მსოფლიო ჩემპიონატის C და D ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საინტერესო დღე გამოვიდა, საფრანგეთი უკვე პლეი ოფშია, არგენტინა თამაშში დაბრუნდა, ყველაფერი კი მეორე ტურში გადაწყდება.
C ჯგუფი
შეიცვალა მეტოქე და შიცვალა ტაქტიკაც, საუდის არაბეთს აღარ უთამაშია ცენტრამდე ამოწეული დაცვით, მათ თამაშს პოლონელები ყურადღბით შეისწავლიდნენ და მოიფიქრებდნენ კიდეც რამეს მეტოქის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ასეთი ტაქტიკით თამაში ისედაც სიგიჟეს ჰგავდა.
არგენტინელებთან გამარჯვების გამო საუდელმა ფეხბურთელებმა ისეთი ჯილდო დაიმსახურეს, შესაძლოა, კარიერის ბოლომდე არ ღირსებოდათ ასეთი საჩუქარი, აღსანიშნია, რომ კატარში შეძლეს ამ წარმატების მიღწევა და იქნებ პოლიტიკური მნიშვნელობაც კი შეიძინოს ამ ამბავმა, მომდევნო დღე მეფემ დასვენების დღედ გამოაცხადა, არაბეთში დიდი ზეიმი იყო და თუ დაამარცხე არგენტინა და მესი, ესე იგი, პოლონეთისა და ლევანდოვსკის დამარცხებაც შესაძლებელია, – ასეთი იყო განწყობა. შესაძლებლობაც გამოჩნდა, რომელსაც ჩაეჭიდა არაბეთი და გააშვებინა ხელი ვოიცეხ შჩესნიმ. ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიგერია, მერე დამატებაზეც იმარჯვა. მატჩის გარდამტეხი მომენტი, სწორედ ეს იყო, არაბთა კარგი შეტევები ლოგიკურ წერტილამდე უნდა მისულიყო, შჩესნი კი ლოგიკას არ დაექვემდებარა. ეს ფეხბურთია.
თავის მხრივ, ლევანდოვსკის ჰქონდა შეცდომა გამოსასწორებელი. მისი გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო პოლონეთმა მექსიკასთან სამი ქულა ვერ მოიპოვა და მაგრად გაირთულა საქმე, ამჯერად ლევანდოვსკიმ ყველაფერი კარგად გააკეთა, ჯერ საგოლე პასი მიითვალა, ურთულესი ბურთი დაიმორჩილა და ჟელინსკის გაატანინა, ბურთის მოედანზე დატოვებასა და პასს შორის წამიც კი არ დაუკარგავს. შემდეგ იყო ხარიხა და ძელი, ჯერ მილიკი ურტყამდა ლამაზ ნახტომში, შემდეგ ლევანდოვსკი დასწრებაზე, თითქოს აღარ უნდა გასულიყო გოლი, მაგრამ ლევანდოვსკიმ ბურთთან ერთად იღბალიც მოპარა არაბებს, მოპარა და გაუტანა. რობერტმა პირველი გოლი შეაგდო მსოფლიო ჩემპიონატზე.
ასე რომ, პოლონეთი სატურნირო ცხრილში ოთხი ქულით დაწინაურდა. ბოლო ტურში ყველაზე რთულ მეტოქესთან მოუწევთ საქმის გარკვევა, – არგენტინას აუცილებლად მოგება სჭირდება.
ლათინური ამერიკა
არგენტინა და მექსიკა კარგად იცნობენ ერთმანეთს, როგორც წესი, აქამდე პლეი ოფებში ხვდებოდნენ ხოლმე, და როგორც წესი, არგენტინა იყო გამარჯვებული. გარდა ამისა, არგენტინელებს უყვართ მექსიკა, დიეგო მარადონამ, სწორედ მექსიკაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა და მის მსგავსად ამ ტურნირზე აღარავის უთამაშია. უყვართ ბრაზილიელებსაც, პელემ და მისმა არმიამაც მექსიკაში მოიგეს მესამე მუნდიალი და აღარც მათ მსგავსად უთამაშია არავის. მექსიკაში შედგა ჩემპიონატის საუკეთესო გუნდისა და საუკეთესო ფეხბურთელის ნათლობა. ასეთი ქვეყანაა, აქვს თავისი მაგია, მომდევნო მუნდიალის მასპინძლობას შეერთებულ შტატებთან და კანადასთან გაინაწილებენ.
რთული მატჩი იყო, სანახაობრივს ვერ ვუწოდებთ, არც ბევრი მომენტი გვინახავს, პირველ ტაიმში ძალიან ხისტი და უხეში თამაში ვიხილეთ, მეორეშიც ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ორი ძალიან ლამაზი გოლი ვნახეთ.
მაინც რით იზომება ფეხბურთელის სიდიადე? კრიტერიუმი ერთი ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად ის არის, რაც მესიმ გააკეთა. მექსიკური ცხრაკლიტული ერთი დარტყმით შელეწა! მთელი მატჩი გასაღებს ეძებდა და ვერ იპოვა, ბოლოს უბრალოდ შეანგრია. ბურთმაც მაგრად იმოგზაურა, გაძვრა გამაგრებულ მექსიკელებში და მსოფლიო ჩემპიონატებზე აცტეკების ღმერთად ქცეულ ოჩოასაც გაექცა კუთხეში, – 1:0. მესიმ არგენტინას იმედი დაუბრუნა.
მალე ის ბიჭი გამოვარდა მოედანზე, რომელზეც წინა ბლოგში ვწერდით, შევიყვანეთ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში, რომელთაგანაც ამ მუნდიალზე ბევრს ველით, ჰოდა, მექსიკასთან გაამართლა. არ დავმალავ, ენცო ფერნანდესს ძირითადშიც ველოდი, თუმცა, სკალონის სხვა გეგმები აქვს, ენცოს რომ თამაში შეუძლია მთელ მსოფლიოს დაანახა, ლამაზი მოძრაობებით ჩამოიცილა მცველები და უფრო ლამაზი დარტყმით დაატრიალა ბურთი ბადეში. ესეც წერტილი.
არგენტინა ქულებით საუდის არაბეთს გაუთანაბრდა. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. ძალიან საინტერესო მატჩები გველის, ჯგუფის ორი მთავარი ვარსკვლავი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ლიონელ მესი და რობერტ ლევანდოვსკი.
D ჯგუფი
პირველი ტურიდან გამომდინარე ტუნისს უფრო მიიჩნევდნენ ფავორიტად, დანიასთან ქულა დიდ საქმედ ჩაუთვალეს, ავსტრალიამ კი ბევრი ვერაფერი გვაჩვენა, გასაგებია, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მაინც მეტის ნახვა გვსურდა. როგორც წინა ბლოგებში აღვნიშნეთ, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ხდება ის, რაც პირველ ტურში შექმნილ წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს. ჰოდა, ასეც მოხდა. დანიასთან კარგად ნაჭიდავები ტუნისის ნაკრები ბეჭებზე დააგდეს.
ავსტრალიამ კარგი გოლი შეაგდო. ტიმ კეჰილსა და მარკ ვიდუკას რომ გაუხარდებოდათ ზუსტად ისეთი. გუდვინის ჩაწოდებამ ოდნავ იცვალა მიმართულება, მაგრამ დიუკმა იდეალური თავური დარტყმით შეაგდო. ამის შემდეგ უტევდა ტუნისი, ქმნიდა მომენტებს, კონტრშეტევებზე გარბოდა ავსტრალიის ნაკრები, მაგრამ გოლი აღარ გასულა.
ფავორიტების ჯახი
ვწერდით საფრანგეთის ნაკრებზეც, შიდა ატმოსფეროზე, ვერ იყო ყველაფერი რიგზე, ახლა კი ეკიპმა დაწერა ბენზემას გამოკლებამ ყველაფერი დაალაგაო. თავიდან ჩიოდნენ ვარსკვლავების გამოკლებაზე, ახლა კი აღმჩნდა, რომ პოგბასა და ბენზემას არყოფნაზე კარგი საფრანგეთის ნაკრებს ვერაფერი დაემართებოდა. აი, კანტე ყველანაერად დიდი დანაკლისია.
მბაპე ერთპიროვნულ ლიდერად იქცა და დაგეშილი ცხოველივით გადის მოედანზე. არავის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ეტყობა ის წყურვილი, რაც კილიანს. თამაშის დაწყებისთანავე ჩანს, რომ გასატანად არის გამოსული. მისი სურვილია ყველა მატჩში შეაგდოს გოლი. შემდეგ ტურში, შესაძლოა, ცოტა განაწყენდეს კიდეც, არ არის გამორიცხული დეშამმა მისი დასვენება გადაწყვიტოს.
დიდი ამბავი იყო ფრანგი ქომაგების ბანაკში, ვერა და ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ იყო მატჩის საუკეთესო. თითქოს მბაპეს დიდი უპირატესობით უნდა ემარჯვა, მაგრამ გრიზმანის უამრავი ქომაგი გამოჩნდა, საუკეთესოდ ის მიიჩნიეს, არც თუ ისე უსაფუძვლოდ. შეტევაშიც დიდი როლი ითამაშა და დაცვაშიც დიდი სამუშაო გასწია. ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ გრიზმანი დეშამის ფავორიტი ფეხბურთელია, არავის არ აქვს იმდენი ნდობა დეშამისგან, რამდენიც ანტუანს.
შეაქეს უსმან დემბელეც, უკვე მეორე კარგი მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ის ამბავი, რომ ბურთს უფრთხილდება, არ კარგავს უაზროდ და არც უყურადღებობა ეტყობა, რაც სჩვევია ხოლმე. დემბელე აბსოლუტურად მოტივირებულია.
კარგი მატჩი გამოვიდა, ალბათ დღის საუკეთესო თამაშიც კი იყო. დანიელებიც უტევდნენ, მომენტებიც შექმნეს და გოლიც შეაგდეს. როგორც სკანდინავიელებს სჩვევიათ, სტანდარტული მდგომარეობა კარგად გამოიყენეს. კრისტენსენმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეაგდო.
დანაკლისის გამო საფრანგეთს არ ჰყავს ისეთი სათადარიგოთა სკამი, როგორიც წინა წლებში, თუნდაც წინა მუნდიალზე, მაგრამ ვინც მოედანზეა არაფერი დაეწუნება. მბაპესგან კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ, ამ ბიჭს მაგარი მადა აქვს.
მის გატანილ ორივე გოლში ჩანს მაღალი კლასი, ეგებ ვინმეს მარტივადაც მოეჩვენოს რომელიმე, ასე ხდება, როცა მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს, რთული ამბები მარტივი გგონია. ჩავლილი დეკადის მთავარი ვარსკვლავებისათვის მსოფლიო ჩემპიონატი ვერ გამოდგა დიდად იღბლიანი ტურნირი, უფრო საკლუბო დონეზე ბრწყინავდნენ, ახლა კი ისევ ვუბრუნდებით დროს, როცა დეკადის მთავარი სახე მუნდიალზე ბრწყინავს, კილიანს უკვე შვიდი გოლი აქვს მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი.
დანიის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს, ისევე როგორც ტუნისს. საფრანგეთი ექვსი ქულით წინ გაიჭრა და ოფიციალურად გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ავსტრალიამ კი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, ბოლო ტურში დანიას ავსტრალიასთან მხოლოდ მოგება სჭირდება. სად თუ არა ასეთ მატჩებში ჩანს გუნდი რისი მაქნისია.