სარჩევი
კარგი ამბებით დახუნძლული სეზონი გველოდება | Setanta Sports
2024 აგვ 30, 17:00 შშ
7 წუთის საკითხავი

2024-25 სეზონი დაიწყო, თუმცა ჯერ მის გახურებამდე შორია. შესაბამისად, ფეხბურთელებთან ერთად ფორმა ჩვენც უნდა ავკრიფოთ და ტონუსში შევიდეთ. ამისათვის კი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა.

როგორ ხურდება Setanta Sports 2024-25 სეზონისთვის უკვე გიამბეთ. ახლა კი ქართულ სპორტში ჩართულ სხვადასხვა პროფესიონალს მივაკითხეთ, რათა მათი სეზონისწინა რუტინისა და მზადების შესახებ გაგვეგო.

გახურდი 2024-25 – დიმა ნებიერიძე

რასაც ეროვნული ნაკრების ციფრულ სივრცეში თვალს ვადევნებთ, ნაკრების კონტენტ თიმის და მათ შორის, დიმა ნებიერიძის შექმნილია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების სოციალური მედიის მენეჯერი წლებია ქართულ ფეხბურთშია და მისი კულისებიც კარგად იცის.

შესაბამისად, ჩვენს კამპანიაში მისი ჩართვა გარდაუვალი იყო. ჰოდა დიმასთან საუბარიც წინასასეზონო რუტინის შესახებ დავიწეთ.

ახალი სეზონისთვის, ზაფხულში, ძირითადად, თვალს ვადევნებ ხოლმე გუნდების შეკრებებს, ამხანაგურ მატჩებსაც ვუყურებ ხოლმე, ძირითადად იმ გუნდების, რომლებშიც ქართველები თამაშობენ.

ვაკვირდები სატრანსფერო ფანჯარას. ვისზე მუშაობს ესა თუ ის კლუბი. სადმე მწვრთნელი თუ შეიცვალა, ვამოწმებ მის ბექგრაუნდს, რა ტაქტიკით თამაშობს და ა.შ.

მთელ ამ რუტინაში ევროპის ჩემპიონატმა ის კორექტივები შეიტანა, რომ გაცილებით გვიან დავიწყე ეს პროცესი. მართალია, მაგ დროს დიდად საკლუბო მიმართულებით, სიახლეები არც იყო, თუმცა მაინც. ევროს შემდეგ კი მთლიანად გადავერთე საკლუბო ფეხბურთზე. დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მატჩებისთვის თვალის მიდევნება და ა.შ.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი – ახალი სიტყვა

დიმას წინასასეზონო პროცესში სხვა საკითხებთან შედარებით მეტი მნიშვნელობა ტრანსფერებს ენიჭება. ცხადია, ეს თემა გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში, ახლახანს გაოფიციალურებული ტრანსფერის განხილვის გარეშე არ ჩაივლიდა.

ჩემთვის საინტერესო კლუბები გამოწერილი მყავს და ძირითადად ინფორმაციას, სწორედ ამ ფორმით, ოპერატიულად ვიღებ ხოლმე.

ყველაზე საინტერესო ამ პროცესში ალბათ მაინც ჩემთვის საინტერესო გუნდის აქტიურობაა სატრანსფერო ბაზარზე. ცხადია, ქართველი ფეხბურთელების ჭრილში კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვადევნებ ხოლმე თვალს სატრანსფერო ბაზრის სიახლეებს. ამ ზაფხულს ამ მხრივ განებივრებულები ვიყავით.

მამარდას ტრანსფერი კიდე ახალი სიტყვა იყო ქართულ ფეხბურთში, ჯერ ერთი ყველა რეკორდი მოხსნა – ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია და მეორეც, გიორგიმ რა გზაც გაიარა ეროვნული ლიგიდან ვალენსიამდე. შემდეგ ვალენსიაში როგორც იბრძოლა იქ, რა პროგრესიც დადო და როგორც გამოიყენა ეს შანსი, ქეისად ვაქცევდი და ვაჩვენებდი მომავალი თაობის ფეხბურთელებს, როგორც მეკარეებს ასევე მინდვრის მოთამაშეებს.

როცა გაქვს მიზანი, როცა გაქვს მოტივაცია და შემართება, იბრძვი, შრომობ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

სხვათა შორის, პირველად მამარდას შესახებ, ჩვენი ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიასგან 2018 წელს გავიგე. ზუსტი კონტექსტი არ მახსვოს, თუმცა ნათლად მახსოვს, რომ ლორი ამბობდა: რუსთავში დგას ძალიან მაგარი ბიჭი და სამუშაოდ საუცხოო მასალააო. ისიც დაამატა, ნახე, რა მაგარი მეკარე და ბიჭი დადგესო.

