Setanta Sports-ის მაყურებელს, ცხადია, ანდრო ხელაძის წარდგენა არ სჭირდება. ბოლო პერიოდში ფეხბურთის ქართველი კომენტატორი უფრო ფართო აუდიტორიამაც გაიცნო. აუდიტორია კი როგორც საქართველოს ასევე იტალიას მოიცავს.
ანდრო ხელაძე Setanta Sports-ზე სერია A-ს კომენტატორია, შესაბამისად, ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები ქართულ ტელესივრცეში, მეწყვილეებთან ერთად, სწორედ მისი კომენტირებით გადის ეთერში.
“კვ-არანორმალურია, კვ-არარეალურია, კვ-არაამქვეყნიურია ამ ბიჭის იტალიური თავდაგადასავალი”, – Setanta Sports-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთ პირველ, ლაციოსთან გამართულ მატჩზე გაჟღერებული ამ ფრაზით წარუდგინა TV პირველის მაყურებელს გადაცემის წამყვანმა ანდრო ხელაძე.
“კვარაცხელიას თამაშის წაყვანა შეუძლებელია, ისე რომ წინასწარ არ მოემზადო და თავში არ გქონდეს რამდენიმე გზა, საით წაიყვან საუბარს”, – უთხრა გადაცემის წამყვანებს ანდრო ხელაძემ.
ქართველმა კომენტატორმა იტალიაში მის მოგზაურობაზე ვრცლად ისაუბრა.
“ეს არ იყო სამსახურეობრივი ვიზიტი. ცხადია, ეგეთ თამაშზე როდესაც მიდიხარ და ხარ Setanta Sports-ის თანამშრომელი, პიროვნულად გაქვს ვალდებულება, რომ რაღაც მაინც გააკეთო სამსახურისთვის. რომ არა Setanta Sports-ი ისე ვერ ვიქნებოდი ნეაპოლში, როგორც ვიყავი.
იქ პაბში, ერთ-ერთი ადგილობრივი შემხვდა, რომელმაც მიცნო. მისი სახელი რიკარდო იყო. ასევე, მანამდე სტატია ჩემ შესახებ იტალიურ, ნეაპოლურ გაზეთ il mattino-ში გამოქვეყნდა.
ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ სერია A-ს ოფიციალური გვერდი მომენტს ჩემი კომენტარით დადებდა.
არც კი ვიცოდი, თავიდან, რომ ჩემი ნამღერით ედო ვიდეო სერია A-ს. მაშინ, კვარას ვიდეოებს თუ დებდა ეს გვერდი ჩვენთვის დიდი ამბავი იყო, ახლა უკვე რუტინად იქცა, კვარაცხელია იმხელა ვარსკვლავია.
როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, შეთხლეშილი რომ ვარ ფეხბურთზე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა?!”
ანდრო ხელაძე – Setanta Sports-ის კომენტატორი
ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 21 იანვარს სალერნიტანას წინააღმდეგ გამართავენ. Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელი სალერნიტანა-ნაპოლის მატჩს პირდაპირ ეთერში 20:55 იხილავს.