სარჩევი

კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ ბოლო წუთებზე, შეფასებებიც ტრადიციულია – დაწყევლილები ვართ! ბედი არა გვაქვს!

განტევების ვაციც აქვეა – ამჯერად, გიორგი ლორია. 

ვინც წყევლას ან უიღბლობას აბრალებს, არ ვეცდები საპირისპიროში დავარწმუნო, ადამიანს რისიც უნდა, იმის სჯერა. უბრალოდ, პროფესია გვავალდებულებს, რაციონალურ მიზეზებს მივყვეთ, მით უმეტეს, როცა ამ მიზეზების დანახვა რთული არ არის, ყველაფრის უკეთ წარმოსაჩენად სტატისტიკა დაგვეხმარება. ჯერ გავიხსენოთ, როგორ და რამდენჯერ დაგვემართა ბოლო წუთებზე ეს „უიღბლობა“ და მერე ანალიზზეც გადავიდეთ. 

ათვლას ვიწყებთ 2010 წლიდან, შესაფასებლად საკმარისი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში მწვრთნელები შეიცვალნენ და 2-3 ფეხბურთელი მოიძებნება, რომელიც იმ წლებიდან მოყოლებული ეროვნულ ნაკრებშია. 

ოფიციალური მატჩები, სადაც გოლი ტაიმის ბოლოს გავუშვით, ან თამაშის ბოლოს გაგვიტანეს და სამი ქულის ნაცვლად, მხოლოდ ერთი მივიღეთ:

  • ლატვია vs საქართველო – გაგვითანაბრეს 91-ე წუთზე – 1:1. 2010 წელი. მწვრთნელი – თემურ ქეცბაია. 
  • საქართველო vs გერმანია – ტაიმის ბოლოს, 39-ე და 43-ე წუთებზე ორი გოლი გავუშვით. საბოლოო ანგარიში – 0:2. 2015 წელი. მწვრთნელი – კახა ცხადაძე.
  • საქართველო vs ავსტრია.  – ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე, ორამდე გაზარდეს უპირატესობა, საბოლოო ანგარიში – 1:2. 2016 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი. 
  • ავსტრია vs საქართველო – ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე ანგარიში გაგვითანაბრეს – 1:1. 2017 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი. 
  • სომხეთი vs საქართველო – 89-ე წუთზე ანგარიში გაგვითანაბრეს – 2:2. 2020 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი.
  • მაკედონია vs საქართველო – 93-ე წუთზე ანგარიში გაგვითანაბრეს – 1:1. 2020 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი.

ოფიციალური მატჩები, სადაც ბოლო წუთებზე დავმარცხდით:

  • საქართველო vs საბერძნეთი – გამარჯვების გოლი გაგვიტანეს 85-ე წუთზე – 1:2. 2011 წელი. მწვრთნელი – თემურ ქეცბაია.  
  • საქართველო vs ესპანეთი – გამარჯვების გოლი გაგვიტანეს 86-ე წუთზე – 0:1. 2012 წელი. მწვრთნელი – თემურ ქეცბაია.
  • საქართველო vs ირლანდია – გამარჯვების გოლი გაგვიტანეს 90-ე წუთზე – 1:2. 2014 წელი. მწვრთნელი – თემურ ქეცბაია.
  • პოლონეთი vs საქართველო – განსაკუთრებული მოვლენა, ლევანდოვსკიმ მატჩის ბოლო 4 წუთში – 89-ე, 92-ე და 93-ე წუთებზე სამი გოლი გაგვიტანა. საბოლოო ანგარიში – 4:0. 2015 წელი. მწვრთნელი – კახა ცხადაძე. 
  • საქართველო vs სერბეთი – ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე ანგარიში გაგვითანაბრეს, მეორე ტაიმის ბოლოს, 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 1:3. 2017 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი.  
  • საქართველო vs სომხეთი – 86-ე წუთზე გაგვიტანეს გამარჯვების გოლი – 1:2. 2020 წელი. მწვრთნელი – ვლადიმერ ვაისი. 

წლები გადის, მწვრთნელები იცვლებიან, იცვლებიან ფეხბურთელებიც, მაგრამ სურათი იგივე რჩება, გულშემატკივართა ნაწილი ამ ყველაფერს უიღბლობას ეძახის, თუმცა, რაციონალურად თუ მივყვებით, ვნახავთ, რომ პრობლემა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებაშია. 

რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი ლორიას შეცდომამ გადაწყვიტა და ისევ სინანულით აღვნიშნოთ – „შეცდომა რომ არ დაეშვა…“ მაგრამ ასე უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, ყველა გაშვებულ გოლში, ვიღაც დამნაშავეა, მით უმეტეს, ბოლო წუთებზე. 

ვილი სანიოლს სწორი კურსი აქვს აღებული, მხოლოდ იმათ ათამაშებს, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს, მიუხედავად ამისა, კვარაცხელია მაინც ისე დაიღალა, რომ ბოლომდე ვერ ითამაშა, იმავე კონდიციაში იყო კაკაბაძეც. 

ფიზიკურ მოუმზადებლობაზე საუბრობდა თემურ ქეცბაია, ვლადიმერ ვაისი და მატჩისშემდგომ კომენტარში, ვილი სანიოლისგანაც მოვისმინეთ იგივე: “ბევრი ისეთი მოთამაშე  გვყავს, ვინც რეგულარულად არ თამაშობს საკუთარ კლუბში 90 წუთს. შესაძლოა, მატჩის ბოლოს სწორედ ამან იჩინა თავი. შესაძლოა, იყო დაღლილობის მომენტი და მივიღეთ შედეგი, რომელიც დაფიქსირდა”. 

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მომზადებას, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი ტრადიციად ჩამოყალიბდა, უკვე ყველას წინასწარ ეშინია, ქომაგებით დაწყებული, კომენტატორებით გაგრძელებული და ფეხბურთელებით დამთავრებული.

ახლა მთავარ მწვრთნელს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ ბოლო წუთებზე მარტო დაღლილობა კი არა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც გვექმნება, რადგან ქართველი ფეხბურთელები ამავე სოციუმის ნაწილი არიან, შესაბამისად, რომელიმე მათგანს ალბათ სჯერა კიდეც, რომ დაწყევლილები ვართ და ბოლოს რაღაც უბედურება დაგვემართება. 

აგერ, „ბენფიკას“ ფანებმა გუტმანის წყევლის დაიჯერეს, იქიდან მოყოლებული, ყოველი ფინალის წინ, გარდა იმისა, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავთ დასამარცხებელი, საკუთარ ფეხბურთელებს თავზე დასძახიან, რომ წყევლაც უნდა დაამარცხონ, გუტმანის საფლავზე დადიან და პატიებას სთხოვენ. იმის მაგივრად, რომ გუნდი მყარი ფსიქოლოგიით გავიდეს მოედანზე, ყველა ფინალის წინ უკვე დამარცხებულნი არიან, ოღონდ არა წყევლის, არამედ წინასწარი განწყობის გამო. 

ჰოდა, სანამ მართლა დაგვიჯერებია, რომ რაღაც ზებუნებრივი გვებრძვის, დასაწყისისთვის აჯობებს, რომ რეალურ პრობლემებს მივხედოთ. 

ერთადერთი რამ იყო საჭირო – ბურთის დაჭერა, ვერ შევძელით, რადგან ბურთის დამჭერები (კვარაცხელია და კიტეიშვილი) მოედნიდან ნაადრევად გავიდნენ, გავიდნენ იმიტომ, რომ დაიღალნენ. გოლი ვინც შექმნა (კაკაბაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია), ბოლო წუთებზე სამივე გასული იყო. 

ასე უკან ჩამჯდარი, ბურთის უაზროდ გადაგდებით რომ იცავ თავს, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ვიღაც შეცდება.

პრობლემის დანახვა რთული არ არის, ხელის გულზე დევს და მარტივად ჩანს, აი, მისი მოგვარება კი ძალიან რთულია, თუმცა, მოსაგვარებლად საჭიროა, რომ თავისი სახელი დავარქვათ. გოლი მხოლოდ ლორიას არ გაუშვია, დაცვა შეტევიდან იწყება, მეკარე ბოლო წერტილია, მძიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაფერი რომ მას დავაბრალოთ, ისევ იმ მაგიურ წრეზე წავალთ, რომელზეც უკვე ძალიან დიდი ხანია დავდივართ.