სარჩევი
U21 ინგლისი vs ესპანეთი ფინალი ბათუმიდან | Setanta Sports
2023 ივლ 08, 15:16 შშ
3 წუთის საკითხავი

დღეს ბათუმში ფინალია! U21 ინგლისი vs ესპანეთი – ახალგაზრდული გუნდები დინამო ბათუმის სტადიოზე ტიტულისთვის ითამაშებენ, თუმცა ქალაქში საფინალო განწყობა ნაკლებად იგრძნობა.

მიზეზი გასაგებია, საქართველოს U21-ის მარცხმა ისრაელთან ბათუმში ასეთი არასახარბიელო ატმოსფერო განაპირობა. ვინ იცის, საღამოს 20:00 საათიდან ყველაფერი შეიცვალოს, თუმცა ამას სავსე ტრიბუნები სჭირდება.

არ არის საქართველო – არ არის აჟიოტაჟი. ეს მოცემულობა ბუნებრივია, თუმცა ფინალში ფავორიტთა სამეულიდან ორი ითამაშებს.

ინგლისი vs ესპანეთი – საუცხოო აფიშაა ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულისთვის. ამ ფეხბურთელების აბსოლუტური უმეტესობა სულ მოკლე დროში, თავიანთ პირველ ნაკრებებში ითამაშებენ. ესეც რომ არ იყოს, წამყვან ჩემპიონატებში იმ გუნდების ღირსებას იცავენ, მათ მატჩებს კვირიდან კვირამდე, მოუთმენლად, რომ ველოდებით ხოლმე.

U21 ფინალი – რას უნდა ველოდოთ მატჩისგან

ვინ დაიჭერს ბურთს? მატჩამდე ეს არის მთავარი კითხვა. ინგლისსა და ესპანეთსაც ბურთზე კონტროლის დაწესება უყვარს და ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.

სავარაუდოა, რომ ბურთს მეტად ესპანეთი გააკონტროლებს, თუმცა მობილური გამქცევების ხარჯზე, ინგლისი ასეთ დროს, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათოც გახდეს.

უმაღლესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენებას გვპირდებიან მწვრთნელებიც. ლი კარსლიმ მისი გუნდისგან გასაოცარი ფეხბრუთის დონე დააანონსა. ‘Hell of Performance’ – ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა, რაც ესპანეთისთვის თარგმანში როგორც ხარისხის გასაოცარ დონეს, ასევე ჯოჯოხეთურად მაღალ პერფორმანსს გულისხმობს.

U21 ფინალი – ბილეთები

ბილეთების გაყიდვა UEFA-მ გუშინ საღამო განაახლა. მანამდე შეჩერებული პროცესის გამო, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარაუდობდა, რომ სრული რაოდენობა უკვე გაყიდული იყო.

ამიტომაც, ჩემ მსგავსად, ბევრმა მეორე გზას მიმართა. მაკდონალდსის ბათუმის ფილიალებში შესაბამისი საფეხბურთო მენიუს შეძენის დროს, მყიდველი ერთ მენიუზე ერთ ბილეთს იღებდა საჩუქრად.

პროცესის განახლების შემდეგ, ბილეთების მსურველები ისევ გააქტიურდნენ და ახლა უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ტურნირზე, სადაც რამდენიმე რეკორდი დამყარდა და მათგან ყველაზე სასიამოვნო, ცხადია, დასწრების რეკორდია, ურიგო არ იქნება, თუკი დღევანდელი ფინალური მატჩი სავსე ტრიბუნებისა და შესაბამისი ატმოსფეროს თანხლებით ჩაივლის.

რაც შეეხება უშუალოდ ფინალის მონაწილე გუნდების ქომაგებს – ბათუმში მათი სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნევა. ამიტომაც, ამ ქვეყნებიდან ჟურნალისტებს გავესაუბრე. ორივე მხარის მედიის წარმომადგენლები სიფრთხილეს იჩენენ და კონკრეტული პროგნოზებისგან თავს იკავებენ.

U21 ინგლისი vs ესპანეთი – ფაქტები

ინგლისი ტურნირის მოგებას ისტორიაში მესამედ ეცდება, ხოლო ესპანელებისთვის ეს მეხუთე გამარჯვება იქნება.

ინგლისმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ორჯერ 1982 და 1984 წლებში მოიგეს. მას შემდეგ კი ახალგაზრდა ლომები მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს იყვნენ ფინალში.

ესპანეთმა ბოლოს ტურნირი 2019 წელს მოიგო. მაშინ კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი აბელ რუის ორტეგა გახდა. რუისს შანსი აქვს დღეს ფინალის თამაშის შემთხვევაში, ესპანეთის ასაკობრივ გუნდებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი იყოს. მის ანგარიშზე ახლა 87 მატჩია.

მცირე ფავორიტად ინგლისი მიიჩნევა. ლი კარსლის გუნდმა ჩემპიონატი საქართველოში და თანაც, უმეტესად ბათუმში ჩაატარა, ესპანეთმა ფინალისთვის რუმენითიდან ბათუმამდე იმგზავრა. თანაც უმცროს ფურია როხას დასვენების ნაკლები დრო ჰქონდა.

ლა როხიტას ინგლისის ამ ნაკრების ფეხბურთელების დამარცხების გამოცდილება აქვს. მწვრთნელ სანტი დენიას გარდა, ფეხბურთელები ანტონიო ბლანკო, სერხიო გომესი, ხუან მირანდა და აბელ რუისი დღეს გამარჯვების შემთხვევაში ტრებლს მოიგებენ. მათ 2017 U17 და 2019-ში U19-ის ევროპის ჩემპიონატები აქვთ მოგებული. 2017-ში კი ესპანეთმა სწორედ ინგლისი დაამარცხა ფინალში.

ინგლისს ბენ ჯონსონი და მაქს აარონსი დაუბრუნდნენ. თუმცა კვლავ ტრავმირებულია ჯეიკობ რემზი. ესპანელებს კი ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. საინტერესოა, რომ ფინალში მაყურებელი ტურნირის საუკეთესო თავდასხმას საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ იხილავს. ესპანეთს 13 გოლი აქვს გატანილი, ინგლისი კი ფინალამდე გოლის გაუშვბლად მივიდა.

მატჩი ბათუმში, საქართველოს დროით 20:00 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.