სარჩევი
საქართველოს ნაკრები - მოლოდინი მზადება და მიზანი | Setanta Sports

საქართველოს ნაკრები – გადაფასებას მაშინ აკეთებ, როდესაც რაღაც გეშლება, ცდები. საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების, ბოლო ასეთი შეცდომა კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსის განიავება იყო.

გადაფასების დროა! ალბათ, იტყვით, 2020 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდაო. ზოგს შეიძლება იარა არა თუ მოუშუშდა, აღარ ახსოვს კიდეც, თუმცა ჩრდ. მაკედონიასთან უმაყურებლო მარცხი აუცილებლად გასახსენებელია. მიზანი წარსულში შეცდომის ფასად ნაყიდი გამოცდილების გაკვეთილად აღქმა და უკეთ მომზადებაა.

ცხადია, სპორტული და მენტალური თვალსაზრისით და არა – საორგანიზაციო. აბა, ვინ წარმოიდგენს, იმგვარ შანსთან მიახლოებული, თუნდაც რაიმე შანსი მივიღოთ და ტრიბუნები ისევ დავცალოთ, ნაკრებს მთავარი არტერია, გულშემატკივარი გადავუკეტოთ?! რა თქმა უნდა, არავინ. პრინციპში, ეს არც პირველ ჯერზე უნდა დაგვეშვა.

საქართველოს ნაკრები – მიზანი

საქართველოს მიზანი საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნაა. ეს სწრაფვა კი საქართველოს ნაკრებისთვის რომელიმე დიდ ფორუმზე თამაშის მიზანში გადახურდავდა. ეს მიზანი, რომელიც მისია უფროა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით იყო დეკლარირებული.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, განვითარების არათანმიმდევრული გზა, უმწყობრო ნაბიჯები და მთელი რიგი სოციო-ეკონომიკური ფაქტორები ამ მიზნისკენ სწრაფვას ან მის შესრულებას ნამდვილად არ გვკარნახობდა.

თუმცა აბა ვინ იტყვის ეს მიზანი არარეალურიაო? ცხადია, არავინ და მართალიც იქნება. ეს მიზანი არა უსაგნო ამბიციას, არამედ იმ კოლექტიურ მეხსიერებას ეფუძნება, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ქვეყნად მოიაზრებს. უზუსტო ნაბიჯებით გამრუდებული გზის მიუხედავად, მიზანი უცვლელი რჩებოდა,

საქართველოს ნაკრები – ერთა ლიგის შექმნის შედეგი

“ქართველებს ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, თანაც ძალიან მაგრად!” – თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა, იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო ზაგრებმა საბურთალო დაამარცხა.

4 წლის წინ ეს სიტყვები საკუთარ სფეროში ჩაძირული სპეციალისტის, რეალობას მოკლებულ ფრაზად მეჩვენებოდა. მე ხომ, სხვა ბევრი ქომაგის მსგავსად, წლების განმავლობაში, გამარჯვების მუდმივ მოლოდინში, თითქმის ყოველ ჯერზე მარცხს ვიღებდი პასუხად. თურმე, ვცდებოდი.

დადებითი იმპულსების ძიებაში, ფრაზა – “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით”, ისე გაცვდა, რომ რეალურ, საჭირო ანალიზსაც კი გულშემატკივარი, მასობრივად არასერიოზულად აღიქვამდა. ალბათ, ის ქომაგიც ირონიით იმ მარცხიან საბურველში გახვეულ ქართულ ფეხბურთს ემიჯნებოდა. ყველას ხომ გამარჯვებასთან, წარმატებასთან სურს ასოცირდებოდეს.

ამიტომაცაა, ხვიჩა კვარაცხელია რომ საყოველთაო, საერო ამბად გავიხადეთ, ხოლო ნაპოლის მატჩებით უქმეებზე ჩვენს განრიგში ერთი უჯრა ლურჯად გავაფერადეთ.

