საქართველო vs კვიპროსი – პრესკონფერენციები. ვილი სანიოლმა და თემურ ქეცბაიამ მედიის კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს ნაკრები – პრესკონფერენცია
“ტაილანდთან დიდი ინტენსივობით ვითამაშეთ.
კვიპროსი ტაილანდისგან განსხვავებული გუნდია და იმავე შემართებას და ინტენსივობას ველი.
ვფიქრობ, ფეხბურთელები საკმაოდ ბედნიერები იყვნენ, რადგან სექტემბერი საკმაოდ რთული გამოვიდა. ამ მატჩმა თავდაჯერება დაგვიბრუნა. თუმცა ზოგჯერ ზედმეტი თავდაჯერება მავნებელია. იდენტურ მიდგომას ველი”.
ვილი სანიოლი
“კაპიტანი კაშიაა და არაფერი შეცვლილა. კვეკვესკირი ვიცე-კაპიტანია. რაც შეეხება ლორიას, ის გამოცდილი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ მიყვარს როდესაც მეკარეა კაპიტანი. მეტოქის საჯარიმოში რამე რომ მოხდეს, ის არბიტრთან სასაუბროდ ვერ მივა.
რაც შეეხება ლევან შენგელიას მისი ცვლილებით კმაყოფილი ვარ. მან თამაშის ხარისხით, ფსიქოლოგიურად, დისციპლინის მხრივ მოუმატა და ამიტომაც იყო ივნისსა და ახლაც არის ჩვენთან ერთად”.
ვილი სანიოლი
“რთული გზა გავიარე და სწორედ ეს გზა დამეხმარა იმ ადამიანად და იმ ფეხბურთელად ვქცეულიყავი, რაც ეხლა ვარ. ძალიან დიდი მუხტი და დახმარებაა, როდესაც საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურს ვიცვამ.
გამოვლილი მაქვს ყველა ახალგაზრდული გუნდი, მთავარი გუნდი იყო ჩემთვის მოტივაციაა, რომ ჩემი გზა კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანო.
ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა გულშემატკივრები და გუნდში არსებული ატმოსფერო ძალიან მეხმარება, რომ ადვილად გავიარო ეს გზა.”
გიორგი ქოჩორაშვილი
“საინტერესოა, რა სურპრიზი აქვთ კვიპროსელებს. ჩვენ როგორც წესი ჩვენ თავზე ვართ ორიენტირებული ხოლმე. არ ვართ ელიტარული, თუმცა არც ურიგო გუნდი ვართ.
რაც შეეხება კუტალიას, ყოველ ჯერზე ვიღებ კითხვას რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე, თუ რატომ არ არის აქ. თუ ვიღაცას მოვიყვან, მაშინ მითხარით ვინ უნდა დავტოვო სიის მიღმა.
მას გოლები გააქვს, თუმცა თუკი ახლა ის ჩვენთან ერთად არ არის, ჩემი გადაწყვეტილებით, ის სხვას ამ ეტაპზე ვერ სჯობს.
მივყვები, მივყვებოდი მის კარიერას. კარი არასდროს იხურება ეროვნულ გუნდში. ისევე როგორც იყო ვოლკოვის შემთხვევაში.
სკამზე 40 ფეხბურთელის დასმის უფლება რომ მქონოდა, ამას გავაკეთებდი”.
ვილი სანიოლი
“კვიპროსი თავს ნორვეგიასთან დამაჯერებლად იცავდა. თუკი მოწინააღმდეგე თავს დაბალი დაცვითი ბლოკით იცავს გჭირდება მეტი აღტაცება, აღმაფრენა. ჩვენ კი ამ კედლის წინააღმდეგ საჭირო და შესაბამისი ფეხბურთელები გვყავს”.
ვილი სანიოლი
“ესპანეთთან მარცხის შემდეგ, კლუბში ჩემმა გუნდელებმა ერთხმად აღნიშნეს – თუ რა მაგარი ქომაგები გვყავს, იციან, რომ პროფესიონალები ვართ, შესაბამისად რაიმე აპელირება ანგარიშზე არ ყოფილა.
როცა საქართველოს მაისური გაცვია, მუცელში ყოველთვის მოდის ის გრძნობა, რომ გსურს საუკეთესოდ ჩაატარო მატჩი. გვინდა რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ ყოველ ჯერზე”.
გიორგი ქოჩორაშვილი
“იყო ტაილანდთან შეცდომები, იყო ალბათ კონცენტრაციის პრობლემა. თუმცა უკანა ზონები ალბათ თვითონ თამაშმაც განაპირობა, რადგან ბიჭები ბურთს საკმაოდ მაღლა იბრუნებდნენ. მესმის, რომ უფრო ძლიერი გუნდები, საბერძნეთი, კვიპროსი და სხვები ასეთ შეცდომებს გამოიყენებენ.
დიახ გვქონდა შეცდომები, თუმცა ხვალ კვიპროსთან იგივე და უფრო მეტი ინტენსივობა და მიდგომა დაგვჭირდება”.
