კვარას დებიუტი და საგოლე გადაცემა უსმან დემბელეზე. ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის პირველ შეხვედრაში ასისტი გაიფორმა. კვარაცხელიამ რეიმსთან 3 სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა 47-ე წუთზე მთლიანი ეპიზოდი შექმნა. ფლანგიდან დიგონალური სვლა უსმან დემბელეზე ასისტით დააგვირგვინა.
პირველივე მატჩში ასისტი ურიგო შედეგი არ არის. ეს გოლი კი დემბელესთვის ლიგა 1-ში მე-11 იყო.
საბოლოოდ, პსჟ რეიმსი 1-1 დასრულდა. რეიმსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა კარგად, კომპაქტურად ითამაშეს.
კვარა ლუის ენრიკემ 83-ე წუთზე მარკო ასენსიოთი შეცვალა.
კვარას კომენტარი რეიმსთან მატჩის შემდეგ
პსჟ 1-1 რეიმსის მატჩის შემდეგ კვარამ მოკლე კომენტარი გააკეთა. ხვიჩას აქცენტი მომენტების რეალიზებაზე ჰქონდა.
“რთული თამაში იყო. რეიმსი კარგი გუნდია. გვქონდა შანსები, თუმცა რეალიზება ვერ შევძელით. სწორი მიმართულებით ვვითარდებით.
მომენტების რეალიზების მხრივ სამუშაო გვაქვს, რათა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად შედეგიანად შევასრულოთ დარტყმები.”
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია რეიმსთან – ანალიზი
საგოლე გადაცემაზე მეტად კვარას სადებიუტო მატჩის ანალიზი უფრო საინტერესოა. ხვიჩამ რეიმსთან მატჩში 3 სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა.
კვარა, რამუში, დემბელე – ლუის ენრიკემ მატჩი ამ შემტევი ტრიოთი დაიწყო. რიგ მომენტებში ასიმეტრიული განლაგების გამო, კვარა უფრო მარცხენა ნახევარმცველი იყო, ვიდრე გარემარბი.
1-ელ ნახევარში სიღრმიდან თამაშის გამო ქართველის თამაში უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
რეიმსი დაბალი დაცვითი ბლოკით თამაშობდა. შესაბამისად, კვარას დიდად ინდივიდუალური ბრწყინვალება არ ჩანდა, თუმცა მის ფეხბურთს სწორი, გამართული თამაში ერქვა.
მეორე ნახევარში უკვე სხვა ვითარება იყო. 0-0-ის მერე ლუის ენრიკემ ქართველს პროფილიც და დავალებაც შეუცვალა.
ხვიჩა ბურთთან მეტ დროსაც ატარებდა და ცენტრშიც უფრო ხშირად გადმოდიოდა.
ერთ-ერთი პირველი მცდელობით კვარამ ლიგა 1-ის სადებიუტო მატჩში გოლი შექმნა. დიაგონალზე ბურთიანად კარგი სვლა, დეზირე დუესთან კედლით გაგრძელდა, ბოლოს კი დემბელეზე ლანგრით მირთმეული გადაცემით დასრულდა.
იყო მომენტები, როდესაც კვარამ 8-იანის ზონაშიც გადმოიწია. თუმცა უფრო მეტად ცენტრში ყოფნისას 10-იანის ფუნქციებით იყო დატვირთული.
73-ე წუთიდან როდესაც სენი მაიულუმ გონსალუ რამუში შეცვალა, კვარამ ცრუ ცხრიანზე ითამაშა. ბევრ ეპიზოდში მკაფიოდ ჩანდა, რომ კვარა თანაგუნდელებთან ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესშია. მეტი სინერგია, მეტი კომბინაციის წინაპირობა იქნება, თუმცა ამას ცხადია, დრო სჭირდება.
სანამ რამუში გავიდოდა, იყო პერიოდი როდესაც, შემოსული ბარკოლა მარჯვნივ დადგა, კვარა კი მარცხნივ დარჩა.
ასენსიოთი შეცვლამდე კვარამ რამდენიმე წუთი მარჯვენა გარემარბადაც გაატარა, თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდური შემთხვევა იყო.
საბოლოდ, ცხადია, კვარას დებიუტი ლიგა 1-ში პოზიტიური იყო. ბუნებრივია, პსჟ-ისგან ქართველი გულშემატკვირის უმეტესობა მეტს ელოდა, თუმცა გასათავალისწინებელია, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა კვირის შუაში მანჩესტერ სიტის ქამბექით მოუგო და სამიოდე დღეში, ასევე ლიგაზე, შტუტგარტს გასვლაზე ეთამაშება.
უკვე ოფიციალურად, კვარა გახდა მე-7 ქართველი, რომელმაც ლიგა 1-ში ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ისე კი ხვიჩა არის – მე-9 ქართველი, ვინც ლიგა 1-ში პირველ გუნდს რეგისტრირებული ჰყავს.