ნაკრების მიზანს დავუბრუნდეთ. ერთა ლიგის შექმნამ ახალი თაობის ფეხბურთელების გამოჩენასთან ერთად სინთეზში გამარჯვება დადო. D ლიგის ჯგუფური მოვიგეთ. გემახსოვრებათ, თავიდან, იმ ჯგუფშიც კი ჯვაროსნებისგან უპირობო გამარჯვებას არავინ ელოდა.

მაქედან დაიწყო. გზად პანდემიური მსოფლიოში ევროპა გამოგვატოვებინეს. მერე ვაისი წავიდა და სანიოლი მოვიდა. თითქოს, იდეალური თანხვედრა მოხდა – სანიოლს შესაძლებლობების დასამტკიცებლად პერსპექტიული გუნდი სჭირდებოდა, საქართველოს ნაკრებს კი შემდეგი დონე, დისციპლინით, ხედვით და სიმტკიცით. სიმტკიცე საკადრო სიახლეებს სჭირდებოდა, რომელიც ყოველთვის, ყველა ქვეყანაში მტკივნეული პროცესია.

საქართველოს ნაკრები – რუსეთის ბაზრის დაკეტვა

მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, წყალგამყოფი რუსული ბაზრის დაკეტვა აღმოჩნდა! ქართული ფეხბურთის ერთმა დიდმა გულშემატკივარმა ალბათ, ყველაზე ლაკონურად და ზუსტად ჩამოაყალიბა ის მიმართება რაც ქართველ ფეხბურთელებსა და რუსეთს შორის არსებობდა.

“რუსეთში ნიჭიერ ბიჭებად მიდიოდნენ და, უკან, 3 წელიწადში, უსაქმურ, ფულიან კაცებად ბრუნდებოდნენო” – ცხადია, შეფასება სპორტულ უნარებს და ასპარეზს ეხება. ეს ‘კანალი’ დაიკეტა და შანსი გამოჩნდა – საქართველო ევროპას, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს კვლავ შეემჩნიათ, როგორც ნიჭიერი ფეხბურთელების ბაზარი. ჯერ ბაზარი, მერე საბადო.

ამ დროს კი პირველი ელჩობის მთავარი ტვირთი, პატივთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ხვდა წილად. კვარამ მოლოდინს გადააჭარბა, ევროპამაც მეტად გამოიხედა საფეხბურთო საქართველოსკენ და გაირკვა, რომ ამ 3.7-მილიონიან ქვეყანაში ფეხბურთის შექმნას ცდილობენ. ოღონდ, ქმნიან აკადემიებში.

სანაკრებო სიაში, ფეხბურთელების გვარების გასწვრივ გაჩნდა სახელები ნაპოლი, ვალენსია, აიაქსი, ბაზელი, ტორინო და გაქრა პირობითა კრებითად, სკა ხაბაროვსკი, ლუჩ ენერგია, სატურნი, იაროსლავის შინიკი და თანაც, ეს სულ რაღაც 1 წლის შედეგია.

ერთა ლიგის C ლიგის ჯგუფის მოგებამ და მთლიან დივიზიონში საუკეთესო შედეგის ჩვენებამ, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში, ამ წუთის მდგომარეობით, ყაზახეთზე გაიყვანა, თანაც საშინაო მოედნის უპირატესობით. აი ფინალის მასპინძელი კი წილისყრით გაირკვევა. ამ დროისთვის მეორე ნახევარფინალს საბერძნეთი და თურქეთი ავსებენ.

UEFA-ს სქემით მერე ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. საიდანაც ცხადია, ნაკრებს მიზნად ჯგუფიდან გასვლა უნდა დაესახა. მიზეზი მარტივია – თამაშობ გამარჯვებისთვის – არ აქვს მნიშვნელობა გარემოებებს. თუმცა იმ თავითვე იკითხებოდა, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლის მიღმა, ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია, კვიპროსის კომპანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად უნდა გამოყენებულიყო.

