ფიჯი 17-12 საქართველო – მარცხის მიზეზები, ანუ ძარცვა ინგლისურად

ფიჯი 17-12 საქართველო - მარცხის მიზეზები, ანუ ძარცვა ინგლისურად | Setanta Sports

ფიჯი 17-12 საქართველო – ამბობენ, რაგბი ის ხულიგნური სპორტია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენო. ეს აზრი შეიძლება სიმართლეს ღაღადებს, მაგრამ ის, რაც ბორდოში, „მათმუთ ატლანტიკზე“ ვნახეთ, მსაჯის მიერ გაფუჭებული ან ნახულიგნარი უფრო გამოდის.

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ბევრი სკანდალური სამსაჯო გადაწყვეტილება შეიძლება გავიხსენოთ.

2007-ში კარდიფში არდასტვენილი ფრანგული „წინთამაში“ ახალ ზელანდიასთან, 2011-ში სწორედ „ოლ ბლექსისთვის“ დაბრუნებული ვალი, სადაც ფინალში უბრალოდ გაიწირა რეფერისაგან საფრანგეთი, მაგრამ თუ სამაჯო ბრიგადის კომპლექსურ და კოლექტიურ შეცდომებზე ვისაუბრებთ და თამაშის სატურნირო მნიშვნელობას გვერდზე გადავდებთ, შეიძლება საქართველო-ფიჯიზე მომხდარის მსგავსის პოვნა გაგვიჭირდეს.

მოდით, აქვე წარვადგინოთ ჩვენი შეხვედრის მთავარი მსაჯი, ინგლისელი კარლ დიქსონი, რომელსაც ვიდეო რეფერის ოთახიდან თანამემამულე ტომ ფოლი ეხმარებოდა.

ისე, 2019-ში სანდრო თოდუაზე ბოჭვისას, რასაც ფიჯელი ჯოშუა ტუისოვა აკეთებს, მინიმუმ ყვითელი ბარათია, თუ წითელი – არა. თამაშამდე სწორედ იმ მომენტს ვიხსენებდი, რომელმაც შეიძლება იაპონიაში ჩატარებული ავადგასახსენებელი თამაშის ბედი განაპირობა.

მართლაც, შეიძლება ყველაფერი სწორედ 4 წლის წინანდელი სცენარით გაგრძელებულიყო, რომ არა ქართველი მორაგბეების თავდადებული თამაში. სრული კონცენტრაციით თამაშში ყოფნა და ბოლო წამამდე მოგებისკენ უწყვეტი სვლა.

ფიჯი 17-12 საქართველო მატჩამდე

დაწყებამდე მიზანი შემდეგნაირი იყო: თუ ჩვენი შანსები ბოლო ტურში ჯგუფიდან გასასვლელად რეალური უნდა იყოს, მაშინ აქ ვიგებთ ბონუსით, თანაც იმ სხვაობით, რომ ფიჯელებმა ვერცერთი ქულა აიღონ.

სათქმელად ადვილი და ფაქტობრივად შეუსრულებელი მისიის მსგავსი დავალებაა, მაგრამ პირველივე ტაიმმა გვაჩვენა, რომ უდიდეს სენსაციამდე მისვლის და შესრულების სივრცეც შანსთან ერთად მაინც გვქონდა.

ფიჯი 17-12 საქართველო პირველი ტაიმი

თამაშის სტარტზე, რიტმის უკეთ აღსაქმელად ჯარიმებით მოგროვილი ქულები გემრიელად წაგვადგა, ფიჯელებმაც იგრძნეს, რომ რაღაც წესრიგში არაა და არც ისეთი წვიმა მოჰყავთ, როგორც მათი სახელი ქუხს.

ჰოდა, სწორედ ასეთ მინი-პანიკაში ჩანს ფიჯელების და არა მარტო მათი, ზოგადად, კუნძულელების რეალური სახე. დისციპლინაში უამრავი ხარვეზი, ყვითლის ანდაც წითლის ტოლფასი დარღვევები და გუნდის ანსამბლის სრული ჩამოშლა.

მაგრამ თუ მსაჯმა ხელი შეგიწყო, აღდგენილი ფიჯური კავშირგაბმულობით და ასეთი დისციპლინით, საქართველოსაც დაამარცხებ და სხვა ნებისმიერ ისეთ გუნდსაც, რომელთანაც ანგარიშში დაწევის შანსი გაქვს.

ლაშა ჯაიანის ტრავმა

რითაც დავიწყეთ, მოდი იქ დავბრუნდეთ. თუ რაგბის ჯენტლემენი თამაშობენ, მაშინ ფიჯელი მორაგბის იმ არასპორტულ ქმედებას რომელი გამართლება მოეძებნება, რასაც ლაშა ჯაიანის „გადაყრისას“ აკეთებს. ასეთი კითხვა ჩნდება –  თუ განზრახვა არ არის მიზანმიმართული, მაშინ ტრავმის საფრთხის და ფეხის მოტეხილობის გამო „სასინბინედ“ რატომ არ გამოდგება?

საქართველოს არჩათვლილი ლელო

პირველი ტაიმის მიწურულს ყველანაირი დაბრკოლებისა და მძიმე პირობების მიუხედავად, შანსი გვქონდა, რომ ტაიმი 16-0 მოგვეგო. მაგრამ დასტვენილი წინ პასით ეს შანსიც გაბათილდა.

წინა საუკუნის რაგბის, სამწუხაროდ, ვერ გავიხსენებ, მაგრამ, დღევანდელი ტენდენციით უკვე აპრობირებული მეთოდია, სალელოვე შეტევის დასრულება დამიწებით და მხოლოდ მის შემდგომ გადამოწმება კითხვით ვიდეო რეფერისთან – იყო თუ არა ლელო სრულყოფილი?

ჩვენდა სამწუხაროდ, აქაც რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებას ჰქონდა ადგილი. აკაკი ტაბუცაძის დამიწებამდე წამით ადრე მსაჯი უსტვენს და ლელოს ჩათვლის შანსებს ჩანასახშივე კლავს. საქმე ისაა, რომ გამეორებითაც ვერ ვრწმუნდებით მაყურებლები, იყო თუ არა თორნიკე ჯალაღონიას პასის მომენტში ეს დარღვევა. კარლ დიქსონი უბრალოდ ინარჩუნებს რკინის სიმტკიცეს, შეუვალობას და ასე მარტივად ნიშნავს შერკინებას.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ასეთი სალელოვე შანსის განიავების ან წართმევის შემდეგ მოგების იმედი ძალიან შემიმცირდა. თუმცა, რაც არ უნდა იყოს საქართველო ისევ 9-0 ანგარიშით იგებდა და თავის სტანდარტს ინარჩუნებდა.

ფიჯი 17-12 საქართველო – მსაჯის გავლენა

და მაინც, ისევ გარემოებები და თამაშის მესამე ძალა, ბატონი კარლი და პრინციპში მისი თანამემულე კოლეგა, რომელიც ვიდეო რეფერის ფუნქციას ასრულებდა ისევ ტენდენციურები დარჩნენ.

ვიდეო რეფერის პირდაპირი მოვალეობაა მინდვრის მსაჯს დინამიკისასაც ანიშნოს და უკარნახოს ის, რაც გამოეპარა ან ვერ დაინახა. ტომ ფოლი კი ამ შეხვედრაში შესაშურად ჩუმი გახლდათ.

ამდენ უხელებო, ან კისერში ბოჭვას რატომ უნდა ატარებდეს მსაჯი, თუ რაგბის ლიგის ან სხვა სპორტული დისციპლინის განსჯა არ უწევს, რომელსაც ოვალური ბურთით თამაშობენ. რატომ სჭირდება მორაგბეს მუდმივი კომუნიკაციის დამყარება და მსაჯისათვის ალიბის ჩვენება, რათა პოტენციურად საწითლე, უხეში ჯარიმა დაანახოს.

მაგრამ ამ დღეს კარლ დიქსონისათვის აზრი არ ჰქონდა, ეს ალიბი სახის გატეხილი ძვალი, შერყეული ტვინი თუ გაბზარული ნეკნი იქნებოდა, შეიძლება იმიტომ რომ რომელიმე დაზარალებულის სახელი ანტუანი და გვარი დუპონი არ ყოფილა.

ჩვენს სასარგებლოდ იმის  მეათედი ინიშნებოდა, რაც გვეკუთვნოდა. იმედია, ამ შეკითხვებს კარლ დიქსონს, სადაც საჭიროა იქ დაუსვამენ და მისგან დეტალურ ახსნა-განმარტებასაც მიიღებენ, მაგრამ წაგებულ თამაშს, სამწუხაროდ, ვეღარაფრით უშველიან.

არ ვიცი, ფიჯელებისთვის ასეთი მსაჯობა უელსთან დაჩაგვრის გამო ვალის დაბუნებას ნიშნავს თუ არა, მაგრამ რეალურად ბორდოში გამართულ შეხვედრას ერთი უსამართლოდ დამარცხებული გუნდი ჰყავდა, რომელიც მარცხს ბოლო წამამდე არ ეგუებოდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფიჯისთან ამ მარცხით საქართველომ სანუგეშო 1 ქულა მოიპოვა და უელსთან გასამართ ბოლო ტურს ბევრი ტრავმირებული მორაგბით და მხოლოდ პესტიჟისთვის საჭირო მნიშვნელობით ხვდება. „ბორჯღალოსნები“ „დრაკონებს“ 7 ოქტომბერს, ქალაქ ნანტში „სტად დე ლა ბოჟუარზე“ დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 17:00-ზე დაიწყება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე