სარჩევი

ლა ლიგაში რეალმა და ბარსელონამ თავიანთი მატჩები ჩაატარეს და სამი ქულაც ჩაიწერეს. ბარსა ლა ლიგას ლიდერობს, რეალთან სხვაობა სამი ქულაა.

მოგება ბასკეთში

რეალმა ურთულესი მატჩი მოიგო. იმ გარემოში და იმ ატმოსფეროში სადაც სტადიონის შიგნით თუ გარეთ, ყველა მოლეკულა შეგრძნების დონეზე გკარნახობს, რომ უნდა წააგო.

ასეთ მატჩებს ძლიერი მენტალობის გუნდები იგებენ. მადრიდის რეალი კი ყველაზე მეტად გამოირჩევა გამარჯვებულის მენტალიტეტით.

ქარიმ ბენზემას გოლი თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. უკეთესებიც გაუტანია, მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენება იყო, რომ ოქროს ბურთის მოქმედი ლაურეატია და მუნდიალის ფინალმა მის გარეშე ჩაიარა.

მოკითხვა დეშამს და მთელ საფრანგეთს!

ეს ბრუნი და შეხება იყო ძალიან რბილი და ლამაზი, რბილად ეხება და ძლიერად ურტყამს. მოხერხება ხომ უნდა.. ტიერი ანრის შეეძლო. ბენზემასაც შეუძლია.

მატჩის მიწურულს ტონი კროოსმა გაგვახსენა, რომ ბილიარდის ექსპერტია. გააგორა თავისებურად და წერტილი დასვა. რეალი ლა ლიგისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ქარიმი მთელი თავისი დიდებულებით დაგვიბრუნდა, გუნდისთვის ძალიან ბევრი მოაქვს და ჩვენ კმაყოფილები ვართ. მინდა კამავინგას თამაშიც გამოვყო, საოცარი მატჩი ჰქონდა”, – მატჩის აქებდა თავის ფეხბურთელებს კარლო ანჩელოტი.

ბარსა vs ხეტაფე

ჩავიმ ბოლო ოთხ თამაშში ოთხჯერ შეცვალა სათამაშო სქემა. რეალურად, ჰყავს ის კონტიგენტი, რომ თავს ამის უფლება მისცეს, შედეგიც მოაქვს, მაგრამ სულ დაულაგებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუ მადრიდთან თამაშს არ მივიღებთ მხედველობაში.

ამჯერად ტრადიციულ 4-3-3-ს მიუბრუნდა, თუმცა, ხარისხი ძალიან დაბალი იყო. ბევრი მომენტიც არ შექმნილა. ერთადერთი გოლი კონტრშეტევაზე, რაფინიას პასის შემდეგ პედრიმ შეაგდო.

გოლის ავტორსაც კი არ ჰქონია კარგი თამაში. შესაძლოა, სულაც ტერ შტეგენი იყო საუკეთესო.

შტეგენი საუკეთესო ფორმაშია, მე მას ბოლომდე ვენდობოდი და მიხარია, რომ შედეგს ვხედავ. მას ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს”, – თქვა მატჩის შემდეგ ჩავიმ და აღიარა, რომ ბარსამ ცუდად ითამაშა.