FIFA-მ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, კატარის მუნდიალის ხელმძღვანელმა კი თქვა, რომ – “სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი ნაწილია”. ცხადია, ნასერ ალ ხატერს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა.
“კატარელი ოფიციალური პირის კომენტარი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს დაღუპული მიგრანტის მიმართ უპატივცემულობას.
მისი განცხადება უარყოფს ჭეშმარიტებას, რომ ბევრი მიგრანტის სიკვდილის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო”
როტნა ბეგუმი – Human Rights Watch-ის წარმომადგენელი
სწორედ ასეთი შეფასება დაიმსახურა ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან მუნდიალის ხელმძღვანელმა. როიტერთან საუბარში ნასერ ალ ხატერმა იმედგაცრუება ვერ დამალა, რადგან ჟურნალისტმა მას კითხვა დაღუპული მიგრანტის შესახებ დაუსვა.
ფილიპინელი მიგრანტი იმ სავარჯიშო ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად დაიღუპა, სადაც საუდის არაბეთი იყო ბაზირებული. FIFA-მ ფაქტს ღრმად სამწუხარო უწოდა.
კატარში მომუშავე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების და საელჩოების მონაცემებით, არაბულ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩატარებულ სამუშაოებს, 6500-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ მიგრანტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო გახდა კატარი მასობრივი კრიტიკის ობიექტი, თანაც მუნდიალის დაწყებამდე ჯერ კიდევ კარგა ხნით.