მერე რა, რომ ფორმატის გამო, ევროპის ჩემპიონატზე, ჩვეული კვალიფიკაციიდან უკვე გასული ნაკრებები ერთა ლიგის ფლეი ოფს აღარ თამაშობენ.

ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში მხოლოდ შოტლანდიას ჩამორჩება, ესპანეთსა და ნორვეგიასთან შედარებით ჩატარებულმა მეტმა მატჩმა, ჰოლანდის, ოლმოსა და სხვა ვარსკვლავების ფაქტორებმა უნდა გვაფიქრებინოს, რომ საქართველოს მეორე ადგილის შენარჩუნება უნდა გაუჭირდეს.

ასეც რომ არ იყოს და მომავალმა ორმა რთულმა მატჩმა ნაკრების პოზიციები ჯგუფში გაამყაროს, და საკვალიფიკაციოს შემდეგ, ერთა ლიგის ნახევარფინალი საერთოდ სათამაშო აღარ გვქონდეს, ეს პერიოდი მაინც ყაზახეთზე, თურქეთსა და საბერძნეთზე უნდა ვიფიქროთ.

ეს დიდ ფორუმზე თამაშის მისიას სჭირდება. ეს წერილიც ამ მიზნის შეხსენებას ემსახურება.

საქართველოს ნაკრები – მზადება

მზადებაში იმას არ ვგულისხმობ, რამდენი ფეხბურთელით ემზადება საქართველოს ნაკრების კონკრეტულად ესპანეთსა და ნორვეგიასთან სათამაშოდ. მთლიან სურათს ვგულისხმობ, რომელიც კომპონენტებად უნდა დაიშალოს, მიზანი რეალური ვითარების აღქმაა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბმა შედეგთან ერთად, ნაკრებში საკუთარი ხელწერაც მოიტანა. ქაოტურმა თამაშმა შედარებით იკლო, ეს კი, მათ შორის, სისტემის შედეგია.

სანიოლმა ორი შეხედულება დაარღვია, თუ ეს შემთხვევით, უბრალოდ, ასე გამოვიდა რთული სათქმელია, თუმცა შედეგი დადგა, თანაც ორ მნიშვნელოვან მონაკვეთში.

3 მცველით, რომ საქართველოს ნაკრები ვერ თამაშობს და სეზონის მიწურულს რომ ქართველ ფეხბურთელებს შედეგიანი თამაში არ გამოსდით, მაგალითად ივნისში.

საქართველოს ნაკრები – 3-4-2-1

ფორმაცია 3-4-2-1, რომელიც თავდაცვისას 5-3-2 ხდება შედეგიანი აღმოჩნდა. სანიოლმა 3 მცველით ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. რა დასამალია, ბევრთან ერთად, მეც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ მცდელობას და უპერსპექტივოდ მიმაჩნდა.

არა იმიტომ, რომ ნარინჯისფერებთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით, არა, ხარისხი არ ვარგოდა, და მოსჩანდა, რომ ეს ნაკრებისთვის არაორგანული განლაგების ბრალი იყო. ძალიან მალევე საპირისპირო დამტკიცდა და ეს სამწვრთნელო შტაბის აქტივია.

აქტივია სტატისტიკაც. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას წაუგებელი მატჩების რეკორდი გააუმჯობესა. თუმცა ამ სტატისტიკას ბალავრად ნაკლებად თუ გამოვიყენებთ, რადგან ამ 11 მატჩში საქართველოს მოწინააღმდეგეები შემდეგი გუნდები იყვნენ.

