ფრედი მერკურის კატა, ირმის ნახტომის გალაქტიკაში

სანამ პორტუგალია – შვეიცარიის მატჩი დაიწყებოდა, ფეხბურთელებმა უკვე იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნებოდა. შვეიცარიას წესით მეტი მოტივაცია უნდა ჰქონოდა, მაროკომ აჩვენა, რომ ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია. დიდ ტურნირებზე ყოველთვის არის ერთი გუნდი, რომელიც შორს მიდის და მთავარი სენსაციის ავტორად გვევლინება. მიმდინარე ჩემპიონატზე ეს გუნდი მაროკოა, შვეიცარიამ კი ვერაფერი გააწყო.

თავის მხრივ, პორტუგალიამ უკვე იცოდა, რომ მეზობლებთან აღარ მოუწევდა თამაში, შესაძლოა რევანშის სურვილიც ჰქონდათ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მარცხის გამო, თუმცა, მაროკოს გასვლით არ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი, ფავორიტი პორტუგალიაა და რაც არ უნდა აქტიურად ცდილობდეს სანტუში მხოლოდ მომდევნო მეტოქეზე კონცენტრირებას, ცალი თვალი ყველას ნახევარფინალისკენ გაურბის. ალბათ, გულშემატკივართა მსგავსად აკეთებენ პროგნოზებს შესაძლო მეტოქეზე.

რონალდუ სკამზე

ფეხბურთელები გავიდნენ ეროვნული ჰიმნების შესასრულებლად, ფოტოგრაფების ყურადღება კი სათადარიგოთა სკამისკენ იყო მიმართული. არ აინტერესებდათ სასტარტო თერთმეტეული, რადგან სკამზე დასმული იმ ერთი კაცის სახელი უფრო დიდია, ვიდრე პორტუგალიის საფეხბურთო ისტორია. არ ვამეტებ, რონალდუმ დიდი ხანია უკან მოიტოვა როგორც ეუსებიოს, ისე ფიგუს მემკვიდრეობა, ყველაზე დიდი კაცია თავის ქვეყანაში, თავისი წარმოდგენით კი ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველაზე დიდია, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე კომფორტულად მოთავსდეს, მაგრამ ეგო სკამზე ვერ ეტევა. ამ დროს იწყება ხოლმე ხმაური, ებრძვის რონალდუ თავის ეგოს, როცა საქმე ნაკრებს ეხება, გინდა არ გინდა, უნდა მოარჯულო ეგ შინაგანი ხმა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ამბიციურია.

ასეთი დიდი ფიგურა, ამ ეტაპზე, სკამზე არასდროს დაუსვამთ, აბა, გავიხსენოთ, – კრუიფმა მხოლოდ ერთი მუნდიალი ითამაშა და თავიდან ბოლომდე იფრინა, სკამს ვინ აკადრებდა?! პელე თავის ბოლო მუნდიალზე საუკეთესო იყო ჟაირზინიოსთან ერთად, სკამზე საუბარიც კი არ ყოფილა. მარადონა თავის ბოლო მუნდიალზე გუნდის ლიდერი იყო, იქამდე სანამ ნარკოტესტზე ჩავარდებოდა, დიეგოს სკამზე დასმას ვერავინ გაუბედავდა, ეს იგივეა მთელი არგენტინისთვის გეთქვა, ადექით ახლა და სხვა მიწაზე გადასახლდითო. ზიდანის ბოლო ჩემპიონატი ყველას გვახსოვს, საუკეთესო მატჩები სწორედ პლეიოფებში აჩვენა. მესის კიდე ახლა ვუყურებთ, დასვენება თუ დასჭირდა მოედანზე ჩამოჯდება, სკამი არაფერში სჭირდება. აი ასე. რონალდუ ამათი რანგის ფეხბურთელია და პირველია ვინც გვერდზე გაწიეს. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფებს მისკენ ჰქონდათ მზერა, თითოეულს ესმოდა, რომ ეს მოვლენა ისტორიას დარჩება, თითოეულს სურდა, რომ სხვებზე უკეთესი ჟამთააღმწერელი ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე კარგი ფოტო მაინც ზედა ხედით გადაღებული გამოდგა, სადაც თავად ფოტოგრაფებმა გაამდიდრეს სურათი.

ქუჩაში მოსეირნე ჟღალი კატაც არაფერს ამბობს, მაგრამ ფრედი მერკურის უნებლიედ გამდიდრებული კატა, რომელსაც ირგვლივ ფოტოგრაფები ახვევია, – ისტორიის საკუთრებაა.

