ორწლიანი პაუზის შემდეგ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში შთამბეჭდავად ბრუნდება.
ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის გამარჯვება უცხო არ არის, თუმცა ავსტრალიურ მიწაზე ის განსაკუთრებით ლეტალური ხდება.
სამშაბათს, ადელაიდის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში, კონსტანტ ლესტიენთან მოპოვებული გამარჯვებით მისი მოგებათა სერია ავსტრალიურ ტურნირებზე 30-მდე გაიზარდა.
2018 წლის ავსტრალიური სლემის მეოთხე წრეში, ნოლემ სამხრეთ კორეელ ჰეიონ ჩანგთან წააგო. მას შემდეგ ის ავსტრალიაში დაუმარცხებელია.
ნოვაკის თვალისმომჭრელი სტატისტიკა ამით არ იწურება: მას ასევე ავსტრალიაში ჩატარებული ბოლო 50 მატჩიდან 48, ხოლო ბოლო 76-დან 73 აქვს მოგებული.
ბუნებრივია, ჯოკოვიჩს თავისი ავსტრალიური წარმატების საიდუმლოს გასაღების შესახებ ჰკითხეს:
“თუ წარმატების კუთხით რომელიმე ერთი ქვეყანა უნდა ამოვირჩიო, ეს ავსტრალია იქნება. სწორედ აქ მოვიგე ჩემი პირველი სლემი, მქონდა არაერთი ეპიკური მატჩი. მაგალითისთვის, დაუვიწყარი ფინალი 2012-ში ნადალთან. ჩოგბურთის მხრივ, ავსტრალია ყოველთვის გამორჩეულად კარგად მეპყრობოდა. აქ ჩამოსვლას და გულშემატკივრებთან შეხვედრას ყოველთვის მოუთმენლად ველი”,
– ნოვაკ ჯოკოვიჩი.
Always time for the fans ?@DjokerNole #AdelaideTennis pic.twitter.com/3rL7gxN9gw
— Tennis TV (@TennisTV) January 3, 2023
ჯოკოვიჩის მოგება-წაგებათა ბალანსი ავსტრალიაში 2011 წლის შემდეგ:
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2011 წელი ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2012 წელი ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2013 წელი ;
- 4:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2014 წელი (წააგო ვავრინკასთან 1/4 ფინალში) ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2015 წელი ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2016 წელი ;
- 1:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2017 წელი (წააგო დენის ისტომინთან მე-2 წრეში) ;
- 3:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2018 წელი (წააგო ჰეიონ ჩანგთან მე-4 წრეში) ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2019 წელი ;
- 6:0 – ATP თასი, 2020 წელი ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2020 წელი ;
- 2:0 – ATP თასი, 2021 წელი ;
- 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2021 წელი ;
- 1:0 (ჯერჯერობით) – ადელაიდი, 2022 წელი.