სარჩევი
2021 მაი 08, 10:21 შ-მდე
6 წუთის საკითხავი

არ მოვერიდები იმის თქმას, რომ დავით ჯიშკარიანის დოკუმენტური პროზა – „ბუცები და ტყავის ჩექმა“, უნიკალური წიგნია, რადგან მიმაჩნია, რომ მსგავსი მნიშვნელობის კვლევა ქართული ფეხბურთის ირგვლივ არ ჩატარებულა. საფეხბურთო მოედნებზე დატრიალებული ამბების გარდა, იგი პოლიტიკურ-სოციალური და ისტორიული მოვლენების ერთობლიობას წარმოგვიდგენს.

ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს მრავალ წყაროზე დაყრდნობილი და ხანდახან უმძიმესი ამბები ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხოს, წიგნი ქრონოლოგიურად მიუყვება ქართული ფეხბურთის დაბადებასა და განვითარებას. სამეცნიერო ნამუშევარი მაქსიმალურად არის ადაპტირებული რიგით მკითხველზე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნის მიღმა ავტორის ათწლიანი შრომა იმალება. 

წიგნის მნიშვნელობას ზრდის და განაპირობებს ის ამბავი, რომ ავტორი მოგვითხრობს ქართული ფეხბურთის პირველ ნაბიჯებზე, დაწყებული სპორტის ინდუსტრიალიზაციით, გაგრძელებული ინგლისელი მეზღვაურების ჩამოსვლით, ფეხბურთის პოპულარიზაციით და სტრუქტურული ელემენტების დეტალურად გაცნობით დამთავრებული. შეუძლებელია ქართული ფეხბურთის ისტორიაზე ზუსტი წარმოდგენა გქონდეს, თუ პირველ ნაბიჯებსა და საფუძველს არ იცნობ, ჯიშკარიანი კი გვაცნობს პერიოდს, რომელზეც აქამდე ყველაზე ნაკლები ვიცოდით, ან მხოლოდ ლეგენდებად იყო შემორჩენილი ცალკეული ამბები, სადაც ტყუილისა და სიმართლის გარკვევა ყოველთვის რთულია, რადგან მეხსიერებას თავდაცვის ფუნქცია აქვს და ყველაფერს ინახავს ისე, როგორც აწყობს, რომ შეინახოს, განსაკუთრებით იმ მძიმე ეპოქის შემდეგ, რომელსაც საბჭოთა ეპოქა ჰქვია. „ლავრენტი ბერიას სახელი ხშირად იყო ტაბუირებული, თბილისის დინამოს ფეხბურთელების სახელები კი ბოლომდე არ იწერებოდა და მათი ჩამონათვალი „და სხვ“.-თი მთავრდებოდა. „და სხვ.“-ს შემდეგ დასმულ მრავალწერტილში კი დიდი ამბები იმალებოდა“, – ტაბუ მოხსნილია, ამბები კი დღის სინათლეზეა გამოტანილი, ყოველთვის ვიცოდი, რომ დინამო გერბის მიღმა უამრავ ამბავს ინახავდა, მაგრამ ასეთს არ ველოდი. 

დინამოს რომ ლავრენტი ბერია მფარველობდა, ეს ალბათ ბევრმა იცოდა კიდეც, უყვარდა ფეხბურთი და მისი გაქანების გონების კაცს არც იმის ცოდნა გაუჭირდებოდა როგორ უნდა გამოეყენებინა ფეხბურთი სოციალური კაპიტალისათვის, დასავლეთში უკვე არსებობდა ამის წარმატებული პრაქტიკა და არც საბჭოეთი აპირებდა კონკურენციაში ჩამორჩენას.  

