სარჩევი
მანჩესტერ სიტიმ ლივერპული ლიგის თასზე დაამარცხა | Setanta Sports

ინგლისში ფეხბურთი დაბრუნდა. ამ წინადადების სრულყოფილებას კი მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის მატჩი ადასტურებს. სიტიმ 3:2 გაიმარჯვა და ლიგის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ჰოლანდი და დე ბრუინი

მატჩამდე ეტიჰადზე ნამდვილი სანახაობა იყო. შოუს ელემენტებით მანჩესტერის ცისფერ ნაწილში კუნძულზე ფეხბურთის დაბრუნება ორიგინალურად აღნიშნეს.

არანაკლები შოუ დაიდგა მოედანზე. პირველი სიტყვა მასპინძელმა მანჩესტერ სიტიმ თქვა.

ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა. ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინის გადაცემა გოლად აქცია. ეს სკანდინავიელისთვის მანჩესტერ სიტის მაისურით გატანილი 24-ე გოლია.

ჰოლანდმა ვირჯილ ვან დაიკის არ ყოფნაში უფრო თავისუფლად ითამაშა. მერსისაიდელები მატიპი-გომესის წყვილით იცავდნენ ცენტრში თავს.

რაც შეეხება დე ბრუინს – მასზე ჯეიმი კარაგერმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ლივერპულის ექს ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კევინის თამაში ნაკრებსა და კლუბში რადიკალურად განსხვავდება.

“დე ბრუინმა ორი გოლი შექმნა. ის ყველა სტატისტიკაში პირველია და ეს ყოველ მატჩში ჩანს.

ის სულ სხვა ფეხბურთელია, რომელიც 2-3 კვირის წინ ვნახეთ.

ის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით კი მის პოზიციაზე”.

ჯეიმი კარაგერი – ლივერპული ექს მცველი, სქაისპორტსის მიმომხილველი

მაღალი ტემპი და მაღრიბელები

მატჩს ტემპი და დინამიკა არ აკლდა. ლივერპულმა მალევე გაათანაბრა. გოლი ფაბიუ კარვალიუმ გაიტანა. პორტუგალიელმა ჯეიმს მილნერის გადაცემა გამოიყენა, რომელიც ყოფილ კლუბს ეთამაშებოდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ჩრდილოეთ აფრიკელების დრო დადგა.

სიტი წინ რიად მაჰრეზმა გაიყვანა, თუმცა მოჰამედ სალაჰს გასათანაბრებლად 1 წუთი დასჭირდა. ალჟირელის გოლი ეგვიპტელმა გაქვითა და ეტიჰადზე პარიტეტი აღდგა. ასისტები როდრიმ და დარვინ ნუნიესმა გაიფორმეს.

ტემპი კვლავ მაღალი იყო, მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. გადამწყვეტი გოლი ნათან აკემ გაიტანა. საკვანძო მოქმედება კვლავ კევინ დე ბრუინის იყო, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა დარვინ ნუნიესს, თუმცა ურუგვაელი ლივერპულის მაისურით კვლავ ვერ ბრყინავს.

ამ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას გუნდმა ლივერპული ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ტურნირის მოგების შემთხვევაში მანჩესტერული გუნდი სწორედ ლივერპულის 9-ტიტულიან მაჩვენებელს გაუთანაბრდება.

პრინციპში, გუნდშიც საჩემპიონო შემართებაა – რიად მაჰრეზის რიტორიკული კითხვის მიხედვით, ჩელსისა და ლივერპულის დამარცხების შემდეგ მის გუნდს კონკურენტი აღარ დარჩა.

თუმცა EFL თასის 1/4 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი, ლესტერი და სხვა არცთუ ადვილად დასამარცხებელი გუნდები დარჩა.

წილისყრა

EFL თასის მეოთხედფინალის წილისყრა სიტი-ლივერპულის მატჩის დასრულების თანავე გაიმართა. ეტიჰადზე წყვილები ასე განაწილდა:

  • საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ იუნაიტედი – ჩარლტონ ატლეტიკი
  • ნიუკასლ იუნაიტედი – ლესტერ სიტი
  • ნოტინგემ ფორესტი – ვულვერჰემპტონ უონდერერზი

EFL Cup-ის 1/4 ფინალის მატჩები 10 და 11 იანვარს გაიმართება.

მანადე კი პრემიერ ლიგა დაბრუნდება. 26 იანვარს ბოქსინგ დეიზე Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელი 7 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ნახავს.