სარჩევი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურის ფინალების თასით

2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ჩემპიონი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ნოლე ფინალურ შეხვედრაში კასპერ რუდს დაუპირისპირდა, რომელთანაც 100%-იანი მოგებათა მაჩვენებელი აქვს.

სერბი ამ ტურნირის ფინალში მერვედ იღებდა მონაწილეობას, ნორვეგიელისთვის კი ეს სადებიუტო ფინალი იყო.

მიუხედავად ნადალთან განცდილი მარცხისა, რუდმა ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალი მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ის ნოვაკს ღირსეულ ოპონირებას გაუწევდა.

ფინალური მატჩის პერიპეტიები

ჯოკოვიჩმა თავისი შანსები სტარტზევე მიიღო და ორმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა. თუმცა კასპერ რუდმა ორივე კარგი ჩაწოდებით მოიგერია. მერვე გეიმში მოუხდა კიდევ ერთი ბრეიკპოინტის გადარჩენა.

მოვლენები მაინც თანაბრად, ჩამწოდებლების სტაბილური თამაშის ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, ყველაზე საპასუხისმგებლო გეიმში, სეტში დასარჩენად ჩაწოდებისას ნოლემ მაინც გატეხა რუდი და 7-5 მოიგო.

მეორე სეტში გარდამტეხი გეიმი მეოთხე აღმოჩნდა, რომელიც კასპერმა ჩაწოდებიდან აშკარად ჩააგდო. ნოლე ბრეიკიანი უპირატესობის დათმობას უკვე აღარ აპირებდა და მეორე პარტიაც მშვიდად, ერთი ბრეიკის ხარჯზე მიიყვანა ბოლომდე.

საბოლოოდ, 7:5, 6:4. ჯოკოვიჩმა მატჩის მოგება მაღალი კლასისა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდების წყალობით შეძლო.

ჯოკოვიჩის მორიგი თავი ისტორიის წიგნში

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა. მან წლის შემაჯამებელი ტურნირი უკვე მეექვსედ მოიგო, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა.

გარდა ამისა, ის გახდა ყველაზე დიდი საპრიზო ფონდის მფლობელი. ვინაიდან ნოვაკი დაუმარცხებელი ჩემპიონი გახდა, მას საერთო ჯამში 4 მილიონ 700 ათასი დოლარი გადაეცა.

2022 წლის სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუთი ტიტული მოიგო: რომის მასტერსი, უიმბლდონი, თელ-ავივი, ასტანა და ტურის ფინალები.