სარჩევი
რონალდუ 1-ლია, არველაძე მე-10 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ბომბარდირებში | Setanta Sports

კრიშტიანუ რონალდუ არაერთი რეკორდის მფლობელია. ევრო 2024-ის შესარჩევში კი მან სანაკრებო დონეზე ჩატარებული 197-ე და 198-ე მატჩებით ახალი რეკორდი დაამყარა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. საქართველო მორიგ ციკლში 28 მარტს ნორვეგიასთან მატჩით ჩაერთვება. მანამდე კი საკვალიფიკაციოებზე გოლეადორთა სიას ჩავხედოთ.

რონალდუს კარიერაში 832 გოლი აქვს გატანილი. აქედან, 710 საკლუბო დონეზე, სანაკრებოზე კი – 122.

საინტერესოა, რომ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირსაც ლიდერობს. ყველა დროის ბომბარდირთა დავაში პორტუგალიელს 35 გოლი აქვს გატანილი. მოწინააღმდეგეთა შორის საქართველო არ არის.

მეორე ადგილზე რობი კინია. ირლანდიელის ანგარიშზე 23 გოლია. კინმა ევრო კვალიფიკაციაში საქართველოს ამ 23-დან 1 გაუტანა.

მესამე ადგილს რობერტ ლევანდოვსკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰაქან შუკური 19-19 გოლით იყოფენ.

არველაძე ბომბარდირთა 10-ეულში

ამ სიაში შოთა არველაძე მე-10 ადგილზეა. მის ანგარიშზე 17 გატანილი გოლია.

არველაძე პოზიციას ხორვატ დავორ შუკერსა და არწიომ ძიუბასთან ინაწილებს.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა ეს 17 გოლი 9 სხვადასხვა ნაკრებს გაუტანა. არველაძის გოლები ევროპის შესარჩევებზე:

  • უელსი 1
  • ალბანეთი 6
  • ბულგარეთი 1
  • სლოვენია 1
  • ლატვია 1
  • შვეიცარია 1
  • ფარერის კუნძულები 3
  • უკრაინა 1
  • შოტლანდია 1

არველაძეს ყველაზე მეტი გოლი ალბანეთის კარში აქვს გატანილი.

ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთაგან ხვიჩა კვარაცხელიას 10 გოლი აქვს გატანილი, თუმცა მათგან არცერთი ევროპის საკვალიფიკაციოზე. 13 გოლია ყაზაიშვილის ანგარიშზე, თუმცა ვაკო ეროვნულ გუნდში, ამ ეტაპზე, აღარ თამაშობს.

რონალდუს მორიგი რეკორდი – 197 მატჩი

რონალდუს ნაკრებში 198 მატჩი დაუგროვდა. მან ამ მაჩვენებლით ქუვეითელი ბადერ ალ მუტავაყი ჩამოიტოვა.