სპორტსაზოგადოება დინამოს დაფუძნების შემდეგ იწყება ფიზიკური კულტურის იდეოლოგიურ იარაღად ქცევა, რომლის ფუნდამენტური პრინციპები ალბერტ ზიგმუნდმა განსაზღვრა და ერთ-ერთი პრინციპი აი, ასე ჟღერს: „საბჭოთა ფიზკულტურა ამზადებს მებრძოლს, რომელიც მედგრად დაიცავს ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარს“, მივიღეთ ანტიკური აღქმის (ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია) მახინჯი რეინკარნაცია. სეტემბრინისეულ აღქმას, როგორც წესი, აღმოსავლეთიდან წამოსული ქრისტიანობა უპირისპირდება ხოლმე, რომელიც სულიერ ზეობას აღწევს სხეულის დათრგუნვის საფუძველზე, ეს ორი იდეოლოგია დაუპირისპირდა ერთმანეთს და ფიზიკური გაჯანსაღებისა და სრულყოფისაკენ სწრაფვის პარალელურად სულის ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა, განსაკუთრებით შინსახკომს დაქვემდებარებულ ჩეკისტ ფეხბურთელთა შორის, რომელთათვისაც ადამიანის წამება, დახვრეტა ან ამ ყველაფრის მშვიდად ყურება ჩვეულებრივ ამბად იქცა. თუმცა, გვყავს გამონაკლისები, რომელთაც უარი თქვეს ჩეკისტურ კარიერულ ზრდაზე და ასეთ მძიმე ამბებში არ გახვეულან, მაგალითად შეიძლება ანდრო ჟორდანიასა და ბორის პაიჭაძის მოყვანა. ალბათ სწორედ ამიტომ, მათი სახელები ჩვენამდე მოვიდა, ხოლო ჯალათების სახელები, მხოლოდ ახლა ამოტივტივდა. არ არის უცნაური, რომ მიუხედავად 70-წლიანი „სწავლებისა“, როგორც კი საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, ფიზიკური კულტურისგანაც აღარაფერი დარჩა, ეს ქართველს არც ჩვევაში გაუჯდა, არც გენეტიკაში და არც მისი ცხოვრების წესად იქცა, მენტალურად სულ სხვა ხალხი ვართ, ამას ვიღაც ბანალურად სიზარმაცეს მიაწერს, ან უდისციპლინობას, მაგრამ მგონია, რომ ბევრად ღრმა ფესვები აქვს და ეს უმნიშვნელოვანესი მასალა პასუხების საპოვნელად გვეხმარება. პარალელების გავლება დღევანდელ დღესთანაც შეიძლება, დავით ჯიშკარიანი ერთ-ერთ ინტერვუში ამბობს, რომ საბჭოთა წარსულისგან ბოლომდე ვერ გავთავისუფლდით, მაგალითად მოჰყავს ჩვენსავე დროში გამოყენებული წამების მეთოდები და სპორტსმენების ჩართულობა დარბევებში, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აქტუალობას არ კარგავს, კუნთმაგარი სპორტსმენი ყოველთვის იარაღი იყო ზემდგომის ხელში, ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ვლინდებიან, გამოვლინების ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი კი ავტორიტარული მმართველობაა, რომლის დამყარებისთანავე უცბად გამოჩნდება ხალხი, რომელიც წარსულში გეგონა დატოვებული.