გონსალუ რამოსი

პორტუგალიას ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს მსოფლიო ჩემპიონატზე, ასე კარგად დაკომპლექტებული პორტუგალია ალბათ არც არავის ახსოვს, არც 1966 წელს იყო ასე დაბალანსებული, არც ოქროს თაობის დროს, რომელიც ვერ გამოდგა ოქროსი, ახალგაზრდულ ჩემპიონატებს თუ არ ჩავთვლით. ახლა ეს დროც მოვიდა, რონალდუს ამაშიც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, ვინ იცის მისი საუკეთესო წლების ჟამს რამდენად გაიზარდა პორტუგალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელთა რაოდენობა, რამდენმა აქცია გმირად, მისაბაძ მაგალითად, რამდენი აედევნა მის გზას, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, – ძალიან ბევრი. ჟოაუ ფელიქსი, რაფაელ ლეაუ და სხვა ახალგაზრდები ამის შედეგად მივიღეთ, ოქროს თაობას ყოველთვის აქვს რაღაც მამოძრავებელი, საწყისი წერტილი, ამ შემთხვევაში ეს თავად კრიშტიანუა, იმ ეპოქის წარმოქმნის საწყის წერტილად იქცა, რომელშიც ახლა თავადვე გადის უკანასკნელ ნაბიჯებს.

იმავე ლოგიკის შედეგია გონსალუ რამოსიც, აბა, თავად განსაჯეთ, როცა რონალდუმ პირველად მოიგო ოქროს ბურთი, გონსალუ 7 წლის ბავშვი იყო, ალბათ ტელევიზორთან იჯდა და მთელ ოჯახთან ერთად ზეიმობდა კრიშტიანუს წარმატებას. მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ამ კაცს უყურებდა და მის ყურებაში ისახავდა საფეხბურთო მიზნებს, მერე ისე მოხდა რომ მასთან ერთად აღმოჩნდა ნაკრებში, მერე მისი ადგილი დაიკავა მერვედფინალურ მატჩში, უკვე თავისივე გმირი აქცია მაყურებლად და მის თვალწინ შეასრულა ჰეთთრიქი.

წინ კიდევ დიდი გზაა, ვინმეს, შესაძლოა მოკლედაც მოეჩვენოს, სულ რაღაც სამ მატჩის მოგებით ჩემპიონი ხდები, მაგრამ ეს სამი მატჩი მთელი სეზონის ძალისხმევაზე მეტს მოითხოვს, ეს სამი მატჩი ყველაზე დიდი გზაა საფეხბურთო სამყაროში.

ვინ გაივლის ამ გზაზე, და ვინ იქნება სკამზე ჩამომჯდარი მაყურებელი? – ეს არის კითხვა, რომელიც ახლა მთელ პორტუგალიას და საფეხბურთო სამყაროს აწუხებს.

დამაჯერებელი გამარჯვება

პორტუგალია ბრაზილიას არ ჩამორჩა, აღემატა კიდეც, 6:1 მოიგო, ბრაზილია მეორე ტაიმში გაჩერდა, დაისვენა, პორტუგალია კი ბოლო წამამდე არ გაჩერებულა, რადგან აბსოლუტურად ყველა ჯერ კიდევ იბრძვის ძირითადისთვის. ბრაზილიას ზუსტად აქვს განსაზღვრული ვინ ითამაშებს და რამდენს, პორტუგალიაში ასე არ არის.

ანგარიში რამოსმა გახსნა, მარცხენა ფეხით, მეკარისაგან ახლო მაღალ კუთხეში, ძლიერი დარტყმით, ლამაზი გოლი გამოვიდა. მეორე პეპემ შეაგდო და ყველაზე ხანდაზმული კაცი გახდა, ვისაც მუნდიალზე გაუტანია, 39 წლის გახლავთ, დრო იყო ამ რეკორდის მოსახსნელად, ჩვენს დროში სპორტული აქტივობის ასაკი წარმოუდგენლად გაზრდილია, ოქროს ბურთსაც ვეტერანები იგებენ და ეს რეკორდიც ახლა უნდა მოხსნილიყო.

მეორე ტაიმშიც რამოსმა განაგრძო შვეიცარიის რბევა, ამჯერად დასწრებაზე ითამაშა, შემდეგ საგოლე პასიც მიითვალა, გერეირომ ანგარიში 4:0 გახადა. კარგად ჩაერთო შეტევაში და ლამაზი გოლიც შეაგდო.

რამოსმა ჰეთთრიქი შეასრულა, მარჯვენა ფეხით გაიტანა, რბილი შეხებით გადაავლო ფეხებში ჩავარდნილ მეკარეს. წერტილი კი ლეაუმ დასვა, ულამაზესი დარტყმით, მეკარისგან შორეულ კუთხეში. ყოველთვის კარგად შემოდის, ლეაუ გადანახული იარაღია, მაგრამ ბევრს დააფიქრებს, იქნებ სჯობდეს, რომ ერთი მატჩი მაინც ძირითადში დაიწყოს?! არავის არაფრით არ ჩამორჩება.

შვეიცარიამ მხოლოდ პრესტიჟის გოლის შეგდება შეძლო და ჩემპიონატს დაემშვიდობა.

პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება, მათი გამარჯვებული კი ინგლისი-საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე