სარჩევი
2023 სექ 20, 03:37 შ-მდე
5 წუთის საკითხავი

რომის ლაციოსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ბოლო წუთებზე ვნახეთ ის, რაც ძალიან იშვიათად ხდება ფეხბურთში, მაგრამ თუ ხდება უმეტესად ბოლო წუთებზე.

განსაკუთრებული პირობა სჭირდება მეკარის წასვლას შეტევაში, მთავარ საზრისზე, კარის დაცვაზე უნდა თქვას უარი და წინ გავარდეს, ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება თუ სულ რაღაც ერთი გოლია სხვაობა, და მხოლოდ მაშინ ხდება თუ მარცხდები.

ლაციო აგებდა რომში, პროვედელმა კარი დატოვა, კუთხურს ხიფათი არ მოჰყოლია, შეტევა გაგრძელდა, ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელის შემჩნევა ძალიან მარტივი იყო ალბერტოსთვის, რომელმაც იდეალურად ჩააგდო ბურთი საჯარიმოში, პაველ ნედვედის სტილში, პროვედელმა კი ისე შეირბინა როგორც ოლივერ ბირჰოფმა ევრო 96-ის ფინალში – ლამაზი გოლი გამოვიდა. ზეიმიც დიდი იყო. ქუჩებშიც გაგრძელდა, ნახევარმა რომმა ძლიერ გაიხარა, მეორე ნახევარს კი ალბათ ჩუმი აღტაცება სტანჯავდა.

ახლა კი იმ მეკარეებს გადავხედოთ, რომელთაც ასევე შეუგდიათ გოლი უეფას ტურნირებზე. მათ შორის, ისეთებიც გამოერევიან რომელთაც ბოლო წუთი არ დასჭირვებიათ გასატანად.

ანდრეს პალოპი

უეფას თასის მერვედფინალი – შახტარი სევილიას წინააღმდეგ. პირველი წრის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, მეორე მატჩში კი შახტარი იყო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. უკრაინელები 2:1-ს იგებდნენ, მოქმედი ჩემპიონების მეკარე ბოლო წუთზე შახტარის საჯარიმოში ჩავიდა და დიდ ლეგენდას დაუდო სათავე.

მათი მცველები სათითაოდ იყვანდნენ ჩემს თანაგუნდელებს, მე კი მარტო დავრჩი, – იხსენებს პალოპი – ისე დავიწყე მოძრაობა როგორც ჩვენი შემტევები მოძრაობდნენ ვარჯიშებზე, ამ დროს ბურთი ჩემსკენ წამოვიდა, ვიფიქრე რომ ეს ღმერთის საჩუქარი იყო”.

პალოპმა ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა სადაც ჩევანტონმა მესამე გოლის გატანა შეძლო და სევილია შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჰანს-იორგ ბუტი

ბუტის გატანილიც გვახსოვს და გაცუდებულიც. თუმცა, გატანილი მეტი იყო, სხვაგვარად ნიშნულთან არავინ მიუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰამბურგსა და ლევერკუზენს არ აკლდათ მაღალი დონის შემსრულებლები, მაინც მეკარე იყო პენალტების მთავარი დამრტყმელი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბუტი პენალტების სპეციალისტად ითვლებოდა, კარიერაში 62-ჯერ დაურტყეს თერთმეტმეტრიანი და 20-ის მოგერიება შეძლო. მშვენიერი მაჩვენებელია.

რაც შეეხება უეფას ტურნირზე გატანილ გოლს, უფრო სწორად, გოლებს, ბუტმა ჩემპიონთა ლიგაზე სამი გოლი შეაგდო და სამივე იუვენტუსის კარში. ბებერი ქალბატონის პატივისცემა დაიწყო ჰამბურგში, გააგრძელა ლევერკუზენში და დაასრულა ბაიერნში.

გემახსოვრებათ ის დიდებული მატჩი ჰამბურგსა და იუვენტუსს შორის, 2000 წელს. შეხვედრა 4:4 დასრულდა, ბუტმა ზუსტად შეასრულა პენალტი ვან დერ სარის კარში. გერმანიაში უხვგოლიანი თრილერი ვნახეთ – ტურინში ჰორორი. ზიზუს წამოუარა, პირველად სწორედ მაშინ ნახეს მისი ცნობილი თავური, იოჰან კინცს მიარტყა და სახის ძვლები ჩაუმტვრია.

მომდევნო გოლი 2001/02 წლების სეზონში გაუტანა იუვეს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდები იყრიდნენ ხოლმე თავს, ფავორიტებად იუვენტუსი და არსენალი ითვლებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ლევერკუზენი და დეპორტივო გავიდნენ. ტოპის ბიჭებმა იარეს ფინალამდე.

ლევერკუზენმა სახლში 3:1 დაამარცხა იუვე. ბუტმა ამჯერად ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.

ბოლო, ანუ მესამე გოლი 2009 წელს შეუგდო ზებრებს. A ჯგუფის მატჩში ბაიერნმა იუვენტუსი 4:1 დაამარცხა. ჰანს-იორგ ბუტმა ამჯერადაც ბუფონის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1, მერე კი შეუდგნენ ტურინელების განადგურებას.

პიტერ შმეიხელი

სტანდარტულებს არ ასრულებდა, მაგრამ გოლები გაჰქონდა. ნაკრებშიც, პრემიერ ლიგაშიც, უეფას საკლუბო ტურნირებზეც.

ამბავი კი მეტად საინტერესოა, 1995 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში მანჩესტერი ვოლგოგრადის როტორს შეხვდა. როგორღაც ისე მოხდა რომ ამ დროს როტორში არცერთ ქართველს არ უთამაშია.

პირველი წრის შეხვედრა 0:0 დასრულდა. ოლდ ტრაფორდზე კი როტორი იგებდა, როცა პიტერ შმეიხელმა 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე მაინც როტორი გავიდა, მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის უპირატესობით.

სერ ალექსი როგორც ყოველთვის გათავისუფლებას გადაურჩა.

ვინსენტ ენიეამა

კიდევ ერთი პენალტისტი. ნიგერიელი ვინსენტ ენიეამა, სახელი გაითქვა 2010 წელს, როცა ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში გოლი არ გაატანინა და იმის მერე ლეოს საერთოდ არ გაუტანია მთელი ტურნირის მანძილზე.

თუმცა, ოთხი წლის მერე რევანში აიღო.

2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თელ ავივის აპოელი 1:3 დამარცხდა ლიონთან. ის ერთი გოლი ენიეამამ შეაგდო თერთმეტმეტრიანით, უგო ლორისის კარში.

მარკო ამელია

მარკო გახდა პირველი იტალიელი მეკარე, რომელმაც გოლი შეაგდო. ეს მოხდა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, ლივორნოსა და პარტიზანს შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მარკომ 88-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

არავის უთქვამს რომ შეტევაში წავსულიყავი, გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე, რამდენიმე თანაგუნდელმა მითხრა კარში დავრჩენილიყავი, მაგრამ არავის მოვუსმინე, რადგან წაგება არ მსურდა“, – ასე იხსენებს გოლის ეპიზოდს მარკო ამელია.

სინან ბოლატი

2009 წელს ალკმაარი და სტანდარტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოდნენ, ანგარიში ალკმაარს მიჰყავდა, მატჩის მეხუთე დამატებულ წუთზე სტანდარტის მეკარემ სინან ბოლატმა ანგარიში გაათანაბრა.

სტანდარტის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ასეთი კომენტარი გააკეთა – “ეს გოლი სამუდამოდ შევა კლუბის ისტორიაში”.

ჟილბერტ ბოდარტი

ბოლატი ბოდარტის გზაზე დადგა. სანამ ბოლატი შევიდოდა ისტორიაში მანამდე ჟილბერტ ბოდარტმა გაიტანა სტანდარტის მაისურით. ეს მოხდა 1986/87 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ რაუნდში. ბოდარტმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა რიჟეკას კარში და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

დიმიტარ ივანკოვი

ვერ არის ყველაზე ცნობილი ივანკოვი ამ ქვეყანაზე, მაგრამ ლევსკის სოფიას შემადგენლობაში თერთმეტმეტრიანებს ანდობდნენ და გაჰქონდა კიდეც. ორჯერ შეაგდო უეფას თასის პირველ ეტაპზეც – პირველად ჰაიდუკის, მეორედ კი ბრონდბიუს შემადგენლობაში.

მეკარეებს გაუტანიათ საკვალიფიკაციო ეტაპზეც, გაუტანია სტიპე პლეტიკოშას, გაუტანიათ აგერ მეზობლად ბანანცის წინააღმდეგ და გაუტანიათ თბილისის დინამოსთვის, ირაკლი ზოიძის კარი 2004 წელს იური ჟევნოვმა აიღო მე-15 წუთზე. დინამო 2:0-ს აგებდა, მაგრამ 3:2 მოიგო. იყო ასეთი დროც.