ხორვატია vs მაროკო – მე-3 ადგილისთვის

ხორვატია და მაროკო კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დღეს დაასრულებენ. ევროპული და აფრიკული ნაკრებები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე FIFA-ს რეიტინგის მე-12 და 22-ე ნომრები ითამაშებენ.

ხორვატები მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან, ხოლო მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

1998

აღმოსავლეთ ევროპელებს მუნდიალზე მესამე ადგილის დაკავების გამოცდილება აქვთ. 1998 წელს დავორ შუკერმა და მისმა თანაგუნდელებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ნიდერლანდებს აჯობა.

მაშინ, ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, რომელმაც საშინაო მუნდიალზე ბრაზილია დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრები

ხორვატია და მაროკო ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. ერთი მატჩი ზლატკო დალიჩის გუნდმა მოიგო, ხოლო მეორე, ამ მუნდიალზე ფრედ დასრულდა.

პირველი მატჩი ამ ნაკრებებმა ერთმანეთში 1996 წელს, ჰასან II-ის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე ითამაშეს. ანრი მიშელისა და მიროსლავ ბლაჟევიჩის გუნდების თამაშის ძირითადი დრო ნახევარფინალში 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა 7-6 გაიმარჯვეს.

კატარში ორივე ნაკრები კატარში F ჯგუფში იყო. პირველი ტურის მატჩი მათ შორის 0-0 დასრულდა. საბოლოოდ, მათ ჯგუფში ბელგია და კანადა ჩატოვეს.

ტრადიციისგან განსხვავებული მატჩი

ფეხბურთი ხომ პირველობისთვის, გამარჯვებისთვის ბრძოლაა, შესაბამისად, მუნდიალების ისტორიაში მთელი რიგი ფავორიტების მიერ ჩაგდებული ბრინჯაოს მატჩები გვახსოვს. ამ შეხვედრისთვის, ფავორიტებისგან მიდგომა, ყოველთვის სერიოზული არ იყო, რაზეც, მათ შორის, როტაციული შემადგენლობაც მეტყველებდა.

თუმცა ახლა განსხვავებული ვითარებაა – ხორვატიისა და მაროკოსთვის მე-3 ადგილის დაკავება საპატიო იქნება. შესაბამისი იყო წინასამატჩო კომენტარები და განწყობაც. ორივე გუნდი ბოლომდე ბრძოლის პირობას დებს.

მატჩი თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე