სარჩევი
დარია ბილოდიდის ინტერვიუ 21sports-თან | Setanta Sports

უკრაინელმა ძიუდოისტმა საქართველოში, გორში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონთან ინტერვიუ ქართულმა 21Sports-მა ჩაწერა.

22 წლის ძიუდოისტი გორში გამართულ ტურნირზე ესპანური ვალენსიის ღირსებას იცავდა. ესპანურ გუნდს ერთადერთი ქულა სწორედ ბილოდიდმა მოუტანა.

რუსეთის აგრესია, მხარდაჭერა საქართველოში, სპორტული კარიერის საწყისები, გეგმები, ოცნება და სხვა – ინტერვიუში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ყველა თემაზე ამომწურავად ისაუბრა.

სპორტული ოჯახი

„დედა ძიუდოს მწვრთნელი იყო. როდესაც 6 წლის ვიყავი, ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი ვარჯიშის ყურება. პირველი სესიის შემდეგ ვუთხარი, რომ ვარჯიშის გაგრძელება მსურდა.

ჩემს მშობლებს ნამდვილად არ სურდათ, რომ ძიუდოში ვყოფილიყავი, მაგრამ მე ეს მინდოდა და ნება დამრთეს.

ახლა მესმის, რატომ არ სურდა მამაჩემს, რომ ჯუდოკა გავმხდარიყავი. იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან რთულია: ვარჯიშის დროს კვდები, წონა უნდა აკონტროლო, ბევრი ტრავმა გაქვს… მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო და ამას არ ვნანობ”.

განათლება სპორტში

„განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ძიუდოში. განათლებული უნდა იყო – ძიუდოს ვარჯიშისას ბევრი უნდა ისწავლო და იფიქრო. ჩემი მშობლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ განათლება პირველ ადგილზე იყო, ხოლო ძიუდო უკვე ამის შემდეგ მოდიოდა. ამიტომაც სპეციალიზებულ სკოლაში ვსწავლობდი, მოგვიანებით კი კარგ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე.

მინდა, ყველა გოგოსა და ბიჭს მივმართო – არ აქვს მნიშვნელობა ვინ გამოხვალთ, მთავარია განათლებულები იყოთ”.

სამომავლო გეგმები

„მინდა ვიყო ტელეწამყვანი. მომწონს ეს სფერო. გასულ წელს, თავი ორ უკრაინულ სატელევიზიო შოუში წამყვანად გამოვცადე.

მომავალში, შესაძლოა, ამ სფეროში ვიყო. შეიძლება, ძიუდოს კლუბი გავხსნა, რათა საკუთარი ბიზნესი მქონდეს. მაგრამ ამ ეტაპზე ძიუდო პირველ ადგილზეა, მსურს უფრო კარგ შედეგს მივაღწიო”.

ეთერ ლიპარტელიანი

„ეთერი ძალიან ძლიერი ძიუდოისტია. ის ქართული ქალთა ძიუდოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამ ეტაპზე ის მსოფლიო დონის ერთადერთი ქართველი ქალი ჯუდოკაა.

მისი შედეგებით ეთერმა შეიძლება სპორტის ეს სახეობა გოგონებშიც პოპულარული გახადოს.

რაც შეეხებათ მამაკაცებს – ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, თუ საუკეთესოები არა”.

საქართველოს მხარდაჭერა

„საოცარი ემოციები მაქვს. ქართველები მსოფლიოში ყველაზე მეგობრულები არიან. ყოველთვის როდესაც აქ ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. ყველა თბილად გესაუბრება, ყველა ძალიან მეგობრულია. ჩემთვის საქართველო ნიშნავს მეგობრულ ხალხს, გემრიელ, გასაოცარ საჭმელს. ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა.

მსურს ყველა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ვინც მხარს მიჭერს.

საქართველოში ივნისში ვიყავი, ომი უკვე მიმდინარეობდა. როდესაც ავტომობილით ან ავტობუსით ვმგზავრობდი, უკრაინის და საქართველოს დროშებს ვხედავდი.

დავინახე, როგორ უჭერენ მხარს ქართველები უკრაინას და შინაგანი სითბო ვიგრძენი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ასე გიჭერს მხარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის.

ქართველები ჩვენთვის მეგობრებივით, ძმებივით არიან. ეს მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს”.

ომის დაწყების შესახებ

„მახსოვს 24 თებერვლის დილა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დღე იყო. აფეთქებებმა მე და დედამ დილის 5 საათზე გაგვაღვიძა.

ბარგი 5 წუთში შევაგროვეთ, ავტომობილში ჩავსხედით და ქვეყნის დასავლეთისკენ გავემართეთ. ძალიან გრძელი გზა იყო, რადგან ყველა დასავლეთით წასვლას ცდილობდა.

ვერავინ დაიჯერებდა, რომ ომი 21-ე საუკუნეში ისევ დაიწყებოდა, მაგრამ ეს რეალობა იყო.

თავიდან დეპრესიაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. არაფრის გაკეთება არ მინდოდა, არ მსურდა ვარჯიში. ძალიან რთული პერიოდი იყო. ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკვე ვალენსიაში წავედი. იქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მსურს მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.

რეალობას თანდათან შევეგუე. თითქმის ერთი წელია სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, სხვა ხალხთან ერთად. ძალიან მენატრება სახლი. ყოველდღე ვკითხულობ ახალ ამბებს და მინდა დავბრუნდე, მაგრამ ახლა ძალიან საშიშია.

რუსეთი იერიშებს ყოველდღიურად ახორციელებს, უკრაინას ელექტროენერგიის პრობლემები აქვს. ხალხი საჭმლის მომზადებასაც ვერ ახერხებს. არის წყლის პრობლემებიც.

ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო, რომ დეპრესია აღარ დამეწყოს.

ამ ყველაფრის შემდეგ სიცოცხლე უფრო მეტად დავაფასე – ხალხი, ადგილი, სადაც ვარ. ახლა ვაცნობიერებ, თუ რამდენად კარგი იყო ჩემი ცხოვრება”.

უკრაინის სახელით ასპარეზობა

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა. ეს ფულზე ბევრად მეტია, რადგან უკრაინა ჩემი გულია, ის ჩემი სულია.

ამიტომაც მინდა, რომ ტურნირებზე ყოველთვის საუკეთესო ვიყო ჩემი ქვეყნისთვის. მინდა კვარცხლბეკზე უკრაინის დროშა ავწიო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის.

ოლიმპიადიდან უკრაინაში როდესაც დავბრუნდი, მახსოვს, თუ როგორ დამხვდა და მამხნევებდა ხალხი. ძნელი ასახსნელია – ისინი შენი მეგობრები არ არიან, თუმცა ეს შენი ხალხია, შენი ქვეყანა. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო უკრაინის ნაწილი და წარმოვაჩინო ის საერთაშორისო სპორტულ არენაზე”.

მთავარი ოცნება

„ვლოცულობ, რომ ომი მალე დასრულდეს. ჩემი მთავარი ოცნება ახლა სწორედ ეს არის. სპორტი და სხვა ოცნებები უკვე მეორეხარისხოვანია.

იმედი მაქვს, რომ ხალხი მალე ისევე იცხოვრებს, როგორც ადრე. ვფიქრობ, ყველა სიცოცხლეს უფრო მეტად დააფასებს.

ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს. ცხოვრებით უნდა ვისიამოვნოთ. დრო ომის მსგავსი სისულელეების კეთებაში არ უნდა დავკარგოთ”.

დარია ბილოდიდი მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია, მას ტოკიოს 2020 (2021 პანდემიის გამო) ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.