“ლიონელ მესის ძმის სიტყვები ბარსელონასა და მესის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს”, – თქვა ჟოან ლაპორტამ.
მესის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია პსჟ-თან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლეო სეზონის დასრულებას ელოდება. ვერ ვიტყვით, რომ პსჟ-ში საუკეთესო მესის ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი ბევრად კარგი აქვს, ვიდრე სადებიუტო ჰქონდა.
სულ სხვაა მესი არგენტინაში, სულ სხვაა მესი პსჟ-ში. იმდენად ხარისხზე არა, რამდენადაც განწყობაზე მაქვს საუბარი.
სწორედ ამიტომ, სულ უფრო ხშირად გვესმის ინფორმაცია მესის დაბრუნების შესახებ ბარსელონაში. ბარსელონადანაც ხშირად ისმის, – “ეს მესის სახლია”.
ლიონელ მესის ძმამ, მატიას მესიმ სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი:
“ლეო უახლოეს მომავალში ბარსელონაში არ დაბრუნდება. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ლაპორტა გუნდიდან წავა და გუნდში დიდი წმენდა ჩატარდება”, – თქვა მატიასმა.
შემდეგ კი ბოდიში მოიხადა. რა თქმა უნდა, ლეოს თხოვნით.
ლაპორტას პასუხმაც არ დაახანა:
“მესი კლუბის ისტორიისა ნაწილია. ის ახლა პსჟ-ის ფეხბურთელია და მე მასზე არ ვისაუბრებ. რაც შეეხება მისი ძმის განცხადებას, მან ბოდიში მოიხადა, სულ ეს არის”.
იქამდე სანამ მესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მსგავსი საუბრები არ შეწყდება.