მოთხრობილი პერიოდი გამდიდრებულია ფოტომასალით, სადაც პირვანდელი დინამოს სტადიონის ფოტო და მისი მაკეტიც მოიპოვება. დაწვრილებით არის მოთხრობილი ბერიას სახელობის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც ამჟამად ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს, ახლა ამ სტადიონთან ჩავლისას ალბათ ბევრჯერ დავფიქრდები, რომ სულ სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახალგაზრდა არჩილ ქურდიანმა თავისი პროექტი გაიტანა და საფეხბურთო ტაძარი ააშენა, აი, რას ჰყვება არქიტექტორი მაია ძიძიგური ავტორთან ინტერვიუში: „დინამოს სტადიონის არქიტექტურა გასცდა ფორმალიზმის საზღვრებს, ეს არ იყო მხოლოდ ლოზუნგისთვის ფორმით ნაციონალური ნაგებობა, სტადიონზე გამოიყენებოდა დეტალები მეშვიდე საუკუნის ტაძრიდან, ასევე, კაპიტელები იყო ბაგრატის ტაძრის მსგავსი, გამოყენებული ორნამენტიკა კი ქართული შუასაუკუნეობრივი ტაძრებისათვის იყო დამახასიათებელი“. მას შემდეგ სტადიონმა დიდი რეკონსტრუქცია განიცადა და აღარ ჰგავს იმას, რაც პირველსახით იყო, ახლა ტაბლოც არის სტადიონზე და გოლის აღსანიშნავად მტრედებს აღარავინ უშვებს, არადა, კარგი იქნებოდა, გოლის შემდეგ მტრედების აფრენა ტრადიციად შემოგვენახა.  

ქართული ფეხბურთის პირველი ნაბიჯები დაემთხვა ყველაზე სისხლიან თარიღებს, და სულ არ არის შემთხვევითი ის, რომ სისხლიანი თარიღების პარალელურად დიდი ამბები ხდებოდა, მაგალითად, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მალევე, ჩამოყალიბდა სპორტსაზოგადოება დინამო, რომელიც თავისთავად ისახავდა მიზნად სოციალურ და პოლიტიკურ გავლენას. ხოლო, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიებისა და დახვრეტების პარალელურად, ბასკებს ვუმასპინძლეთ და ხელგაშლილნი დავხვდით, როგორც ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმთან მებრძოლებს, თუმცა, 37 წლის მოვლენები ბევრად საინტერესო კუთხით არის ნაჩვენები, რადგან დინამოს ჩეკისტი ფეხბურთელები ორივე მხარეს აღმოჩნდნენ, დახვრეტილებსა და დამხვრეტებს შორის. 

როგორც ავტორი აღნიშნავს, იყო შემთხვევა, როცა დაჭერილი დინამოელის საქმეს, მისივე თანაგუნდელი იძიებდა, ამის წარმოდგენა ხომ ახლა შეუძლებელია, ხალხი, რომელიც ერთად თამაშობდა და ალბათ ერთმანეთის პასებით გოლები გაჰქონდა, ერთად აღნიშნავდნენ და ერთად სწუხდნენ მარცხის გამო, მოედნის მიღმა სულ სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი, ხდებოდა მათი გარდასახვა, გარდასახვის იდეოლოგიურ საწყისს კი საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. 

ჯიშკარიანი რამდენიმე მათგანს, ყველაზე საინტერესო ბიოგრაფიით, ახლოს გვაცნობს, მაგალითად, ჭიჭიკო ფაჩულიას, რომლის შესახებ არასდროს არაფერი გამეგო, გაიოზ ჯეჯელავასა და ბორის პაიჭაძისაგან განსხვავებით, მათი სახელები შემოგვრჩა, ჭიჭიკო ფაჩულია კი ზემოთ ნახსენებ მრავალწერტილში იმალებოდა და ავტორმა გაგვიცოცხლა. თურმე, ქალაქში ამბობდნენ, რა ფაჩულიასავით ფეხები გაქვსო, მაგრად ჰქონია დაღრეცილი, მაგრამ დარტყმა ძლიერი და დაყენებული ჰქონდა. აქვე ვეცნობით ბორის პაიჭაძის აღფრთოვანებას, რომელიც ფაჩულიას დიდი მოწიწებითა და პატივისცემით იხსენებს, უდიდეს ბედნიერებას უწოდებს მის წინააღმდეგ თამაშს.  ჭიჭიკო კი ჩეკისტობის გარდა, სტაჟიანი მწამებელი იყო, არაადამიანურ მეთოდებს იყენებდა, იმდენად სულისშემძვრელს, რომ საბჭოთა სისტემამაც არ აპატია, თუმცა, მფარველი ჰყავდა, ლავრენტი ბერიას სახით. ბორის პაიჭაძის გარდა, ჭიჭიკო ფაჩულიას იხსენებს ანდრო ჟორდანიაც, რომელსაც მასთან არ ჰქონია კარგი ურთიერთობა და არც კარგი მოგონებები შემორჩენია. 