  • კოსოვო
  • შვედეთი
  • უზბეკეთი
  • გიბრალტარი
  • ბულგარეთი
  • ჩრდ. მაკედონია,
  • ბოსნია ჰერცეგოვინა
  • ალბანეთი

მერე იყო მაროკო, მონღოლეთი, ნორვეგია, კვიპროსი და შოტლანდია. შედეგებზე მეტად, ამ მატჩებმა ნათლად ცხადჰყო, რომ საქართველოს ტაქტიკა გაიშიფრა. კვარაც არა თუ სურპრიზი აღარ არის მეტოქეებისთვის, არამედ ფლანგის მცველთან ერთად ერთი საყრდენი მარკეტინგული შეთავაზების ბონუსივით, მეტოქე მწვრთნელების მომარჯვებული ჰყავთ.

სქემისა და ტაქტიკის გაშიფვრა საგანგაშოა, თუმცა მედიასთან ბოლო შეხვედრაზე ამაზე თავად ვილი სანიოლმაც ისაუბრა. კარგია, რომ ფრანგი ამას აღიარებს, ეს ავტომატურად გვკარნახობს, რომ საქართველოს ტაქტიკური არსენალი უნდა გაიზარდოს. როგორც მინიმუმ ბოლო თვეებში, სანიოლს, შადლის, ხიზანიშვილს და ახლა უკვე ახალწვეულ დევიდ უებსაც ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს ნაკრები – სანიოლის მიზანი

მცირე ხნით, ისევ მიზანს დავუბრუნდეთ. ვილი სანიოლი, როდესაც საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ მოვიდა, მატჩების ხელშესახები რაოდენობა მხოლოდ ჟირონდას ბორდოში ჰქონდა, სადაც მთლად დამაკმაყოფილებელი შედეგები არ ჰქონია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, ჯერ კიდევ კარიერის სტარტზე მყოფი ფრანგი მწვრთნელისთვის რესტარტის, ახალი ფურცლიდან დაწყების ჩინებული შანსია. საქართველოში დადებითი შედეგი ნიშნავს ტრამპლინს ევროპულ საკლუბო, ან სანაკრებო ფეხბურთში.

ბუნებრივია, განვითარება ადამიანის მუდმივი და ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. შესაბამისად, სანიოლისა და საქართველოს ნაკრების ინტერესთა თანხვედრა იდეალურ დროს მოხდა. თუმცა არსებობს ორი შეკითხვა.

  • როგორია ვილი სანიოლის ემოციური კავშირი საქართველოს ნაკრებთან?
  • სად გადის, სანიოლის სამწვრთნელო უნარების ზედა ზღვარი და ზედა თამასა უკვე ხომ არ ვნახეთ?

ორივე კითხვა ლეგიტიმურია. სანიოლს საქართველოზე კარგის მეტი არაფერი დასცდენია, თუმცა ერთია პოლიტკორექტული, მახვილგონივრული პასუხები და შესაბამისი გზავნილები, ხოლო ემოციური კავშირი და ბმა მეორე.

არ ვამბობ, ემოციური კავშირის პოტენციური სიმცირე საქმეზე, შედეგზე უარყოფითად აისახება მეთქი, თუმცა ფსიქოლოგიასა და კორპორატიულ სივრცეში არსებობს ასეთი ტერმინი FLOW, რომელიც საქმის კეთების პროცესში კომფორტის ზონაში ყოფნას გულისხმობს. ამის განსაზღვრა წარმოუდგენელია, თუმცა ყველა ხილული და გაზომვადი სიდიდე იმაზე მიგვანიშნებს, რომ მთავარ მწვრთნელს, ლოგიკურად, ამის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. თანაც, როდესაც რაღაცას, ან ვიღაცას, დიდ დროს, ენერგიას, ახარჯავ ძალაუნებურად მას ემოციურად მიჯაჭვულიც ხდები.

რაც შეეხება სამწვრთნელო უნარებს – ამ კითხვაზე პასუხიც, გულშემატკივარს მხოლოდ განცდის დონეზე თუ ექნება.

