედში კი ორი ქულით დამარცხდა – 25:27. საბოლოო ანგარიში – 127:112.
- ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 26 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტია. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18.
- ალ ჰორფორდმა 26 ქულა დააგროვა, 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
- კევინ დურანტის ანგარიშზე 20 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/19.
- გრეისონ ალენმა 20 ქულა ჩააგდო, ბრედლი ბილმა 22, დევინ ბუკერმა კი 23. იუსუფ ნურიკიჩმა კი 20 მოხსნა დააგროვა.
ბოსტონ სელტიკსი (52/14) აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ფინიქს სანსი (38/28) კი დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა. სელტიკსი მომდევნო შეხვედრას ვაშინგტონთან გამართავს, ფინიქსი კი შარლოტ ჰორნეტს შეხვდება.
რეგულარული სეზონი
ჩიკაგო ბულზი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი – 111:126
პოლ ჯორჯის ანგარიშზე 28 ქულაა;
ჰიუსტონ როკეტსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი -135:119
ჯეილენ გრინის ანგარიშზე 37 ქულაა;
მილუოკ ბაქსი vs ფილადელფია სიქსერსი – 114:105
იანისის ანგარიშზე 32 ქულა და 11 მოხსნაა;
ოკლაჰომა სიტი vs დალას მავერიქსი – 126:119
ირვინგის ანგარიშზე 36 ქულა და 12 ასისტია. ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია;
პორტლენდ ბლეიზერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 93:105
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 45 ქულაა;
თბილისის დროით 04:30 ზე სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეთსს შეხვდება. შეხვედრის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.