მამარდა სანიმუშოა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, პროფესიონალიზმითა და მიდგომებით. ამიტომ დამსახურებულია ეს სიმაღლეები, რასაც აღწევს და ვფიქრობ ეს მაქსიმუმი არ იქნება.

სხვა ნაწილში, პირადად ველი ქოჩორას ტრანსფერს. მინდა რომ ახალ გუნდში, უფრო მაღალ დონეზე ვიხილო. ასევე, ველი სიახლეებს ნიკა კვეკვესკირთან მიმართებაში.

უცხოურ საკლუბო ფეხბურთს რაც შეეხება, მე თვითონ მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ. ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ კილიან მბაპე სამეფო კლუბში მენახა და მიხარია, რომ საბოლოოდ ეს საგაც დასრულდა.

ასევე მაინტერესებს და ძალიან მიყვარს მერჩენდაიზინგის, ბრენდინგის მიმართულება. მაინტერესებს, როგორია ამა თუ იმ გუნდის ახალი ფორმა. რადგან ვარ კოლექციონერი, ხშირად ვყიდულობ და მაისურებსაც ყურადრებით ვაკვირდები.

საკლუბო ფეხბურთის სიხარულის მოლოდინში

აქ დიმას და ქართული ფეხბურთის თითოეული გულშემატკივრის გრძნობები ემთხვევა. ყოველი ზაფხული ჯგუფში შესვლის არაფრითგამყარებული, ამბიუციური მოლოდინითა და იმედით იწყება და ჯერ კიდევ მაშინ სრულდება, სანამ ბუნებას ყვითელი შეერევა.

სამწუხაროდ, შემოდგომაზე საკლუბო დონის ფეხბურთი საქართველოში ხომ მხოლოდ ლოკალურ დონეს ნიშნავს.

როგორც წესი, ზაფხულის პერიოდს ყველაზე მეტად ქართული კლუბებისა და კვალიფიკაციის გამო ველი ხოლმე. ყოველთვის მინდა და ბავშვობის ოცნებად დამრჩა, ევროტურნირები შემოდგომამდე და მის შემდეგაც გაგრძელდეს.

სამწუხაროდ, გია გეგუჩაძის დინამო თბილისის გასვლა დიდად არ მახსოვს და ვერ გავიაზრე, რადგან არ ვიყავი მაშინ ისეთი ჩართული, ამიტომ ეს საფეხბურთო სიხარული არ მიმიღია.

ეს ზაფხულიც, წინების მსგავსად, სამწუხაროდ წარუმეტებელი იყო. მეც როგორც ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი საკუთარ თავს საკლუბო წარმატებას ვუსურვებ ხოლმე, თუმცა როდესაც ეს ასე არ ხდება, პარალელურად, ქართველი ლეგიონერების გუნდებს ვქომაგობ – გავიდნენ ხოლმე ჯგუფურ ეტაპზე.

სასიამოვნოა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელი გვეყოლება. კიტეს შტურმსა და აზაროვის შახტარზე ვიცოდით, აი სლოვანისა და კაშოს წარმატებამ კი ყველა ძალიან გაგვახარა. ვფიქრობ, კაპიტანმა მთელი მისი კარიერით დაიმსახურა ჰქონოდა ასეთი 2024 წელი. ცხადია, არც ვლადიმირ ვაისი უნდა დავივიწყოთ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ჯაბა კანკავა აღარ არის სლოვანის შემადგენლობაში.

ქართველებისა და პრემიერ ლიგის მოლოდინი

დიმა რეალის გულშემატკივარია, თუმცა როგორც ჩანს ყველაზე მეტ სიამოვნებას პრემიერ ლიგის სანახაობით იღებს. ცხადია, მთელი ყურადღება ქართველ ლეგიონერებზე აქვს.

ყველა ფეხბურთელისგან საინტერესო სეზონს ველი, განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ნაკრების წევრებს, მათ შორის პოტენციური წევრები მყავს მხედველობაში. ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ყველასთვის დიდი მუხტი იყო.

არ მინდა ვინმე ასე გამოვყო. ყველას თამაშებს ვუყურებ და ვაკვირები. სერია A-ს, ჩემპიონშიფს, ბუნდესლიგა 2-ს, ლიგა 1-ს განსაკუთრებით, რადგან ზურიკო და ჟორჟი გვეყოლება, და სხვა. ყველა ფეხბურთელს ვუსურვებ ნაყოფიერ სეზონსა და წარმატებულ მატჩებს. ვფიქრობ, კარგი ამბებით დახუნძლული სეზონი უნდა გამოგვივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში, ასე გამორჩეულად საყვარელი გუნდი არ მყავს, ყველაზე მეტად მაინც პრემიერ ლიგის ყურება მანიჭებს სიამოვნებას. ყველაზე ახლოდან პრემიერ ლიგას და ცხადია, ქართველების გუნდებს დავაკვირდები.

ასევე წესად მაქვს, სეზონის წინ, შედარებით ნაკლებად პოპულარულ ჩემპიონატში ვირჩევ ხოლმე გუნდს. წლებია მაგალითად, პაოკს ვაკვირდები საბერძნეთში, უნგრეთში – ფერენცვაროშს. ვადევნებ თვალს და თუ საშუალება მომეცა ჩავდივარ ხოლმე მათ მატჩებზე.

მერე უკეთესი ქვეყანა ვიქნებით

ნაკრების თემა ტკბილი ლუკმასავით ბოლოსკე მოვიტოვეთ. არც შევმცდარვართ, დიმასთან ინტერვიუს ამ ნაწილმა გამორჩეულად საინტერესოდ ჩაიარა.

სანაკრებო მატჩებისგან იმ მუხტისა და აღებული გზის გაგრძელებას ველი, რაც დაიწყო პლეი ოფებამდე, გაგრძელდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლითა და იქ ჯგუფურის დაძლევით.

რთული ჯგუფია, რთული მეტოქეები არიან. გამოჩნდა ეს ევროპის ჩემპიონატზე. სამივე რთულად სათამაშო და კარგად დაბალანსებული ნაკრებია. ამიტომ საინტერესო მარათონი იქნება და იმედი მაქვს, რომ პირველი ადგილით დავასრულებთ ერთა ლიგის ამ ჯგუფს.

ევროს შედეგები მჯერა, არა მხოლოდ ფეხბურთელებზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზე უნდა აისახოს და ეს მენტალურ ნაწილში უნდა მოხდეს. პირადად მე სხვანაირი მოტივაციით ვუდგები ყველაფერს. ბიჭებმა ლიმიტის ხაზი გადაწიეს, დაგვანახეს, რომ შრომით, ერთად დგომით, გუნდურობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

მგონია, რომ ის ერთობა რაც ყველამ ვნახეთ თამაშების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე როგორც გავერთიანდით, ერთი ქვეყნის შვილები ერთი მიზნისთვის და როგორც ვიყავით შეკრულები, მთლიანები და ერთიანები, ქვეყანაც ზოგადად ამ შემართებით თუ განვაგრძობთ სვლას, მგონია, რომ უკეთეს რეალობაში ვიცხოვრებთ.

უკეთესი მოქალქეები ვიქნებით, როდესაც ყველა გავითავისებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს როლს საზოგადოების განვითარებაში, უფრო ჯანმრთელ, ჯანსაღ ქვეყნად ვიქცევით და უფრო კარგი ხვალინდელი დღე ექნება საქართველოს.

ცხადია, Setanta Sports-ის გამოწერა დიმასაც აქვს, თანაც ის Netflix-თან ერთად ჰქონია. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მატჩებს ის ჩვენს პლატფორმაზე ადევნებს თვალ-ყურს.

Setanta Sports-ის გამოწერა Netflix-თან ერთად მაქვს და ვიყენებ საკმაოდ აქტიურად. საკმაოდ კომფორტულია ასეთი მაღალი დონის სერვისის მიღება. ბაზარზე შემოსვლის დღიდან Setanta Sports-ის მუდმივად პროგრესისკენ მიმართული ნაბიჯები მომწონს და გგულშემატკივრობთ მთელი გულით თქვენ და თქვენს მთელ გუნდს.

მინი კამპანია გახურდი 2024-25-ის ინტერვიუების ნაწილი დასრულებულია. სანაკრებო შესვენებამდე კიდევ ერთი უიქენდია და მის ნახვას setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეძლებთ.

მერე კი უკვე სანაკრებო ბატალიების დრო დადგება. საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტი იქნება. შოთა ნონიკაშვილსა და ლუკა გადრანთან ინტერვიუ შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე ნახოთ.

თვიურ გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდით NEWS24 ისარგებლოთ.