სარჩევი
დენზელ დუმფრიზი აშშ-ის წინააღმდეგ | Setanta Sports

კატარში პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ნიდერლანდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფლეიოფი წარმატებულად დაიწყო, ხოლო აშშ ტურნირს დაემშვიდობა.

ლუი ვან გაალის გუნდმა ტაიმი 2-0 მოიგო. დენზელ დუმფრიზმა ჯერ მემფის დეპაის გაატანინა, ხოლო შემდეგ – დელი ბლინდს. პირველი გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მოედანზე მყოფმა უკლებლივ ყველა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიიღო, რამაც გოლი განსაკუთრებით გაალამაზა.

ორი უპასუხო გოლის გაშვების მიუხედავად აშშ-ის ნაკრები ურიგოდ არ გამოიყურებოდა და ანდრიეს ნოპერტს ორი დარტყმის მოგერიებაც მოუხდა.

მეორე ტაიმში გრეგ ბერჰალტერის გუნდმა კიდევ უფრო მოუმატა, რაც 76-ე წუთზე ჰაჯი რაითის გოლში აისახა. ანთალიასპორის შემტევი საგოლე გადაცემით კრისტიან პულისიჩმა მოამარგა.

ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ინტრიგამ და დაძაბულობამ 5 წუთს გასტანა. 81-ე წუთზე ნარინჯისფერებმა აშშ-ის დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და საბოლოო ანგარიშიც 3-1 დააფიქსირეს. გოლი პირად აქტივში უკვე თავად დენზელ დუმფრიზმა ჩაიწერა.

  • ეს ნიდერლანდებისთვის მე-19 წაუგებელი მატჩი იყო, მას შემდეგ რაც ლუი ვან გაალი ნაკრებში მესამედ დაბრუნდა.
  • ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის ბოლო 8 წელიწადში პირველად ითამაშებს.
  • მემფის დეპაიმ მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა. 43 გოლით ის ნაკრებში ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე გადავიდა და სიაში კლას იან ჰუნტელაარი ჩამოიშორა. წინ 50 გოლით რობინ ვან პერსია.

ნიდერლანდები მეოთხედფინალში არგენტინა-ავსტრალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.