სარჩევი

ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია. არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ერთი მხრივ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი, მეორე მხრივ კი ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა, – მაროკო, პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

მომავალ შეხვედრას გამოეხმაურა ლეგენდარული მაროკოელი ფეხბურთელი მუსტაფა ჰაჯი, – “საფრანგეთი ჩვენი მოძმე ერია, ყოველთვის ასე იყო. იმედია ეს ყველაფერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ყველაფერს ბოროტად იყენებენ“.

რთული იქნება კატარში მაროკოელ ფანებთან გამკლავება. მაროკოს ყოველი მატჩი არეულობით სრულდება, უბილეთო გულშემატკივრები სტადიონზე შეღწევას ცდილობენ და როგორც წესი, ეს ყველაფერი დაცვასთან, ხანდახან კი სპეცრაზმთან დაპირისპირებით სრულდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, მით უფრო დიდია არეულობის რისკიც.

მაროკოს ნაკრებმა ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა დაკარგა, ნახევარფინალში არავინ შეხედავს, როგორც აუტსაიდერს. გუნდმა ურთულესი გზა გაიარა, განსაკუთრებით პლეიოფში, დაამარცხა ორი ფავორიტი – ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები. საფრანგეთი მათთან სათამაშოთ ისე გავა, როგორც ტოლსწორთან.

ზოგი ჭირი მარგებელია

დანაკლისი თითქოს დიდი იყო – ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, კიმპემბე, ბენზემა.. დიდი ძალაა, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდა. გუნდში თუ არეულობა იყო, ეს პირველ რიგში პოგბასა და ბენზემას სახელს უკავშირდებოდა, მათი გამოკლებით საფრანგეთის ნაკრები უფრო ერთსულოვანია, ეს კი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ვხედავთ, რომ ბრწყინვალე ჩემპიონატს ატარებს ჟირუ, კილიან მბაპეს კი ზუსტად იმდენი თავისუფლება აქვს, რამდენიც სურდა, რომ მიეღო. ის ნაკრების ერთპიროვნული ლიდერია. ნახევარდაცვის ცენტრში მიღებული დანაკლისი, კრეატიული თვალსაზრისით, უკან დახეულმა ანტუან გრიზმანმა შეავსო, გრიზმანი დეშამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რგოლი, რომელიც მთელ გუნდს ერთიან დინამიკას ანიჭებს.

ადგილი გამოუთავისუფლდა უსმან დემბელეს, როგორც იქნა ჩაატარა სეზონი ტრავმის გარეშე და ნაკრებშიც მიიღო შანსი. უნდა ითქვას, რომ მოულოდნელად მცირე წუნი აქვს, არასდროს ასე არ უფრთხილდებოდა ბურთს, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად გათავისებული აქვს სანაკრებო ფეხბურთისა და მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობა. გამწვავება რომ შეუძლია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გარემარბია, ეს უკვე ძველი ამბავია.

პრესკონფერენცია

თუ ვინმე თვლის, რომ მიღწეული გვაკმაყოფილებს ძალიან ცდება, ჩვენ მეტის გაკეთება გვსურს, – თქვა მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ, – თუ ნახევარფინალში გახვალ და მეტის გაკეთება არ გსურს, ესე იგი, პრობლემები გაქვს“.

ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ბრაზილია იყო და უკვე გავარდა, ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ, რომელსაც წარმატება სწყურია, თუმცა, არ ვიცი ეს რამდენად იქნება საკმარისი”.

ამბობენ, რომ დავიღალეთ, მაგრამ შეუძლებელია მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიღალო, ამბობდნენ, რომ პლეიოფში გავვარდებოდით, მაგრამ ყველაზე რთული გზა გავიარეთ, ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია, გვსურს, რომ აფრიკას რაც შეიძლება დიდი წარმატება მოვუტანოთ”.

მატჩის წინ ისაუბრა დიდიე დეშამმაც.

მაროკო ძალიან ორგანიზებული გუნდია, შესაძლოა, საუკეთესო დაცვაც კი ჰყავდეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არ იქნებოდნენ, სადაც ახლა არიან. გარდა ამისა ძალიან ეფექტურად თამაშობენ შეტევაში”, – თქვა დიდიე დეშამმა.

იცით, რომ შედარებები არ მიყვარს. ოთხი წლის წინ სულ სხვა გუნდი გვყავდა, რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომელთაც მაშინაც ითამაშეს, მთავარი მსგავსება ის არის, რომ ამჯერადაც გავედით ნახევარფინალში. გამოდის, რომ რაღაც სწორად გაგვიკეთებია

საფრანგეთმა თუ მაროკოს ბარიერი დაძლია, შანსი ექნება გახდეს მესამე ქვეყანა, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, აქამდე მსგავსი შედეგი იტალიისა და ბრაზილიის ნაკრებებს ჰქონდათ, – იტალიამ 1934-38 წლებში შეძლო მოგება, ბრაზილიამ 1958-62 წლებში.