ქომაგთა დიდი ნაწილი მოგებას ელოდა, მაგრამ ტრადიცია დაირღვა – საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შოტლანდია ვერ დაამარცხა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში თამაშზე კონტროლი დაკარგა და დამატებით წუთებზე გოლიც მიიღო.
ამაზე კი პატარა სტატისტიკური კვლევა გამახსენდა, რომელიც ორი წლის წინ ჩავატარეთ. კვლევა ბოლო წუთების ანატომიას ეხებოდა. როგორ და რამდენჯერ გავუშვით ხელიდან მოგება, ან როდის და რამდენჯერ დავმარცხდით ბოლო წუთზე. საწყის წერტილად 2010 წელი ავიღეთ, მაგრამ მაინც საკმარისი გამოდგა სრული სურათის მისაღებად.
გადავხედე ორი წლის წინანდელ სტატიას და ვილი სანიოლის სიტყვებიც ამოვიკითხე, აი, ასეთ რამეს ამბობს ვილი ესპანეთთან მარცხის შემდეგ – “ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, ვინც რეგულარულად არ თამაშობს საკუთარ კლუბში 90 წუთს. შესაძლოა, მატჩის ბოლოს სწორედ ამან იჩინა თავი. იყო დაღლილობის მომენტი და მივიღეთ შედეგი, რომელიც დაფიქსირდა”.
ახლა კი ვნახოთ რა თქვა ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ – “ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და მიქაუტაძეს, პრაქტიკის უქონლობის გამო 90 წუთით ვერ გამოვიყენეთ. ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და ხარისხიც შესაბამისად დაეცა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია დამატებით დროში მოგების ხელიდან გაშვება“, – მსგავსებას ალბათ ხედავთ.
ვილის პრესკონფერენციაზე ასეთი რამ ვუთხარი – ეს წინასწარი ცოდნის ნაწილია, წლებია სათამაშო პრაქტიკის უქონლობა ნაკრების მთავარი პრობლემაა, ზუსტად ვიცით, რომ ეს პრობლემა წინ დაგვხვდება და არ მინდა მარტშიც იგივე მოვისმინო-მეთქი. რა თქმა უნდა, ჯობია მოვისმინოთ ამ პრობლემას როგორ და რა მეთოდებით ვებრძოლოთ, ნაცვლად იმისა რომ ისედაც ცხად პრობლემაზე ვილაპარაკოთ. წყლის ნაყვას ჰგავს ეს ყველაფერი და შედეგს არ იძლევა.
გახსოვთ ფინალი მაკედონიასთან? მაშინაც დადგა ეს პრობლემა დღის წესრიგში. მაშინ, სულ სხვა რამემ მიიქცია ჩვენი ყურადღება, ვირუსმა და ტრავმებმა, მაგრამ პრაქტიკის პრობლემაც იყო. ახლა კიდევ ერთი პლეიოფი გვაქვს წინ და დიდი იმედი მაქვს რომ აღარ მოვისმენ იმ სიტყვებს, რომელმაც წინა პლეიოფის დროს მავნებლური როლი ითამაშა – “ერთ თამაშს ყოველთვის ითამაშებ, მაგას დიდი პრაქტიკა არ სჭირდება“, – აი, ასე საუბრობდნენ ჩვენი ვეტერანები. რავიცი.. შესაძლოა, ფეხბურთელების გამხნევებასაც ცდილობდნენ, მაგრამ საპირისპირო კი გამოვიდა.
საქმე ის არის, რომ ზუსტად ამ ერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებას სჭირდება მთელი წელი შრომა. ჩვენ კი ისევ უკუღმა ვაკეთებთ რაღაცებს.
რა ქნას ვილიმ
ამ პრობლემას ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ვერც ქეცბაიამ, ვერც ვაისმა, ვერც ცხადაძემ. ნაკრების მწვრთნელს არ აქვს იმის საშუალება რომ ფეხბურთელთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეს. ახლა ითამაშებენ ქართველები ესპანეთში, წავლენ მერე კლუბებში და მარტში უკვე პლეიოფია. ვილის მხოლოდ ის შეუძლია თავის შეგირდებს დარიგება მისცეს რომ კლუბებში ყველაფერი გააკეთონ პრაქტიკის მისაღებად.
ახლა ცვლილებების დრო არ არისო – ასეთი რამეც თქვა ვილი სანიომა რამდენიმე დღის წინ. იგულისხმა რომ ტაქტიკური სიახლეები არ იქნება. მარტში ვნახავთ უკვე კარგად მოსინჯულ და ბევრჯერ გამოცდილ ტაქტიკას.
ვერც ფიზიკურ მომზადებაში მიიღებს ნაკრების მწვრთნელი მონაწილეობას. ესე იგი, მხოლოდ ფსიქოლოგიური ნაწილი დარჩა, რაზეც ვილის გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს მზადება კი აქიდანვე იწყება და ფეხბურთელებთან მუდმივ კონტაქტს გულისხმობს, მუდმივ შეხსენებას, რომ კიდევ ერთი უნიკალური შანსი ახლოვდება და თითოეულმა ყველაფერი უნდა გაიღოს ფორმაში ჩასადგომად.
2020-ში რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ გაიაზრა რომ კარიერის მატჩი ჰქონდა სათამაშო, უღიმღამოდ ჩაიარა იმ დღემაც და უღიმღამოდ დასრულდა მათი კარიერაც.
მთავარი ამოცანა ბალანსის დაცვაა. ვილიმ ამაზეც ისაუბრა. მთავარი ამოცანაა შემადგენლობა ისე დააბალანსოს რომ ცვლილება ნაკლებად დაეტყოს გუნდს. ოსტატობაც ამას სჭირდება. მაგალითად, გუშინ, ასეთი ცვლილებები ვერ ვნახეთ, ბალანსი დაირღვა, საქართველოს ნაკრებმა კონტროლი დაკარგა და მოგებაც გაუშვა ხელიდან.
გუნდის დაბალანსებას ასეთ რთულ მოცემულობაში დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელები უკეთ ახერხებენ. ვილი სანიოლი კი ჩვენს ნაკრებთან ერთად იზრდება. საკმარისი გამოცდილება ჯერ არ აქვს.
ახლა კი შეგიძლიათ 2021 წლის სტატიას გადაავლოთ თვალი, ბევრი რამ თვალშისაცემი იქნება, მაგალითად, როგორ დავდივართ წრეზე.