ისტორიული გამარჯვება – მაროკო ნახევარფინალშია

ისტორია დაწერილია, აფრიკის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. გაახსენდება ადამიანს ყველა ის ნაკრები, რომელიც შორს გასვლას ცდილობდა და ხელი მოეცარა, ვერც როჟე მილა მივიდა ნახევარფინალამდე, ვერც ნიგერიის ოქროს თაობა, ვერც სამუელ ეტო’ო, ვერც სენეგალი და ელჰაჯი დიუფი, ვერც განა გავიდა მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ტარდებოდა მუნდიალი, და აი, მოვიდა ეს დროც, აფრიკის წარმომადგენელი ფინალამდე ერთ ნაბიჯშია, მაროკომ პორტუგალია დაამარცხა.

ის რაც თავიდანვე გამოჩნდა

დიდი დილემა ჰქონდა პორტუგალიის ნაკრებს. მათი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოს ბედი უნდა გადაეწყვიტათ, რონალდუ პორტუგალიაში ღმერთია, მაგრამ ისიც კარგად შენიშნეს, რომ ეს ღმერთი დაბერდა, ფორმაში არ იყო, კარიერის ყველაზე ცუდი სეზონი დაიწყო, სკანდალებით და კონფლიქტებით დახუნძლული, ამას მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხმამაღალი განცხადებები და თანაგუნდელებთან უთანხმოება მოჰყვა, მერე უარყვეს, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ გამოჩნდა, რომ რაღაც აირია, დასალაგებლად კი ძალიან ცოტა დრო იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა ის, რასაც ჯერ კიდევ დასაწყისში ვარაუდობდნენ, – რონალდუ სკამზე გადასვეს. ეს იყო მთავარი კითხვა მაროკოსთან მატჩამდე, დაიწყებდა თუ არა რონალდუ ძირითადში? არ დაიწყო. პორტუგალია დამარცხდა. მეორე ტაიმში გამოვიდა, თუმცა, გოლის გატანა ვერ შეძლო. არადა, საოცარი თაობა ჰყავს პორტუგალიას, რონალდუს კი არ გაუმართლა, საუკეთესო ასაკში ვერ შეხვდა საუკეთესო ფორმაციის პორტუგალიას.

უნდა ითქვას, რომ სანტუშიც იმსახურებს კრიტიკას. ვერ შეძლო ამ ტანავარსკვლავედის კარგად გადანაწილება, ვერ გამოიყენა რაფა ლეაუ, მის ფორმაციაში დაკარგული იყო ბერნარდუ სილვა, მთელი აქცენტი ბრუნოზე იყო გადატანილი და სხვები ჩაიკარგნენ. პორტუგალიას ჰყავს ისეთი განაპირა მცველები, რომლებსაც პრეტენზია უნდა ჰქონოდათ ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრაზე, ამის ნაცვლად ჟოაუ კანსელო, რომელიც ბოლო 2-3 წელია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველია, სათადარიგოთა სკამზე ვნახეთ. ვერც იმას ვიტყვით, რომ საყრდენ ზონაში გააკეთა სწორი არჩევანი და ალბათ, პირველივე მატჩიდან სჯობდა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო – ენდობოდა თუ არა რონალდუს. შუა გზაში ცვლილებამ კარგი არაფერი მოიტანა.

ეს რონალდუს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მსოფლიო ჩემპიონატი მისი ტურნირი არ გამოდგა. საუკეთესო შედეგი პირველ მუნდიალზე ჰქონდა, ნახევარფინალში გავიდა და საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მაშინ ნაკრების ერთპიროვნული ლიდერი იყო. მას მერე, ერთმანეთზე უარესი შედეგები იყო, მსოფლიო ჩემპიონატი კი ის ტურნირია, რომელიც საფეხბურთო მემკვიდრეობაზე ძალიან დიდი კვალს ტოვებს.

მაროკო

ძალიან ხშირად ხდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აუტსაიდერი მაგრად გააგორებს და ნახევარფინალში ამოჰყოფს თავს. კატარის ჩემპიონატის აღმოჩენა უდავოდ მაროკოს ნაკრებია, ხორვატიისგან არ გვიკვირს, ვერცხლისმედალოსნები არიან, აქ უკვე ყოფილან, უფრო წინაც ყოფილან, ხორვატია გრანდია, უბრალოდ ისე არ ბრწყინავს, როგორც სხვები.

მაროკოს ნაკრები კი აღმოჩენაა და როგორც წესი, ეს აღმოჩენები ფინალამდე ვეღარ გადიან, თუმცა, იმედი და რწმენა ძალიან დიდია. ამ გუნდს ჰყავს ვარსკვლავები, ჰყავს ტოპ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები, როგორც გამოჩნდა ჰყავს კარგი მწვრთნელი და შეშლილი ფანები. პირველი შთაბეჭდილება რაც დარჩება ადამიანს, არის ის, რომ ძალიან ათლეტურები არიან, თითქოს საფრანგეთის ნაკრებს ვუყურებდეთ, ათლეტურობასთან ერთად ტექნიკური მონაცემების ასეთი სინთეზი ევროპაში საფრანგეთს, სამხრეთ ამერიკაში კი ბრაზილიას ახასიათებს, ახლა აფრიკაშიც შეგვიძლია ეს წერტილი მოვნიშნოთ.

“გუნდი აღმოჩენა” ნახევარფინალში, როგორც წესი, ერთ დიდ უპირატესობას კარგავს. დაუფასებლობით ვეღარ სარგებლობს, უკვე ყველა თანასწორად აღიქვამს, სრული კონცენტრაციით, ის, რაც ესპანეთსა და პორტუგალიას ცალკეულ მომენტებში შეეტყოთ, ნახევარფინალში აღარ განმეორდება. მაროკოს ზემოდან აღარავინ შეხედავს.

ერთი გოლის მატჩი

პორტუგალიამ მრავლად შექმნა მომენტები, თუმცა, გატანა ვერ შეძლო. განსაკუთრებით ახლოს იყო მიზანთან ბრუნო ფერნანდეში, ერთხელ ხარიხას მოარტყა, მეორედ სულ მცირე მანძილით ააცილა კარს. ჰქონდა კარგი მომენტი ჟოაუ ფელიქსს, მარცხენა ფეხით შორეულ მაღალ კუთხეში დაატრიალა და ბონომ იმარჯვა. მაროკოელთა მეკარე ძალიან კარგად გაისარჯა და დიდი წვლილიც შეიტანა გამარჯვებაში.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, ალაჰის ჩაწოდების შემდეგ ენ ნესირიმ მაღალ ნახტომში თავით დაარტყა და გამარჯვების გოლი შეაგდო. როგორც წესი, ასეთ ნახტომში რონალდუს გააქვს გოლები, ამ გოლს კი სათადარიგოდან მიადევნა თვალი.

ასე დასრულდა პორტუგალიის ოცნება, ასე გრძელდება მაროკოელთა ზღაპარი.

მაროკოს მეტოქე საფრანგეთსა და ინგლისს შორის ბრძოლაში გაირკვევა.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე