სარჩევი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ნაკრების წარმატებაში დარწმუნებულია. ფრანგები მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გრანდები ხვდებიან ერთმანეთს, არამედ იმიტომ რომ ორივე ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია. საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა დამაჯერებლად, ინგლისმა კი სენეგალი.

მაკრონს პროგნოზის გაკეთება თხოვეს, რადგან საფრანგეთი-პოლონეთის მატჩის ანგარიში ზუსტად გამოიცნო. წლების წინ ამას რვაფეხა აკეთებდა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახლა კი მაკრონია პროგნოზებით დაკავებული.

ამჯერად მაკრონმა ანგარიშის გამოცნობისგან თავი შეიკავა, მაგრამ საკუთარი ნაკრების გამარჯვებაში დარწმუნებულია, – “ეჭვი არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ”, – უთხრა მაკრონმა ფრანგულ RTL-ს.

მაკრონი კატარში ჩასვლას აპირებს, თუ საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში გავა. პრეზიდენტს დაეკითხნენ კატარში არსებულ ვითარებაზე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობაა.

მაკრონმა ცოტა არ იყოს, ქართული პასუხი გასცა, – “სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, ამის შესახებ საუბარი მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზე შეიძლება. ტურნირის მიმდინარეობისას კლიმატისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ვერ ვისაუბრებთ”.

განსაკუთრებით საინტერესოა ეს პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ კატარის ინვესტიცია პარიზშია დაბანდებული, კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად კი ალ ხელაიფიმ თავის დროზე სწორედ მაკრონი ჩართო საქმეში.

საფრანგეთის ნაკრებს შანსი აქვს ზედიზედ მეორედ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი, გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, მათი ლიდერი კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს, კილიან მბაპე მიმდინარე მუნდიალის მთავარი ვარსკვლავია.