ამ განცდას, კი დადებითის ან უარყოფითისკენ, შემოდგომაზე ჩასატარებელი მატჩები წაიყვანს. გამოჩნდება, ერთ-ერთ კრიზისულ ეტაპს – ტაქტიკის გაშიფვრას, რას დაუპირისპირებს ფრანგი.

საქართველოს ნაკრები – მოლოდინი

შესაბამისად, ჩემი მოლოდინი ხარისხზე, მკაფიო ჩანაფიქრების მოედანზე გადატანაზე უფრო მეტად იქნება, ვიდრე შედეგზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, უსისტემო, ‘რაღაცა იქნება’ ფეხბურთით 1-0-ის მოგებას, მიჯობს შედეგი უარყოფითი იყოს, თუმცა გამოჩნდეს, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის სამზადისში რა ეტაპზეა გუნდი.

ცხადია, იდეალური იქნება, თუკი შედეგიც მოვა წყვილების ფავორიტებთან, ესპანეთსა და ნორვეგიასთან, თუმცა უპირატესი, მკაფიო გზავნილები, უნდა იყოს, სათამაშო კომპონენტებზე მუშაობის, ფიქრის და მათი მინდორზე გადატანის საილუსტრაციოდ.

ამაში კი ესპანეთთან საშინაო კედლები, ხოლო სტუმრად ნორვეგიასთან, პოტენციური მოულოდნელობის ეფექტი შეიძლება გამოდგეს დამმხმარედ.

საქართველოს ნაკრები – დანაკლისი

ის, რომ კაკაბაძე და ხოჭოლავა ტრავმების გამო უახლოეს ორ მატჩს ტოვებენ, დაცვის ხაზს დაამძიმებს და მოქნილობას დააკლებს.

პრობლემური შეიძლება იყოს, პირველი პასიც, რადგან ესპანელები სწრაფი შემტევებით, სავარაუდოდ, პრესინგს მაღლა და მკვირცხლად ამოწევენ.

კვეკვესკირის არ ყოფნა ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ გაჩენილ კითხვის ნიშანს, კიდევ ერთხელ აქტუალურს გახდის. ეს წინადადება ისე არ გაიგოთ, თითქოს კვეკვესკირი კანკავას შემცვლელად მესახება, ცხადია, ორი განსხვავებული კომპლექტაციისა და მანერის ფეხბურთელია, უპირატესობებს, რომ თავი დავანებოთ, თუმცა ლიდერული თვისებებისა და პასის ხარისხიანი კულტურის გამო, მეწყვილის ცვლის მიუხედავად ლეხ პოზნანის საყრდენი ნაკრებში უცვლელი იყო.

შესაბამისად, საყრდენ ღერძად ნებისმიერ შემთხვევაში ახალ წყვილს მივიღებთ. ეს კი მზადების თვალსაზრისით საინტერესოა, მეტოქეების კალიბრის გათვალისწინებით, კი დამატებითი საფრთხის შემცველი.

გარდა საკადრო დანაკლისისა, არის წინასწარი, ცხადზე, ცხადი ორი კომპონენტი, რომელშიც ესპანეთს და ნორვეგიას ჩამოვრჩებით. ესპანეთს – სისწრაფეში, ნორვეგიას – სიმაღლესა და ფიზიკურობაში. უაღრესად, საინტერესო იქნება, ამ კომპონენტებში სხვაობის აღმოფხვრას რის ხარჯზე ვეცდებით.

წერა, გადაფასებით დავიწყე, მის გამომწვევ მიზეზსა და დროზე. ისტორიული შანსი – შეგვხვდება ეს სიტყვები რამდენიმე თვეში ყაზახეთთან პოტენციურ მატჩამდე.

იქამდე 7 თვეა, ჰოდა, საქართველოს ნაკრებმა ეს დრო უნდა გამოიყენოს ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის. პირველადი მიზნის, მიუხედავად გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩვეული საკვალიფიკაციო ეტაპიდან.