ვილი სანიოლი
კვიპროსის ნაკრები – პრესკონფერენცია
კვიპროსის ნაკრების პრესკონფერენციას ტრაგი-კომიკური უფრო ეთქმის. ტრაგიკული კვიპროსის პერსპექტივიდან, ქართულ ნაწილში კი, მხოლოდ დიდი სითბო იგრძნობოდა და 2-3 ისეთი კალიბრის ხუმრობა იყო, ჯიმი კიმელის მთელი სტაფი უყოყმანოდ რომ ხელს მოაწერდა.
სანამ ეს ჯგუფი დაიწყებოდა, ვიცოდით, რა სირთულებიის წინაშეც ვიყავით. ეს საქმეშიც გამოჩნდა. 6 მატჩში სამუწხაროდ, ქულა არ აგვიღია. ვეთამაშებით ძალიან კარგ, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ საქართველოს ნაკრებს. მათ ჰყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.
იმედია, ხვალ რაღაცას მივაღწევთ.
თემურ ქეცბაია
“გუნდში თავდაჯერების სიმცირეა და ეს შედეგებითაა გამოწვეული.
თუმცა პირველი მატჩი საქართველოსთან ძალიან თანაბარი იყო. იმავეს ველით ხვალაც და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ”.
კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელი
შემდეგ დაისვა კითხვა, ჰქონდათ თუ არა ჟურნალისტებს უშუალოდ ფეხბურთელთან შეკითხვა. სანაცვლოდ მიღებული დუმილის შემდეგ, ფეხბურთელმა საპრესკონფერენციო ოთახი დატოვა, ხოლო ქეცბაია დარჩა.
ამაზე თემურმა საკუთარ ფეხბურთელს, მისთვის დამახასიათებელ სტილში მიაძახა: Lucky Man, რა!” – იდეალური იყო.
მერე დიალოგი ჩვეულ კითხვა-პასუხში გაგრძელდა.
“თავიდანვე არ მინდოდა, რომ ჩვენი ნაკრებები ერთ ჯგუფში ყოფილიყვნენ, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე მოხდა.
მთელი ცხოვრება გავატარე, როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და მწვრთნელმა. არც ისეთი ადვილი არც პირველი თამაში და არც ხვალინდელი მატჩი იქნება განსხვავებული.
ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ. კვიპროსის ნაკრები ჩემი გუნდია. არც კვიპროსია ჩემთვის უცხო ცხოვრების ნახევარზე მეტი იქ გავატარე. მინდორზე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიქნები, მის მიღმა კი უკვე, [ასე არ იქნება].
სამწუხაროდ ჩვენი გუნდების პირველ თამაშზე რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, სამწუხაროა, რომ ნაკრების დონეზე 3 თამაში ჩავატარეთ სახლში და სამივე მატჩში სტუმარ გუნდს მეტო ქომაგი ჰყავდა.
ასე იყო საქართველოს ნაკრებთანაც და ვფიქრობ, იქ ქართველი გულშემატკივარი ნაკრებს ძალიან დაეხმარა.
გუშინ წინ, სავსე კი იყო სტადიონი, თუმცა იქ ერლინგ ჰოლანდის სანახავად მოვიდნენ.
ყოველთვის მიხაროდა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში, დინამო არენაზე აქაც. ბოლო ორი თამაში სწორედ მიხეილ მესხზე მაქვს ჩატარებული.
იმედია, რომ ხვალ ხალხი მოვა და კარგი თამაში გამოვა.
თავიდანვე, როდესაც ამ ქვე ჯგუფში მოვხვდით, ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა და ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად კარგად გამოსვლა იყო. რაღაც თამაშებზე მოვახერხეთ, რომ იოლი მეტოქე რა ვყოფილიყავით. რაღაც გუნდებთან ეს შევძელით, სადღაც სხვაობა ძალიან დიდი იყო.
სამწუხაროდ ქულები ვერ ავიღეთ. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნორვეგიის კალიბრის გუნდი ვერ ხვდება ფინალურ ეტაპზე, ჩვენ რაღა ვთქვათ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უძლიერესი ჯგუფი შეგვხვდა.
ჩვენთვის უფრო ახლოს, რაღაცისთვის რომ ვიბრძოლოთ ერთა ლიგაა, სადაც გუნდებს შორის ძალაში დიდი სხვაობა არ არის.
მარტში გიბრალტართან თამაში გველის. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა ის ფლეი აუთის შეხვედრა გიბრალტარს უნდა მოვუგოთ. თუ ასე არ მოხდა, ძალიან ცუდ დღეში ვყოფილვართ.
საქართველო ნახევარფინალს უკვე მეორედ თამაშობს. მეტოქეები ახლა ირკვევა. რა თქმა უნდა ეს დიდი მიღწევაა. ძალიან გული მწყდება, რომ პირველ ჯერზე პანდემია დაემთხვა.
სამწუხარო ის იყო, რომ გულშემატკივარი არ იყო. ქომაგები რომ ყოფილიყვნენ, სხვა შედეგი დადგებოდა. წამყვანი ფეხბურთელები დააკლდა საქართველოს ნაკრებს.
დღეს ნაკრებში არის ის კონტიგენტი, რომელსაც შეუძლია ამ გუნდებთან ბრძოლა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრა.
იმედია, რომ მარტისთვის ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში იქნება. ყველას მიზანი, ხომ ის არის, რომ საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე”.
თემურ ქეცბაია
საქართველო vs კვიპროსი – 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათიდან დაიწყება.