გარდა ფაჩულიასი, მოთხრობილია ლევან აბაშიძისა და მიხეილ ასლამაზოვის ისტორია, ჩეკისტი დინამოელებისა, რომლებიც თავად იქცნენ რეპრესების მსხვერპლად, თუმცა, ყველაზე მეტად “ფსიშკა” ვაჩნაძის ამბავმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საქმე გვაქვს ქართველ ოდისევსთან, თბილისი კი მის ითაკად იქცა, რომელსაც ოდისევსისგან განსხვავებით ვერ დაუბრუნდა. მიდის ომში ოდისევსი, ტოვებს სულ პატარა ტელემაქეს და ტროის ომის მერე იმდენს ხეტიალობს, რომ ყველას დაღუპული ჰგონია, ჰადესშიც ჩასულა და ციკლოპებსაც გადაჰყრია, რომელთაც თავისი ცნობილი გამჭრიახობითა და ცბიერებით დაუძვრა, სახლში ოცწლიანი ხეტიალისა და ფათერაკების შემდეგ ბრუნდება. ფსიშკამ კი 26 წლის მერე იხილა შვილი, სულ სხვაგან, სულ სხვა კონტინენტზე, ძალიან შორს თბილისური ითაკისაგან. ისიც ომში წავიდა, ისიც გარდაცვლილი ეგონათ და მასაც მოუხდა ერთგვარი „ჰადესის“ გამოვლა. დოკუმენტური პროზა მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება, რაც მეტწილად ავტორის თანმიმდევრული თხრობის დამსახურებაა, ფსიშკას ამბავი კი, გარდა იმისა, რომ იდეალური მხატვრული ტექსტი შეიძლება გამოდგეს, ძალიან კინემატოგრაფიულია, უნიკალური ამბავია ადამიანური ბედისწერის შესახებ, მისი გამოგზავნილი წერილი იმ შორეული კონტინენტიდან კი, ისტორიულ რელიკვიად მიმაჩნია, არადა, ყველაფერი ფეხბურთით დაიწყო, სადაც იდენტობა დაუწუნეს, აქედან იწყება მისი პირადი პრობლემები, რომელიც საყოველთაო ტრაგედიასთან გადაიკვეთება. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ხალხის მტრის“ შვილი, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელად იქცევა და სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამოს სტადიონი ხომ ახლა სწორედ მის სახელს ატარებს, შეუძლებელია უყურადღებოდ გაატარო დიდი სამეულის (პაიჭაძე, ჯეჯელავა, ღოღობერიძე) ტურნე ირანში, სადაც ნაციონალისტური გრძნობები იღვიძებს და შაჰ აბაზის ქვეყანაში ქვას ქვაზე არ ტოვებენ, გაიტანეს 16 ბურთი და მიიღეს ორი. 

საერთო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულია, საფუძველი ჩაყრილია, პირველი ნაბიჯები ცხადად არის აღდგენილი და ზუსტ წარმოდგენსაც გვიქმნის, როგორ დაიწყო ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ბევრი რამ, იმ დროიდან, დღემდე მოგვყვება, როგორც ფეხბურთში, ისე მის მიღმა, რაღაცებზე, შესაძლოა, აქამდე ახსნაც ვერ მოგვეძებნა, მაგრამ ახლა ბევრი რამ გასაგებია. ამ კვლევამ, წესით და რიგით, გზა უნდა გაუხსნას მომდევნო პერიოდის კვლევებს, იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე გავიაზროთ ფეხბურთის როლი ქართულ პოლიტიკასა და კულტურაში.