ეპოქა სრულდება -კლოპი ლივერპულს დატოვებს

სულ რამდენიმე წუთის წინ იურგენ კლოპმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სეზონის ბოლოს გერმანელი მწვრთნელი ლივერპულს დატოვებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი კლუბის ქომაგია, ეს ამბავი ფეხბურთს ქომაგს აუცილებლად დაასევდიანებს, რადგან, დიდი ხანია არ გვინახავს კაცი, რომელიც ასე უხდება ლივერპულს. ძველებს, შესაძლოა ახსოვთ ვინმე, მაგრამ მე საერთოდ არ მინახავს ასეთი კაცი.

კლოპმა დიდი პატივისცემა გამოხატა კლუბის მიმართ და მიზეზიც დაასახელა – “Running out of energy” – გათავდა ენერგია, საწვავივით. წარმოუდგენლად ჟღერს, არა? მაგრამ რეალობაა. ამ კაცმა ყველაფერი ჩადო ლივერპულის ასაღორძინებლად, ახლა კი შეუძლია ვალმოხდილი წავიდეს.

რას ტოვებს კლოპი ლივერპილში?

პირველ რიგში, ტოვებს უმდიდრეს ისტორიას. ისედაც დიდებულ ისტორიას ოქროს თავები შესძინა. თავისი ხელით ჩაწერა პრემიერლიგის ნანატრი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიც.

გაგვახსენდება მატჩები დორტმუნდთან, ბარსელონასთან, მანჩესტერთან, დაუვიწყარი დუელები მანჩესტერ სიტისთან, ფინალები – წაგებული და მოგებულიც. მედალი გულ-მკერდზე და მედალი ნასროლი ტრიბუნაზე. კლუბის ჩამოყალიბება მენტალურ მონსტრად, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ. სალაჰი, მანე, ვირჯილ ვან დაიკის აღზევება და ალისონის საოცრებები – ეს კლოპის ლივერპულია.

რა თქმა უნდა, ლივერპული იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ეს შეშლილი გერმანელი კაცი. ამასაც გადაიტანენ, ისევ იმღერებენ, ისევ ისე აღნიშნავენ გამარჯვებას, ისევ ერთად იქნებიან მარცხშიც. ენფილდის მაგია კლოპთან ერთად ნამდვილად არ დასრულდება, მაგრამ რაღაც ძალიან საინტერესოს მაინც დაესმება წერტილი.

ვინ იქნება შემდეგი?

განსაკუთრებით ორი კაცის გვარი ისმის, ძველი პარტნიორები მოედნის ცენტრში, – სტივენ ჯერარდი და ჩაბი ალონსო. ემოციურად ჯერარდს კონკურენტი არ ჰყავს, მთელმა მერსისაიდმა იცის, რომ ადრე თუ გვიან ლივერპულს ჩაიბარებს. ცხოვრებისეული კანონზომიერებაა.

პრაგმატულად კი ჩაბი ალონსო იდეალური კანდიდატია. ლევერკუზენს საოცარ ფეხბურთს ათამაშებს და ჩემპიონობისკენ მიჰყავს. ასრულებს ბაიერნის ყველაზე დიდ ეპოქას ევროპულ ფეხბურთში. ჯერ შორია, მაგრამ მთელი გერმანია ახლა ლევერკუზენს ქომაგობს, ბაიერნის გადამკიდე ბუნდესლიგა ლიტვის ჩემპიონატს დაემსგავსა.

მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ოღონდ ფარდის მიღმა. ჯერ ჭორების ტალღა წამოვა, მერე ფავორიტი დაწინაურდება, ბოლოსკენ კი გვეტყვიან სათქმელს. თუმცა, საერთოდ არ არის გამორიცხული სულ სხვა კაცი აღმოჩნდეს ლივერპულის თავკაცის სკამზე. ასეთებიც ხდება ხოლმე.

კლოპი საით?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გერმანია ითქვა. კლუბიც და ნაკრებიც. კლუბის შემთხვევაში ბაიერნია რადარზე. ახლა წარმოიდგინეთ, ლევერკუზენმა თუ ბუნდესლიგა მოიგო, როგორ უნდა დარჩნენ ბაიერნის ბოსები კმაყოფილნი, როცა წინა სეზონებში მოგების შემთხვევაშიც კი არ აკმაყოფილებდათ ყველაფერი.

თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. პრემიერლიგის გაავებული კონკურენციის მერე ბუნდესლიგაში დაბრუნება, კლოპისთვის, შესაძლოა, მოსაწყენი გამოდგეს. ჩაბი თუ დარჩა, მასთან კონკურენცია კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ წავიდა, კლოპი მოიწყენს.

ნაკრები კი სულ სხვა ამბავია. თუმცა, ხელისშემშლელი ფაქტორი აქაც არის. კლოპი ის კაცია, რომელიც ყოველდღიურად საქმეში ყოფნას არჩევს. რამდენიმე თვეში ერთხელ გუნდის შეკრება, მე მგონი რომ არ ზის მის ხასიათში.

სხვებს კი ნაკლები შანსი აქვთ. კლოპი ინგლისში არ დარჩება. იტალიაში მე პირადად ვერ წარმომიდგენია, ზედმეტად ქაოტურია ამ კაცისთვის. რეალს მწვრთნელი არ სჭირდება, ბარსელონას რა შანსები აქვს თავად განსაჯეთ. ისე კი კლოპს უყვარს ბარსა. ფეხბურთელებიც წაუყვანია კამპ-ნოუზე მათი მატჩის საყურებლად. ეს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გაირკვეოდა რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებოდნენ.

არც ის არის გამორიცხული გვარდიოლას მსგავსად პაუზა აიღოს. გახსოვთ ალბათ, ბარსადან წასულმა პეპმა თქვა ძალიან დავიღალეო და წავიდა ნიუ-იორკში.

წასვლამდე

ლივერპული პრემიერლიგის სათავეშია. ხუთი ქულით უსწრებს ასტონ ვილას, არსენალსა და მანჩესტერ სიტის. ოღონდ, სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ცუდი ამბავი ის არის რომ მო სალაჰმა ტრავმა მიიღო, ლივერპულისთვის რა ძალაა ყველას კარგად მოეხსენება.

სიტის დე ბრუინი დაუბრუნდა, ლივერპულმა სალაჰი დაკარგა. ვის რა შანსი აქვს ჩემპიონობაზე ყველამ თავად განსაჯოს.

ჩემპიონის რანგში წასვლა კი დიდებული ამბავი იქნებოდა. კლოპი ამას იმსახურებს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე