სარჩევი
Setanta Sports დვალიშვილს გულშემატკივრობს

საქართველოში “მეკობრეობა” სპორტული მაუწყებლებისთვის სერიოზული თავის ტკივილია, რომელიც უკვე დიდი ხანია ინდუსტრიის განვითარების ტემპს ანელებს. ამ ყველაფრით კი კომპანიებთან ერთად ის მომხმარებლებიც ზარალდებიან, ვისაც მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობა სურს. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდა მიდგომა “მოპარული” კონტენტის გამავრცელებელი ვებსაიტების მიმართ და ამ მხრივ გაუმჯობესდა ინტერნეტსივრცის მონიტორინგიც. სპორტის ლეგალურად ყურების კულტურის ჩამოყალიბებაში თავისი წილი პასუხისმგებლობა Setanta Sports-მაც აიღო.

Setanta Sports & მერაბ დვალიშვილი vs მეკობრეობა

Setanta Sports უკვე წლებია მომხმარებლებს საუკეთესო სპორტულ კონტენტს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ჩვენი პლატფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ მაყურებელმა ლეგალურად და იოლად შეძლოს თავისი ფავორიტი ტურნირებისა და სპორტსმენებისთვის თვალის მიდევნება.

გადავწყვიტეთ, აგრესიული ანტი-მეკობრული კამპანიის მაგივრად, საკითხს უფრო მსუბუქად და იუმორით მივდგომოდით. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი და ჩვენი ბრენდის ელჩი, მერაბ The Machine დვალიშვილი, “მეკობრეობის” წინააღმდეგ მებრძოლ სუპერგმირად ვაქციეთ და კამპანიაც ამ იდეის გარშემო ავაგეთ.

2021 წლიდან მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის პარტნიორი ათლეტია. ამ დროში მან მოახერხა UFC-ის საერთაშორისო აუდიტორიისთვის შეეყვარებინა თავი და საუკეთესო მებრძოლთა შორის დაეკავებინა ადგილი. ამჟამად ქართველი “მანქანა” თავის წონით კატეგორიაში პირველი საჩემპიონო ორთაბრძოლის მოლოდინშია.